რა დრო უნდა გაატარონ ბავშვებმა ეკრანთან?
3 წუთიანი საკითხავი
რა დრო უნდა გაატარონ ბავშვებმა ეკრანთან?

ტექნოლოგიები და გაჯეტები არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, რომ ტექნოლოგიებთან ურთიერთობა ბავშვის განვითარებისათვის აუცილებელია. ამის მიუხედავად, მათ აღელვებთ ეკრანებთან გატარებული დროის გავლენა ბავშვის მენტალურსა და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

ცხადია, რომ ბავშვებისთვის გაჯეტების აკრძალვა გამოსავალი არ არის, მაგრამ რა დრო უნდა გაატაროს ბავშვმა ეკრანთან? ამ კითხვას არა მხოლოდ მშობლები, არამედ ფსიქოლოგები და ექიმებიც სვამენ. განსაკუთრებით დღეს, როდესაც პანდემიის პირობებში, ეკრანთან გატარებული დრო საგრძნობლად გაიზარდა. რა დროს ატარებენ ბავშვები ეკრანთან, რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას და როგორ შევამციროთ გაჯეტების გამოყენების დრო ისე, რომ ბავშვებს არ ავუკრძალოთ ტექნოლოგიებთან ურთიერთობა? ამ სტატიაში სწორედ ამ კითხვებს ვუპასუხებთ.

რა დროს ატარებენ ბავშვები ეკრანებთან? 

ბავშვებისა და მოზარდების ონლაინ სივრცეში სოციალური აქტივობის მონიტორინგის პროგრამა Bosco-ს თანახმად, თებერვლის ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში სმარტფონის გამოყენების საშუალო დრო დღეში 4 საათი და 30 წუთი იყო. სკოლების დახურვის შემდეგ ეს დრო 8 საათსა და 40 წუთამდე გაიზარდა.

ბავშვების მიერ გაჯეტების აქტიურად გამოყენება ორი ძირითადი მიზეზით აიხსნება. გამოკითხვაში მონაწილე მშობლების 35%-ის განცხადებით, ისინი გაჯეტებს ბავშვების გასართობად იყენებენ,  სანამ თავად სამსახურის ან სახლის საქმეებით არიან დაკავებულნი. ხოლო მშობლების 23%-ის თქმით, შვილებს უფლებას აძლევენ აქტიურად გამოიყენონ გაჯეტები, რათა უფრო მეტად დაინტერესდნენ ტექნოლოგიებით.

ეკრანთან დიდი დროის გატარების მიზეზი მხოლოდ პანდემია არ არის. 2015 წელს ბრიტანეთში 2-12 წლამდე ბავშვების დედები გამოკითხეს, რომელთა 85%-მა აღნიშნა, რომ ისინი გაჯეტებს ბავშების გასაჩუმებლად ან დასაწყნარებლად იყენებენ, სანამ თავად სხვა საქმიანობით არიან დაკავებულნი.

გაჯეტები ამ მხრივ მართლაც მოსახერხებელია. გასაგებია იმის სურვილიც, რომ ბავშვები ტექნოლოგიებით დაინტერესდნენ. თუმცა ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ეკრანთან გატარებულ დროს ბავშვების განვითარებასა და ჯანმრთელობაზე.

რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ბავშვებზე ეკრანთან დიდი დროის გატარებას? 

ბრიტანული ფსიქოლოგიური საზოგადოების განცხადებით, ეკრანთან დიდი დროის გატარებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მცირეწლოვანი ბავშვების ჯერ კიდევ განვითარებად ტვინს. გაჯეტების ხანგრძლივი გამოყენებით შესაძლოა დაზიანდეს ბავშვის კონცენტრაციის, ფოკუსირებისა და ყურადღების უნარი, ასევე სხვა ადამიანების დამოკიდებულებების აღქმა, მათთან კომუნიკაცია და ლექსიკის მარაგის ათვისება.

ეკრანთან დიდი დროის გატარებამ შესაძლოა გამოიწვიოს:

* ძილის პრობლემები

* ნაკლები დროის გატარება ოჯახსა და მეგობრებთან

* არასაკმარისი ფიზიკური და გარე აქტივობა

* განწყობის ცვალებადობა

* წონის პრობლემები

* საკუთარ თავთან და სხეულთან დაკავშირებული უარყოფითი დამოკიდებულებები და პრობლემები

* რაიმეს გამოტოვების შიში (FOMO-Fear of missing out)

* ნაკლები დრო სწავლისა და კითხვისთვის

* ნაკლები დრო დასვენების, რელაქსაციისა და გართობის სხვა ხერხებისთვის.

