ალბათ შეგინიშნავთ – შემოდგომასა და ზამთარში, როდესაც მზე თავისი სხივებით ისე აღარ გვანებივრებს, ჩვენი განწყობა და ჯანმრთელობა შედარებით უარესდება. „სეზონური დეპრესია“ ხომ გსმენიათ? ამის გამომწვევი მიზეზი D ვიტამინის ნაკლებობა შეიძლება აღმოჩნდეს.
მაინც რა არის D ვიტამინი? იგი თქვენი ორგანიზმისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნუტრიენტია. ეს პროჰორმონი ადამიანის კანზე მზის ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნება. D ვიტამინის მიღება საკვები პროდუქტებიდანაც შეიძლება, თუმცა, მხოლოდ საკვების სახით მიღების შემთხვევაში, თქვენი ორგანიზმისთვის ვიტამინის საკმარის ოდენობას ვერ დააგროვებთ.
D ვიტამინი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ძვლოვანი სტრუქტურის ფორმირებასა და განვითარებაში. სისხლში D ვიტამინის მატებასთან ერთად ძვლების დაზიანების რისკი მცირდება. მცირდება ოსტეოპოროზის განვითარების ალბათობაც.
D ვიტამინის შემცველი საკვები დანამატების მიღება კუნთების გაძლიერებაშიც დაგეხმარებათ. კლინიკური კვლევებით დგინდება, რომ D ვიტამინს შეუძლია სიმსივნის უჯრედების ზრდის ტემპის შემცირება და ანთებითი პროცესების შეფერხება.
თუ D ვიტამინის დეფიციტი გაქვთ, შესაძლოა შეგაწუხოთ უძილობამ, ჭრილობების რთულად შეხორცებამ, კუნთების ტკივილმა, ქრონიკულმა დაღლილობამ, თავის ტკივილმა, თავბრუსხვევამ, სხვადასხა ვირუსული ინფექციით მარტივად დაავადებამ და სხვა.
ორგანიზმში D ვიტამინის საკმარისი რაოდენობის შესანარჩუნებლად გამოიყენეთ შემდეგი რჩევები:
მიეფიცხეთ მზეს საკმარისი დროით. გაზაფხულსა და ზაფხულში კვირაში 3-4-ჯერ, დაახლოებით 15 წუთით, მიეფიცხეთ მზეს. თუ მზეზე 15 წუთზე მეტის გატარებას დააპირებთ, აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება. ეს პროცედურები ორგანიზმში D ვიტამინის მარაგის შექმნაში დაგეხმარებათ, რაც ზამთარში მისი დეფიციტისგან დაგიცავთ.
მიიღეთ D ვიტამინით მდიდარი საკვები. D ვიტამინით ბუნებრივად მდიდარია რძის ნაწარმი, კვერცხი, თევზი და სოკო. არსებობს D ვიტამინით სპეციალურად გამდიდრებული საკვებიც, მაგალითისთვის – სხვადასხვა სახის ბურღულეული და იოგურტები.
თუ საჭიროა, მიიღეთ D ვიტამინის შემცველი საკვები დანამატები. შეიმოწმეთ სისხლში D ვიტამინის დონე და თუ ის ნორმაზე დაბალი გაქვთ, ექიმი შესაბამის საკვებ დანამატებს დაგინიშნავთ. საჭიროა იცოდეთ, რომ D ვიტამინი ცხიმში ხსნადი ვიტამინია. ანუ, თქვენი ორგანიზმი მხოლოდ მაშინ შეიწოვს მას, თუ ცხიმთან კომბინაციაში მიიღებთ. ამიტომ, თუ D ვიტამინის დანამატის სახით მიღებას აპირებთ, მიატანეთ მას ყველი, ავოკადო ან მსგავსი ცხიმიანი პროდუქტი. თუ ვიტამინს წვეთოვანი სახით იღებთ, მაშინ ცხიმის მიღება არ არის აუცილებელი, რადგან მსგავსი პრეპარატები ცხიმოვან ბაზაზე მზადდება (ძირითადად, ქოქოსის ან ზეითუნის ზეთს შემცველობით).
გირჩევთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ზაფხული ორგანიზმის D ვიტამინით მომარაგებისთვის. თუმცა, ზაფხულში ლამაზი შოკოლადისფერი რუჯის სწრაფად მიღების ცდუნებაც არსებობს. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ მზეში დიდი ხნის გატარებისას ულტრაიისფერი სხივები კანის შიდა შრეებში აღწევს და დამწვრობას იწვევს.
დიდი დოზით ულტრაიისფერი გამოსხივების მიღება ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, რადგან იწვევს კანის უჯრედების დაზიანებას, აჩქარებს დაბერების პროცესს და, შესაძლოა, კანის სიმსივნის გამომწვევი მიზეზიც გახდეს. კვირაში სამჯერ, მზეზე 15-15 წუთის გატარება D ვიტამინის საჭირო დოზის გამოსამუშავებლად სრულიად საკმარისია.