სეზონური დეპრესია, რომელსაც ხშირად სეზონურ აფექტურ აშლილობასაც უწოდებენ, ხასიათის მკვეთრ ცვლილებას წარმოადგენს. იგი თავს შემოდგომის ბოლოს იჩენს და მთელი ზამთრის განმავლობაში გრძელდება. სეზონური უხასიათობა, ხშირ შემთხვევაში, თქვენს ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესებით არის გამოწვეული. კერძოდ, შემოდგომისა და ზამთრის ნაკლებად მზიან და ჩაბნელებულ დღეებში, თქვენს სხეულში გამოიყოფა დიდი რაოდენობით მელატონინი – ჰორმონი, რომელიც თავს ლეთარგიულად და გამოუძინებლად გაგრძნობინებთ, ხოლო ბედნიერების ჰორმონის, სერატონინის გამოყოფა კი მცირდება. ამგვარად, უხასიათობის მიზეზი უმეტესწილად არის ძილის ნაკლებობის შეგრძნება, ბიოლოგიური საათის დარღვევა, ბედნიერების ჰორმონების გამოყოფის შემცირება და ა.შ.
სხეულში მიმდინარე ამ პროცესების საპასუხოდ, შეგიძლიათ შემდეგი ნაბიჯები გადადგათ:
მაქსიმალურად გამოიყენეთ დღის სინათლე. ეცადეთ, დღის შუქზე რაც შეიძლება ხშირად გაისეირნოთ; სასურველია – დილით. ეს არა მხოლოდ ფიზიკური აქტივობის შედეგად ბედნიერების ჰორმონების გამოყოფას შეუწყობს ხელს, არამედ გამოგაფხიზლებთ კიდეც. შედეგად, თავს ნაკლებად დაღლილად იგრძნობთ და დღეს ბევრად ენერგიულად დაიწყებთ.
კარგად გამოიძინეთ. ეცადეთ, შეიმუშავოთ ძილის გრაფიკი. ეს დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ძილის ხარისხი და სტაბილურად გამოძინებულად იგრძნოთ თავი.
მიიღეთ საკმარისი რაოდენობის D ვიტამინი. წინა ბლოგებში ითქვა, რომ D ვიტამინი თქვენი ორგანიზმისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნუტრიენტია. ის წარმოადგენს პროჰორმონს, რომელიც ადამიანის კანზე მზის სხივების ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნება. ბუნებრივია, ზამთარში D ვიტამინის წარმოქმნა ნაკლებად ხდება, რაც აისახება კიდეც თქვენს განწყობაზე. ამიტომ, როგორც კი შემოდგომის და ზამთრის ცივ დღეებში მზე გამოანათებს, მაშინვე გამოიყენეთ შანსი და კარგად მიეფიცხეთ მზის სხივებს. გარდა ამისა, მიიღეთ D ვიტამინით მდიდარი ისეთი საკვები, როგორიცაა რძის ნაწარმი, კვერცხი, თევზი და სოკო.
გააცნობიერეთ თქვენი უხასიათობის მიზეზი. ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტა პრობლემის გაცნობიერებით იწყება. ამ შემთხვევაშიც, მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ რა არის თქვენი უხასიათობის მიზეზი. ეცადეთ გაიაზროთ, რომ ზამთრის უხასიათობა ბუნებრივი მდგომარეობაა, მის შესამსუბუქებლად კი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა თავადაც შეგიძლიათ.
თქვენ გსურთ, რომ მზე ანათებდეს? მაგრამ მზეს სულ სხვა გეგმები აქვს და ამას ვერ შეცვლით. უბრალოდ, მიიღეთ ეს მოვლენა და ეცადეთ არსებულ მოცემულობა მაქსიმალური სარგებლით გამოიყენოთ.
თავად იზრუნეთ საკუთარი განწყობის გაუმჯობესებაზე.
წარმოიდგინეთ…
რა არის იმაზე რომანტიული, სახლში თბილად რომ ხართ მოკალათებული და ცხელ ჩაის ან ღვინოს მიირთმევთ, ფანჯრიდან კი მსხვილი ფანტელების ან წვიმის წვეთების ცვენას ადევნებთ თვალყურს, საყვარელ ფილმს უყურებთ ან საყვარელ მუსიკას უსმენთ, საახალწლო დეკორაციებით რთავთ სახლს და ახალი წლის ღამეს სურვილს იფიქრებთ.
მგონი ზამთარი სულაც არ არის ისეთი ცუდი, როგორიც ჩანს. ასეა, არა?