იმუნური სისტემის მნიშვნელობა ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. კოვიდ-პანდემიამ თვალნათლივ დაგვანახა ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ქრონიკული დაავადებების პრევენციის აუცილებლობა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ იმუნურ სისტემაზე ყოველდღიურად, ნებისმიერი სეზონზე უნდა ვიზრუნოთ. ხშირად ჯანმრთელად და მხნედ ყოფნას ნაკლებად ვაფასებთ, სანამ თუნდაც მსუბუქი გაციება არ შეგვაწუხებს. რადგან ზამთრის პერიოდი ვირუსების სეზონს უკავშირდება, ამ დროის დადგომისთვის შეგვიძლია წინასწარ მოვემზადოთ.
ყოველდღიური ცხოვრების წესს უდიდესი გავლენა აქვს ძლიერი და მდგრადი იმუნიტეტის ჩამოყალიბებაზე. ნუტრიენტებით მდიდარი რაციონი, ფიზიკური აქტივობა, ძილი და სტრესის კონტროლი - ეს სწორად იმ კომპონენტების ჩამონათვალია, რომლებიც კრიტიკულ როლს თამაშობენ ჯანსაღი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებაში. გვახსოვდეს, რომ იმუნურ სისტემაზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიური რეჟიმის ნაწილია.
ნუტრიენტებით მდიდარი რაციონი
ზამთრის პერიოდში C და D ვიტამინებით, ცინკითა და რკინით მდიდარი საკვების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თითოეული მათგანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნიტეტის გაძლიერებაში.
C ვიტამინი - ეხმარება ორგანიზს გააქტიუროს ანტისხეულების მოქმედება, რომლებიც ორგანიზმს ვირუსებისგან იცავს. გარდა ამისა C ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია და ისეთი ნუტრიენტების ეფექტურ შესათვისებაშიც გვეხმარება, როგორიცაა რკინა და ცინკი. C ვიტამინის მდიდარი წყაროა ციტრუსი, კენკრა, კივი, ტკბილი წიწაკა, ბროკოლი, მწვანილი და მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული.
D ვიტამინი - ცივი სეზონის დადგომასთან ერთად ამ ვიტამინის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. D ვიტამინი აუცილებელია, როგორც ძვლების სიმტკიცისთვის, ასევე იმუნური უჯრედების მოქმედებისა და მენტალური ჯანმრთელობისთვის. D ვიტამინის მთავარი წყარო მზეა. გარკვეული რაოდენობით გვხვდება კვერცხში, ფორთიფიცირებულ პროდუქტებში (მაგ. D ვიტამინით გაჯერებული რძე), სოკოსა და ცხიმიან თევზში, თუმცა ხშირად, სპეციალისტის რეკომენდაციით, საჭიროა მისი დანამატის სახით მიღება.
ცინკი - ეს მინერალი აქტიურადაა ჩართული ზრდისა და გავნითარების პროცესში. განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს ქსოვილების აღდგენაში, იმუნური უჯრედების სტიმულაციასა და ანთებითი პროცესის შემცირებაში. ცინკით მდიდარია საქონლის და ქათმის ხორცი, გოგრის თესლი, თხილეული, ოსპი.
რკინა - ყველაზე მთავარი მინერალია ჰემოგლობინის ჩამოყალიბებასა და, შედეგად, ორგანიზმში ჟანგბადის ტრანსპორტირებაზე. რკინის ნაკლებობა მსოფლიოში ნომერ პირველი დეფიციტია, რომელიც ასევე იმუნური სისტემის რეაქციის უნარის დაქვეითებას უკავშირდება. ამიტომ რკინით მდიდარი საკვების ჩართვა რაცნიონში უმნიშვნელოვანესია. ესენია: საქონლის ხორცი, ღვიძლი, პარკოსნები, ქინუა, ჩირეული.
ფიზიკუტი აქტივობა
ვარჯიში რომ სასარგებლოა ამ ფაქტზე ყველა ვთანხმდებით, თუმცა, იშვიათად ვახსენებთ მის კრიტიკულ გავლენას იმუნიტეტზე. ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა სწორედ ის არის, რაც ჩვენს ორგანიზმს იმუნური სისტემის მობილიზებისთვის სჭირდება. ფიზიკური აქტივობა მრავალნაირი შეიძლება იყოს. ტონუსის შესანარჩუნებლად საუკეთესოა აღმოვჩინოთ იმ ტიპის ვარჯიში, რომელიც ჩვენთვის სასიამოვნოა და ყოველდღიურ რეჟიმში შევძლებთ მის დამკვიდრებას. ეს შეიძლება იყოს ფეხით სიარული, კარდიო თუ წონებით ვარჯიში, ასევე, უფრო სახალისო, ცეკვა, ან აერობიკის კლასები. განსაკუთრებით, მათ, ვისაც ოფისში უწევს დიდი დროის გატარება, უმნიშვნელოვანესია თუნდაც შესვენებაზე ფეხით გასეირნება. ასეთი პატარა აქტივობებიც კი დიდი შედეგის მომტანი და მნიშვნელოვანია იმუნიტეტის გაძლიერებისთვის.
ძილი და დასვენება
დასვენება და ძილი ძლიერი იმუნიტეტის საიდუმლოა. ძილის დროს ორგანიზმში წარმოიქმნება სპეციალური ცილა - ციტოკინები, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ანთებითი პროცესების შემცირებაში. სამწუხაროდ, თანამედროვე ცხოვრების წესი და დატვირთული სამუშაო გრაფიკი ხშირად საკმარის დასვენებას გამორიცხავს, რაც როგორც განწყობის გაუარესებას, ასევე ჯანმრთელობის სხვა პრობლემებსაც უკავშირდება.
დღე-ღამეში 7-9 საათი ძილი ზრდასრული ადამიანისთვის აუცილებელია, რაც, თავის მხრივ, ძლიერი იმუნიტეტის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ დასვენება და ძილი ენერგიულობის, პროდუქტიულობის და კარგი განწყობის აუცილებელი კომპონენტია.
სტრესის კონტროლი
სამწუხაროდ, სტრესი ჩვენი ცხოვრების ნაწილია და ხშირად მისი შემცირება არ შეგვიძლია. თუმცა, შესაძლებელია სხვადასხვა ტექნიკებისა და მეთოდების გამოყენება, რომ უკეთ შევძლოთ სტრესთან გამკლავება. სტრესი ნეგატიურ გავლენას ახდეს ჩვენს იმუნურ სისტემაზე. სტრესის შედეგად მცირდება ორგანიზმში ლიმფოციტების რაოდენობა, რომელთა მოვალეობა ინფექციებთან და ვირუსებთან გამკლავებაა. ნერვიულობა და ქრონიკული შფოთვა ხელს უწყობს ანთებითი პროცესების წარმოშობას ორგანიზმში, ამიტომ აუცილებელია მაქსიმალურად შევამციროთ სტრესი ჩვენს ყოველდღიურობაში. სტრესთან გამკლავებაში დაგვეხმარება ფიზიკური აქტივობა, მედიტაცია, ფიქრების დაწერა, მეტი დროის გატარება საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, საკმარისი ძილი, სუნთქვის ტექნიკები და, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტთან დროული ვიზიტი.