დღეს მსოფლიოში, ჭარბწონიანობის პრობლემა 2 მილიარდამდე ადამიანს აწუხებს. თუმცა, ზოგიერთს ნორმაზე დაბალი წონა აქვს და 1 კგ-ის მომატებაც მათთვის სერიოზულ სირთულეს წარმოადგენს. მითუმეტეს, თუ წონის მომატება ჯანსაღი კვებით და არა „ჯანქ ფუდის“ მიღების გზით სურთ.
რა გზებს უნდა მიმართოთ იმისთვის, რომ წონა ჯანსაღად მოიმატოთ?
მიიღეთ მეტი კალორია, ვიდრე წვავთ. წონის მატებისთვის აუცილებელი პირობაა ყოველდღიურად იმაზე მეტი კალორია მიიღოთ, ვიდრე წვავთ. შესაბამისად, რაც მეტია თქვენი ფიზიკური აქტივობა, მით მეტი კალორიის მიღება გჭირდებათ.
მიიღეთ ჯანსაღი საკვები. იმისთვის, რომ წონა თქვენი ჯანმრთელობისთვის ზიანის გარეშე მოიმატოთ, საჭიროა მიირთვათ ჯანსაღი საკვები. მართალია, ბურგერები, კარტოფილი ფრი და მსგავსი საკვები საკმაოდ კალორიულია, მაგრამ ისინი დიდი რაოდენობით შაქარს, მარილს და გაჯერებულ ცხიმებს შეიცავენ. უკეთესია მიიღოთ კალორიებით მდიდარი პროდუქტები: პარკოსნები, ბურღულეული, კარტოფილი, ბრინჯი, პური, ჩირი, ავოკადო, თევზი, თხილეული, თხილის კარაქი, რძე, ყველი, პასტა, ორგანული ზეთი, სხვადასხვა თესლი… რა თქმა უნდა, ხილის და ბოსტნეულის მიღება არ უნდა დაივიწყოთ, რადგან ისინი თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელ მიკრო ნუტრიენტებს შეიცავენ. თუმცა, პრიორიტეტი მაღალკალორიულ საკვებს მიანიჭეთ.
იკვებეთ უფრო ხშირად. იკვებეთ დღეში მინიმუმ 3-ჯერ. თითოეულ ჯერზე მიიღეთ დიდი რაოდენობით ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. თუ ძალიან დიდი ულუფების მიღება არც ისე სასიამოვნოდ გეჩვენებათ, იკვებეთ უფრო ხშირად (5-6ჯერ), რათა კალორიების საკმარისი რაოდენობა მიიღოთ. მოერიდეთ ინტერვალურ შიმშილს. წახემსების დროსაც კალორიებით მდიდარი საკვები და სასმელი მიიღეთ. მაგალითად, მაღალკალორიული სმუზი, ბანანი, ტოსტი მიწისთხილის კარაქით, რძე (შეიცავს როგორც ცილებს, ასევე ცხიმებსა და ნახშირწყლებს), მაფინი და სხვა.
ეტაპობრივად გაზარდეთ ულუფა. ერთბაშად ძალიან დიდ ულუფებზე გადასვლის ნაცვლად, ეტაპობრივად, ნელ-ნელა გაზარდეთ ულუფა. ამგვარად თქვენი ორგანიზმი მიეჩვევა საკვების ახალ ოდენობას. რამდენიმე კვირაში შეამჩნევთ, რომ ძალდატანების გარეშე ბევრად მეტს ჭამთ, ვიდრე ადრე.
ძალისმიერი ვარჯიში. წონის მომატებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ვარჯიშია. ეცადეთ ვარჯიშები ძალისმიერი იყოს, მაგალითად – სიმძიმეების აწევა (რა თქმა უნდა, თუ ხერხემლის პრობლემები არ გაწუხებთ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ისეთი ძალისმიერი ვარჯიშები აკეთოთ, რომლებიც სიმძიმის აწევას არ მოითხოვენ). ვარჯიში, ცხიმების დაგროვების ნაცვლად, კუნთოვანი მასის მომატებაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ კარდიო ვარჯიშებს, რათა არ დაწვათ მიღებული კალორიები. ფიტნესის ექსპერტები გვირჩევენ, რომ წონის მომატებისთვის ვივარჯიშოთ დიდი სიმძიმეებით და ვაკეთოთ ვარჯიშების ნაკლები განმეორებები („მისვლები“). მნიშვნელოვანია ვარჯიშის შემდეგ დიდი რაოდენობით ცილები მიიღოთ. მაგალითად – პარკოსნები, ტოფუ, მიწისთხილის კარაქი და ა.შ. კარგია, თუ ცილებსაც მიიღებთ და ნახშირწყლებსაც.
გახსოვდეთ, რომ წონის ჯანსაღად მატება, ისევე როგორც კლება, ერთ დღეში არ ხდება. ამიტომა მნიშვნელოვანია მოთმინებით აღიჭურვოთ და ეს რჩევები გარკვეული პერიოდის მანძილზე სისტემატურად შეასრულოთ.