ყველას სურს სახის ლამაზი და ჯანმრთელი კანი ჰქონდეს. თუმცა, თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ჰაერის დაბინძურებამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია, საკვები პროდუქტები კი სხვადასხვა ქიმიური სასუქებითაა გაჯერებული, კანთან დაკავშირებული პრობლემები სულ უფრო მეტ ადამიანს აწუხებს.
საპასუხოდ იზრდება სილამაზის ინდუსტრია. ყოველწლიურად, მსოფლიოს უმსხვილესი ბრენდები, კანის მოვლის და დეფექტების დაფარვის უამრავ ახალ საშუალებას გვთავაზობენ. ჩვენც ვცდილობთ სხვადასხვა საშუალება მოვსინჯოთ და სახის გამონაყარით, ლაქებითა თუ ნაოჭებით სავსე კანი კარგად შევნიღბოთ. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალება – ტონალური კრემი, პუდრა თუ სხვა, უფრო მეტად აღიზიანებს სახის კანს და სათანადო დაფარვასაც ვერ უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, კანზე ასეთი ზრუნვაც აუცილებელია, თუმცა, იმისთვის, რომ სახის ახალგაზრდა და ჯანმრთელი კანი გვქონდეს, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ვიკვებებით.
შემოგთავაზებთ მსოფლიოში აღიარებული ექსპერტების რჩევებს:
შეამცირეთ მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვების მიღება. მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონედ ითვლება საკვები, რომლის მიღების შემდეგ სისხლში შაქრის დონე სწრაფად იმატებს. შაქრის მატებასთან ერთად იმატებს ინსულინის დონე და იწყება ანთებითი პროცესები. გარკვეული ჰორმონების დონის მატებასთან ერთად ასევე აქტიურდება კანის ცხიმოვანი ჯირკვლები, რაც აკნეს წარმოშობას უწყობს ხელს. მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონედ ითვლება საკვები, რომლის ინდექსი აღემატება 70-ს: თეთრი პური, თეთრი ფქვილისგან დამზადებული დესერტები, კარტოფილი, თეთრი ბრინჯი, ლუდი, სახამებელი, გაზიანი სასმელები. იგივე მიზეზის გამო არ უნდა მივიღოთ რაფინირებული შაქარი.
მიიღეთ ანტიოქსიდანტი ვიტამინებით მდიდარი საკვები. ისინი ორგანიზმს ისეთი მავნე მოლეკულებისგან ასუფთავებენ, როგორებიცაა, მაგალითად თავისუფალი რადიკალები. ასეთი ვიტამინებია:
C ვიტამინი. წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს. იგი სწრაფად აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს, აუმჯობესებს კანის ელასტიურობას და ებრძვის დაბერების პროცესს იმით, რომ აქტიურ როლს თამაშობს კოლაგენის სინთეზში. გარდა ამისა, იგი დაგეხმარებათ აკნეს წინააღმდეგ ბრძოლაში. C ვიტამინით მდიდარია კენკროვანი ხილი, ბროკოლი, კივი, ციტრუსები, ტკბილი კარტოფილი.
E ვიტამინი. იცავს კანის უჯრედებს დაზიანებისგან და აჩქარებს რეგენერაციის პროცესს. E ვიტამინით განსაკუთრებით მდიდარია ავოკადო, ისპანახი, სხვადასხვა თხილეული და თესლი.
A ვიტამინი. ასევე წარმოადგენს ანტიოქსიდანტს. A ვიტამინის მიღების გარეშე შესაძლოა კანი გამოშრეს. A ვიტამინით მდიდარი საკვებია: ტკბილი კარტოფილი, სალათის ფურცელი, სტაფილო, ისპანახი, ტკბილი წიწაკა, ბროკოლი, გრეიფრუტი, გარგარის ჩირი, მანგო.
მიიღეთ ომეგა 3. თუ თქვენს საკვებ რაციონს ომეგა 3 ცხიმებით გაამდიდრებთ, ეს აუცილებლად იმოქმედებს კანის ჯანმრთელობაზე. სხვადასხვა კვლევაზე დაყრდნობით, ომეგა 3-ის მიღება დააჩქარებს ჭრილობების მოშუშებას, დაგიცავთ ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული დაზიანებებისგან, ხელს შეუშლის აკნეს წარმოქმნას ან შეამსუბუქებს უკვე არსებულს. ომეგა 3-ით მდიდარი საკვებია: ზღვის პროდუქტები, ნიორი, ჩიას და სელის თესლი, ნიგოზი, სოიო.
არ დაგავიწყდეთ წყლის დალევა! კანი რომ ელასტიური იყოს, აუცილებელია მისი დატენიანება. არ იგულისხმება მხოლოდ დამატენიანებლის სახის კანზე წასმა. გახსოვდეთ, რომ ორგანიზმის მცირედი დეჰიდრატაციაც კი თქვენს სახის კანზე აისახება და იგი გამომშრალი და უსიცოცხლო ხდება. ამიტომ უნდა მიიღოთ ბევრი წყალი. დალევა რომ არ დაგავიწყდეთ, შეგიძლიათ წყალი ბოთლში ჩაასხათ და ისეთ ადგილას დადგათ, რომ ხშირად მოხვდეს თქვენი მზერის არეში.
დააკვირდით საკვებზე საკუთარი ორგანიზმის რეაქციას.დააკვირდით, რომელიმე საკვები ხომ არ გიღიზიანებთ სახის კანს? ზოგისთვის ეს შეიძლება თხილეული იყოს, ზოგისთვის რძის ნაწარმი, ზოგისთვის სხვა რამ. მაგალითად, ჩემ შემთხვევაში ასეთი პროდუქტი ხორცი აღმოჩნდა. წლების განმავლობაში სხვადასხვა მეთოდით უშედეგოდ ვებრძოდი აკნეს. სანამ ერთმა დერმატოლოგმა მირჩია საკვები რაციონიდან ხორცი ამომეღო. თუმცა, არ დავუჯერე – ვერ მივხვდი ერთმანეთთან რა კავშირშია ხორცი და აკნე. რამდენიმე წლის შემდეგ, სრულიად განსხვავებული მიზეზების გამო, ხორცის მიღება შევწყვიტე, რის შემდეგადაც, ჩემდა გასაოცრად, აკნეს პრობლემაც სამუდამოდ გადაიჭრა. მხოლოდ ამის შემდეგ დავინტერესდი და ბევრი რამ წავიკითხე ხორცის და აკნეს ურთიერთკავშირზე. საქმე ისაა, რომ ხორცი შეიცავს B12 ვიტამინს, რომლის გადაჭარბებული მიღება აკნეს მდგომარეობას ართულებს. ასე რომ, თუ აკნე გაწუხებთ, შეგიძლიათ მინიმუმ 3 კვირით ამოიღოთ ხორცი თქვენი რაციონიდან და ნახოთ ეს რა შედეგს მოგიტანთ.
ზოგადად, კანის სილამაზის ყველასთვის ერთი მზა ფორმულა არ არსებობს – ყველას ორგანიზმი ინდივიდუალურია. რამდენიმე კვირის განმავლობაში სხვადასხვა საკვების რაციონში შეტანით ან ამოღებით იექსპერიმენტეთ, რათა შედეგები დაინახოთ.
ეძიეთ და აუცილებლად იპოვით თქვენს ორგანიზმზე მორგებულ ფორმულას.