როგორ განვსაზღვროთდიდ დროს ატარებს თუ არა ბავშვი ეკრანთან? 

ის, რომ ეკრანთან დიდი დროის გატარება უარყოფითად აისახება ბავშვებზე, არ ნიშნავს იმას, რომ მათ გაჯეტების გამოყენება საერთოდ ავუკრძალოთ. თუმცა აუცილებელია, რომ ტელევიზორი, სათამაშო კონსოლი, სმარტფონი თუ კომპიუტერი ბავშვის დაბალანსებული ცხოვრების ნაწილი იყოს.

ამისთვის ორ რამეში უნდა დავრწმუნდეთ:

1. ბავშვები სიამოვნებით არიან ჩართულნი სხვადასხვა აქტივობაში – როგორც ეკრანებთან, ისე მათ გარეშე – მათ შორის ფიზიკურ აქტივობებში, კითხვაში, შემოქმედებით თამაშებსა და ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დროის გატარებაში.

2. როდესაც ბავშვები იყენებენ გაჯეტებს, ისინი უყურებენ და მოიხმარენ ხარისხიანი შინაარსის კონტენტს.

ამის დასადგენად ქვემოთ მოცემული კითხვარი დაგეხმარებათ.

თქვენს ბავშვს:

* საკმარისად სძინავს

* ფიზიკურად აქტიურია

* ჩართულია სასკოლო აქტივობებში

* სოციალური კავშირი აქვს ოჯახთან და მეგობრებთან (რეალურსა და ონლაინ სივრცეში)

* აქვს სხვადასხვა ჰობი და ინტერესი

* გაჯეტების გამოყენების დროს ერთობა და სწავლობს

* იყენებს ხარისხიანი შინაარსის კონტენტს

თუ ამ მოცემულობებიდან უმრავლესობას ეთანხმებით, მაშინ სავარაუდოა, რომ გაჯეტები თქვენი შვილის დაბალანსებული ცხოვრების ნაწილია. სხვა შემთხვევაში კი უმჯობესია, დაეხმაროთ ბავშვს შეამციროს ეკრანთან გატარებული დრო და ის სხვა აქტივობებით ჩაანაცვლოს.

რა დრო უნდა გაატარონ ბავშვებმა ეკრანთან?

კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, დოქტორი ლარი როზენი, ამბობს, რომ უფრო მნიშვნელოვანია შეზღუდოთ ბავშვების მიერ ეკრანთან გატარებული დროის მონაკვეთი, ვიდრე ჯამური დრო, რომელსაც ისინი დღის განმავლობაში ეკრანთან ატარებენ. გაჯეტების გამოყენებისას ხშირი შესვენებები ასტიმულირებს ტვინს და ებრძვის ეკრანზე დამოკიდებულებას.

დაუწესეთ ბავშვებს ლიმიტი, თუ რა დროის გატარება შეუძლიათ ეკრანთან ერთ ჯერზე.

დოქტორი როზენი 10 წლამდე ბავშვებისთვის გაჯეტების გამოყენებისთვის 40 წუთიან ლიმიტს გვთავაზობს, რასაც ერთ საათიანი შესვენება უნდა მოსდევდეს; მოზარდებისთვის – 1 საათიან ლიმიტს და, შემდეგ, ერთ საათიან შესვენებას; ხოლო თინეიჯერებისათვის – მაქსიმუმ საათ-ნახევრიან ლიმიტს.

ამასთანავე, ეცადეთ, დააინტერესოთ ბავშვები სხვა აქტივობებით, ჩართეთ ისინი სახლის საქმიანობაში, მიეცით სტიმული დაკავდნენ ჰობითა და ფიზიკური აქტივობით.

რაც მთავარია, აჩვენეთ მაგალითი. ბავშვები ყველაზე უკეთ მიბაძვით სწავლობენ. თქვენ გაგიჭირდებათ მათი დარწმუნება, არ გამოიყენონ გაჯეტები მთელი დღის განმავლობაში, თუ თავად ასე იქცევით. ეცადეთ, არ გამოიყენოთ სმარტფონი ბავშვებთან ურთიერთობისას. ასე კარგ მაგალითს მისცემთ მათ და ბავშვებთან დროს უფრო ხარისხიანად  გაატარებთ.

გამოქვეყნების თარიღი: 18 აგვისტო, 2021წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები