იმისთვის, რომ ჯანმრთელი ვიყოთ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რას, არამედ – როდის და როგორ მივირთმევთ. კვებასთან დაკავშირებული გარკვეული ჩვევები ბავშვობიდან მოგვყვება. მათი უმრავლესობა აბსოლუტურად გაუცნობიერებელია. ამიტომ, იმისთვის, რომ ცვლილებები განვახორციელოთ, პირველ რიგში უნდა დავაკვირდეთ საკუთარ თავს და ეს ჩვევები გავაცნობიეროთ.
დავიწყოთ, ყველაზე გავრცელებული ჩვევით: იმაზე მეტი საკვების მიღება ვიდრე სინამდვილეში გჭირდებათ.
ეს ცდუნება ყოველთვის არსებობს. განსაკუთრებით, თუ გურმანი ხართ და გემრიელ საკვებს მიირთმევთ. თუმცა, შესაძლოა, სხვა მიზეზებიც არსებობდეს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სტრესით გამოწვეული ე.წ. “ემოციური ჭამა”. დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა: ნამდვილად გშიათ თუ ემოციურ ფონზე გსურთ საკვების მიღება? ან იქნებ უბრალოდ დროის გაყვანის მიზნით ჭამთ? როდესაც იმაზე მეტს მიირთმევთ, ვიდრე ორგანიზმს ჭირდება, გრძნობთ დაღლილობას, ზოგჯერ – სინანულსაც, რომ ზედმეტი ჭამეთ. ზოგჯერ ერთი ზედმეტი ლუკმაც კი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ამიტომ კარგად დააკვირდით იმას, უკვე მიიღეთ თუ არა საკმარასი საკვები. როდესაც ჭამას დაასრულებთ, შეგიძლიათ ასეთ ხრიკს მიმართოთ – მოახდინოთ „ცდუნების საგნის ლიკვიდაცია“, მაგალითად, თვალში რომ აღარ მოგხვდეთ, საკვები შეინახოთ.
შიმშილობა. სწორი მეთოდით შესრულებული, ორგანიზმის გაწმენდისკენ მიმართული შიმშილობა ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ბევრი ადამიანი წონაში სწრაფი დაკლების მიზნით სხვადასხვა მკაცრ დიეტას მიმართავს, თანაც – დიეტოლოგთან კონსულტაციის გარეშე. ასეთი დიეტებით მართლაც შესაძლებელია სწრაფად გახდომა, თუმცა ეს თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. მკაცრი დიეტების გვერდითი მოვლენებია: მეტაბოლიზმის შენელება, ტვინის მუშაობის შეფერხება, ორგანიზმის გაუწყლოება, შეკრულობა, სისუსტე, უხასიათობა და სხვა. გარდა ამისა, სწრაფად დაკლებულ წონას სწრაფადვე აღიდგენთ, როდესაც კვების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებით. სწორედ ამიტომ, დიეტოლოგები ერთსულოვნად გვირჩევენ წონა ნელ-ნელა დავიკლოთ, თანაც ფიზიკური აქტივობით და ჯანსაღი, დაბალანსებული კვებით.
წახემსება მაშინ, როდესაც არ გშიათ. შეიძლება ფიქრობთ, რომ თუ დღის განმავლობაში ხშირად მიირთმევთ საკვებს, მაშინ უფრო ენერგიულად იგრძნობთ თავს. თუმცა, თუ დააკვირდებით, მიხვდებით რომ თქვენი გონება და სხეული უკეთ მაშინ მუშაობს, როდესაც დანაყრებული არ ხართ. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ხშირი წახემსების შემთხვევაში, კუჭი საკვების მუდმივი დამუშავების პროცესში იმყოფება, რასაც, ცხადია, მიაქვს თქვენი ენერგია და, საბოლოო ჯამში, ლეთარგიულობის სახით ვლინდება.
საუზმის გამოტოვება. სამწუხაროდ, თანამედროვე ცხოვრების სწრაფი ტემპის გამო, ბევრი ადამიანი საუზმეზე არაჯანსაღ სწრაფ კვებას მიმართავს ან საერთოდ არ საუზმობს. არადა, საუზმე ორგანიზმისთვის პირველი კვებაა ღამის „შიმშილობის“ შემდეგ. მნიშვნელოვანია საუზმე მდიდარი იყოს ვიტამინებით, ცილებითა და ბოჭკოებით. ასეთია ხილი, ბოსტნეული, პარკოსნები, თხილეული და სხვადასხვა თესლი, კვერცხი, ბურღულეული. თუ დილას ნოყიერი და ჯანსაღი საუზმით დაიწყებთ, მაშინ დღის მანძილზე თავს ბევრად ენერგიულად და ჯანმრთელად იგრძნობთ, ნაკლებად შეგაწუხებთ შიმშილის გრძნობა და ხშირი წახემსების სურვილი. შედეგად, დღის განმავლობაში ნაკლებს მიირთმევთ, ვიდრე საუზმის გამოტოვების შემთხვევაში.
სწრაფად ჭამა. ტვინს დაახლოებით 15-20 წუთი სჭირდება სიგნალის „მოწოდებისთვის“, რომ უკვე დანაყრდით. აქედან გამომდინარე, თუ 5-10 წუთში დაასრულებთ კვებას, იმაზე მეტ კალორიას მიიღებთ, ვიდრე სინამდვილეში გჭირდებათ. გარდა ამისა, ასეთ დროს არ ხდება საკვების საკმარისი გადამუშავება და მონელება. მონელებაში დიდ როლს თამაშობს ნერწყვი. თუ ლუკმას კარგად არ დაღეჭავთ და ნერწყვით არ დაასველებთ, მონელების პროცესი უფრო გართულდება. ეცადეთ, შეანელოთ კვების პროცესი და სიამოვნება მიიღოთ საკვების დაგემოვნებით. ამაში შემდეგი ჩვევების გამომუშავება დაგეხმარებათ: მიირთვით პატარა ლუკმები, თითოეული ლუკმა დიდხანს დაღეჭეთ. რაც უფრო ნელა მიირთმევთ, მით უფრო გაიხანგრძლივებთ კვებისგან მიღებულ სიამოვნებას.
ჭამის დროს ტელევიზორის ყურება. ეს ფართოდ გავრცელებული ჩვევა არაცნობიერ კვებას იწვევს. ასეთ დროს, ავტომატურ რეჟიმში ხართ და ვერ ხვდებით, რომ უკვე დანაყრდით და ზომაზე მეტს მიირთმევთ. ეს არა მხოლოდ ტელევიზორს, არამედ ნებისმიერ სხვა გასართობსაც ეხება. ეცადეთ ჭამის დროს საკვებზე და კვების პროცესზე იყოთ კონცენტრირებული და თითოეული ლუკმა გაცნობიერებულად მიირთვათ.
გახსოვდეთ, საკვები იმსახურებს ყურადღებას და პატივისცემას. წარმოიდგინეთ, რა გზას გადის თითოეული ინგრედიენტი, სანამ თქვენს თეფშზე მოხვდება, რამდენი ადამიანის შრომაა ჩადებული თითოეული ბოსტნეულის მოყვანაში. თუ თქვენ საკვების მიმართ მადლიერების გრძნობას განიცდით, რა უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, მისი ეფექტი თქვენზე შეიცვლება. საკვები არის ის, რაც „აშენებს“ თქვენს სხეულს და დიდწილად განსაზღვრავს თქვენს ჯანმრთელობას.