ავოკადო - უბრალოდ ხილი თუ სუპერსაკვები?
3 წუთიანი საკითხავი
ავოკადო - უბრალოდ ხილი თუ სუპერსაკვები?

ავოკადო კრემისებური ტექსტურის ხილია, რომელიც ტროპიკულ ქვეყნებში იზრდება. ავოკადოს წარმოშობის ადგილად მექსიკა და ცენტრალური ამერიკა მიიჩნევა. ამ რეგიონების აბორიგენულ მოსახლეობას ეს ხილი დაახლოებით 10 000 წლის მანძილზე მოჰყავდა. აცტეკების ტომებში ის სიყვარულის და ნაყოფიერების სიმბოლოდ მიიჩნეოდა, რადგან მას არ შეუძლია თვითდამტვერვა და ხეზე წყვილ-წყვილად იზრდება. ავოკადოს მირთმევა ერთ დროს ფუფუნების საგნად მიიჩნეოდა და ეს მხოლოდ სამეფო გვარის წარმომადგენლებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ზოგიერთ ქვეყანაში ავოკადოს „ალიგატორის მსხალს“ უწოდებენ, ხილის კანის ფერიდან და სტრუქტურიდან გამომდინარე. თუმცა, მსოფლიოში დაახლოებით 1000-ზე მეტი სახეობის ავოკადო არსებობს და ბევრი მათგანი ფორმით, ზომითა და შეფერილობით განსხვავდება ერთმანეთისგან.

რაც შეეხება ავოკადოს კვებით ღირებულებას, ის კვების ექსპერტების მიერ სამართლიანად არის მიჩნეული სუპერსაკვებად. 100 გ ავოკადო შეიცავს:

 

კალორია 160
ცხიმი 14.7 გ
უჯრედისი 6.7 გ
ცილა 2.7 გ
შაქარი 0.7 გ
ნახშირწყლები 8.5 გ
ფოლიუმი დღიური ნორმის 20%
C ვიტამინი დღიური ნორმის 17%
K ვიტამინი დღიური ნორმის 26%
B5 ვიტამინი დღიური ნორმის 14%
B6 ვიტამინი დღიური ნორმის 13%
E ვიტამინი დღიური ნორმის 10%
კალიუმი დღიური ნორმის 14%

როგორც ხედავთ, ავოკადო საკმაოდ მაღალკალორიული ხილია და ამ კალორიების დაახლოებით 77% ცხიმებიდან მოდის. თუმცა ავოკადოს ცხიმიანობის არ უნდა შეგეშინდეთ, რადგან ეს ცხიმი ე.წ. “MUFA”-ს ანუ ჯანსაღ, მონოუჯერ ცხიმს წარმოადგენს. უფრო მეტიც, ავოკადო ერთადერთი ხილია, რომელიც მონოუჯერ ცხიმების მნიშვნელოვან რაოდენობას შეიცავს. გარდა ამისა, ეს ხილი ძალიან მდიდარია ნუტრიენტებით. ის 20-მდე დასახელების ვიტამინსა და მინერალს შეიცავს. ავოკადო  C, E, K, B6, B2 ვიტამინების, ნიაცინის, კალციუმის პანტოთენატის, ფოლიუმის, მაგნიუმის, კალიუმის, ლუტეინის, ბეტა კაროტინის და ომეგა 3 ცხიმების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

ვნახოთ ავოკადოს სასარგებლო თვისებები და ბენეფიტები ჯანმრთელობისთვის:

სასარგებლოა გულის ჯანმრთელობისთვის – ავოკადოში შემავალი მონოუჯერი ცხიმები ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას, მაღალი არტერიული წნევისა და ორგანიზმში ქოლესტერინის დონის რეგულირებას.

მდიდარია უჯრედისით – როგორც ცხრილში ხედავთ, 100 გ ავოკადო თითქმის 7 გ უჯრედისს შეიცავს, რაც სხვა საკვებში უჯრედისის შემცველობასთან შედარებით, საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად მიიჩნევა და დღიური ნორმის 27%-ს შეადგენს. უჯრედისი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის მეტაბოლურ აქტივობასა და ჯანსაღი წონის შენარჩუნებაში. გარდა ამისა, უჯრედისის საკმარისი რაოდენობით მიღება პირდაპირ კავშირშია ქრონიკული დაავადებების რისკის პრევენციასთან.

ხელს უწყობს თვალის ჯანმრთელობის შენარჩუნებას – ავოკადო შეიცავს E ვიტამინსა და ანტიოქსიდანტებს – ლუტეინსა და ზეაქსანტინს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თვალის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ეს ანტიოქსიდანტები პირდაპირ კავშირშია კატარაქტისა და მაკულარული დეგენერაციის რისკის მნიშვნელოვან კლებასთან.

მნიშვნელოვანია ოსტეოპოროზის პრევენციისთვის – 100 გ ავოკადო K ვიტამინის დღიური ნორმის 26%-ს შეიცავს. ეს ნუტრიენტი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ის ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ კალციუმის შეთვისებას და ამცირების კალციუმის გამოყოფას შარდში.

სასარგებლოა ორსულებისთვის – 100 გ ავოკადო ფოლიუმის დღიური ნორმის 20%-ს შეიცავს. ფოლიუმის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსული ქალებისთვის, რადგან ის ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების განვითარების რისკს ამცირებს.

ავოკადოს მომზადების ყველაზე მარტივი გზაა, ჩააჭრათ ხილის ნაჭრები სალათში ან დასრისოთ ის და გამოიყენოთ, როგორც სპრედი ტოსტისთვის.

გამოქვეყნების თარიღი: 24 მაისი, 2021წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები