როგორ დავაინტერესოთ ბავშვები სკოლის საგნებით
3 წუთიანი საკითხავი
როგორ დავაინტერესოთ ბავშვები სკოლის საგნებით

ბავშვების სკოლის საგნებით დაინტერესება ზოგჯერ ნამდვილი გამოწვევაა. მათ შესაძლოა ბუნებრივი ინტერესი ჰქონდეთ ერთი საგნის მიმართ, მეორე კი, სრულიად მოსაწყენად მიაჩნდეთ. ხშირად, ბავშვების ინტერესი მასწავლებელზე, სწავლის პროცესსა და სხვა გარემოებებზეა დამოკიდებული. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მშობელს შეუძლია, დაეხმაროს ბავშვს და მისთვის ერთი შეხედვით უინტერესო საგნებში საინტერესო საკითხები აღმოაჩენინოს.

დაუკავშირეთ საგნები მათ ყოველდღიურ ცხოვრებას

იპოვეთ გზა, რომ ბავშვებს  სასკოლო საგნებსა და მათ ყოველდღიურ ცხოვრებას შორის კავშირი დაანახვოთ. დამოუკიდებლად ამ კავშირის დანახვა ბავშვებისთვის რთულია. ისინი ვერ ხვდებიან, რა საჭიროა ქიმიის ან ნებისმიერი სხვა საგნის სწავლა, თუ ის მხოლოდ სასკოლო წიგნებსა და საკლასო ოთახში არსებობს.  ბავშვებს სასწავლო მასალა მათთვის გასაგები, რეალური ცხოვრებიდან აღებული მაგალითებით აჩვენეთ. საგნების ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირება უფრო საინტერესოს ხდის მათ შესწავლას და მალე ბავშვები თავადაც  შეეცდებიან ასეთი მაგალითების დამოუკიდებლად აღმოჩენას.

აჩვენეთ კავშირი საგნებსა და მათ სასურველ პროფესიას შორის

სკოლაში სწავლა ბავშვებისთვის და ხშირად მოზრდილებისთვისაც მომავალში კარგ პროფესიასა და წარმატებულ კარიერასთან ასოცირდება. ეს სამწუხარო რეალობაა. თუმცა ამ გზის  გამოყენებაც შეგვიძლია, რათა  ბავშვებს ზოგიერთი საგნის მიმართ მეტი ინტერესი გაუჩნდეთ. სასკოლო საგნები და თქვენი ბავშვების სასურველი ან საოცნებო პროფესიები ერთმანეთს დაუკავშირეთ. უამბეთ მათ, თუ რა სასარგებლო შეიძლება იყოს ამა თუ იმ საგნის ცოდნა კოსმონავტებისთვის, ინჟინრებისთვის, ექიმებისთვის და სხვა. ეს ახლებურად დაანახვებს ბავშვს მისთვის ნაკლებად საინტერესო საგნებს.

ნუ გამოიყენებთ მომავალ გამოცდას, როგორც მოტივაციას

ბევრი მშობელი ცდილობს, ბავშვი მეცადინეობაზე მომავალი გამოცდის შიშით დაითანხმოს. ამ მიდგომას შესაძლოა მოკლევადიანი შედეგი ჰქონდეს, თუმცა მოტივაციის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად ის არაეფექტურია. ბავშვებისთვის სწავლისა და მეცადინეობის პროცესი საინტერესო და სახალისო უნდა იყოს. სწავლის მიზანი შემეცნებაა და არა – გამოცდის ჩაბარება. ამასთანავე, მოახლოებული გამოცდის შიშით ბავშვების მოტივირება  შფოთვის მომგვრელია და სწავლას უარყოფით ემოციებთან აკავშირებს.

გაერკვიეთ ბავშვების ინტერესებში

ბავშვების მოტივირების საუკეთესო გზა მათი ინტერესების უკეთ ცოდნაა.ბავშვის ინტერესების დადგენა დაგეხმარებათ, რომ მარტივად დაუკავშიროთ ისინი სასკოლო საგნებს და უფრო საინტერესოდ ახსნათ სხვადასხვა საკითხი სასკოლო საგნებიდან.

გაახალისეთ მეცადინეობის პროცესი 

ბავშვები საუკეთესოდ სწავლობენ, როდესაც პროცესი სახალისოა. ეცადეთ, მეცადინეობა მრავალმხრივ შემეცნებით პროცესად აქციოთ. გამოიყენეთ თამაშები, სიმღერები, თავსატეხები ან დაჯილდოების სისტემა მეცადინეობის პროცესში. ასე შეძლებთ, ბავშვისთვის ყველაზე უინტერესო საგანიც კი საინტერესოდ და სახალისოდ აქციოთ.

ჩართეთ ბავშვები მეცადინეობის პროცესში 

ხშირად, მშობლები ბავშვს კონკრეტულ დავალებას აძლევენ და შემდეგ ელოდებიან, როდის დაასრულებს ის  ამ დავალებას. ამის ნაცვლად, სცადეთ და სრულად ჩართეთ  ბავშვი მეცადინეობის პროცესში. მიეცით მას შესაძლებლობა, თავად განსაზღვროს, თუ რომელი საგნით დაიწყებს მეცადინეობას და რა საშუალებებსა და რესურსებს გამოიყენებს სწავლის პროცესში. ამით ის შეძლებს, თავად აკონტროლოს პროცესი, იგრძნოს მეტი პასუხისმგებლობა და მიეჩვიოს დამოუკიდებლად სწავლას. რამდენადაც უფრო სრულად იქნება ბავშვი პროცესში ჩართული, იმდენად უფრო საინტერესო გახდება მისთვის სწავლა.

შეუძლებელია, ბავშვისთვის ყველა საგანი თანაბრად საინტერესო იყოს, თუმცა მშობლებს შეუძლიათ, რაღაც საინტერესო ყველა საგანში დაანახვონ მას. მეცადინეობის პროცესის გახალისებით, საგნების ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით და ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, თქვენ შეძლებთ დაეხმაროთ მათ, აღმოაჩინონ საინტერესო საკითხები ერთი შეხედვით მოსაბეზრებელ საგნებში.

გამოქვეყნების თარიღი: 20 სექტემბერი, 2021წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები