როგორ შევიმუშავოთ მშვიდი და გააზრებული ცხოვრების სტილი
3 წუთიანი საკითხავი
როგორ შევიმუშავოთ მშვიდი და გააზრებული ცხოვრების სტილი

სიჩქარე ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა, სულ სადღაც გვეჩქარება, ვიღაც გველოდება, რაღაცას ვერ ვასწრებთ, და ასე, დაუსრულებლად... ეს ინტენსიური სტრესი გავლენას ახდენს როგორც ჩვენს ფიზიკურ, ასევე მენტალურ ჯანმრთელობაზე, ხშირია შფოთვა, დეპრესია, პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა და სხვა.


მუდმივ სიჩქარეში და ყოველდღიურ რუტინაში, არის საფრთხე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი - საკუთარი თავი დავკარგოთ. ამიტომ ახლა, ცოტა ხნით შეჩერდით და დაფიქრდით, როგორია თქვენი ყოველდღიური დღის განრიგი და დღის განმავლობაში, რამდენ ხანს უთმობთ საკუთარ თავთან ურთიერთობას?


პერიოდულად, საკუთარ თავზე დაკვირვება და მასთან კონტაქტის შენარჩუნება, ჩვენი კეთილდღეობისთვის უმნიშვნელოვანესია. აწმყოზე და უშუალოდ ჩვენს გარემოზე დაკვირვება, ჩვენში მიმდინარე პროცესებზე ფოკუსირება და მათი მიღება, ჩვენი ემოციების შემჩნევა, ფიქრების გააზრება, ჩვენი ფასეულობების გადახედვა, საზრისის გახსენება... ეს ყველაფერი გვაახლოვებს საკუთარ თავთან და, გარემოსა თუ ჩვენში მიმდინარე ქაოსის საპირისპიროდ, სიმშვიდის განცდას გვმატებს.


საბედნიეროდ, მშვიდი და გონიერი/გააზრებული ცხოვრების სტილის (slow and mindful lifestyle) გამომუშავება ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, იმისათვის, რომ თქვენი ყოველდღიურობა უფრო ჰარმონიული და სასიამოვნო გახდეს.
 
მშვიდი და გააზრებული ცხოვრების სტილის ჩამოყალიბება გონებაში იწყება - ჩვენი ცხოვრება ჩვენი რწმენების, შეხედულებებისა და ფასეულობების მიხედვით წარიმართება. მშვიდი და გონიერი ცხოვრებაც, სწორედ აზროვნების სტილის ცვლილებიდან იწყება, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ინდივიდუალური იქნება. რა არის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი თქვენთვის? ვინ არიან თქვენთვის განსაკუთრებული ადამიანები? რაში ხარჯავთ ყოველდღიურად თქვენს ენერგიას? ბევრი წლის შემდეგ, როდესაც თქვენს ცხოვრებას გაიხსენებთ, რა გინდათ, რომ დაინახოთ? ამ კითხვებზე დაფიქრებით, გადახედეთ თქვენი ცხოვრების პრიორიტეტებს, თქვენი დღეების განრიგს და ნელ-ნელა, შეძლებისდაგვარად, თქვენი ყოველდღიურობა ამ ფასეულობების შესატყვისად შეავსეთ.


დააკვირდით და აღმოაჩინეთ უბრალოება - დააკვირდით თქვენს გარშემო არსებულ უბრალო ნივთებს, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ყურადღებას არც კი აქცევთ, თუმცა თქვენი ოთახის, სახლისა თუ ბაღის განუყოფელი ნაწილებია. რას გახსენებენ ეს ნივთები? რატომ გაქვთ და რატომ გიყვართ? შეამჩნიეთ ის უბრალო მომენტები თქვენი ყოველდღიურობიდან, რომლებიც დადებით ემოციას იწვევს თქვენში, ეს შეიძლება იყოს ოფისში მისვლისას თქვენი თანამშრომლის გულწრფელი ღიმილი, ან სუსხიან ამინდში თქვენს სახეზე მოხვედრილი მზის სხივი. ხშირად, ყურადღებას არ ვაქცევთ და აღარ გვახსოვს ის ბევრი, პატარა მომენტი და ფაქტი, რაც ჩვენს ყოველდღიურობას უფრო სასიამოვნოს ხდის.


გაამარტივეთ ის, რისი გამარტივებაც შესაძლებელია - მშვიდი, ნელი და გააზრებული ცხოვრების სტილის ჩამოყალიბება საკუთარ კეთილდღეობაზე ფოკუსირებას გულისხმობს. ყოველი არჩევანის წინ, დაფიქრდით, რას მოგიტანთ ეს გადაწყვეტილება, რამდენად გინდათ ამ არჩევანის გაკეთება, რა ძალისხმევა დაგჭირდებათ და, შესაბამისად, რამდენად გიღირთ ამ გადაწყვეტილების მიღება? გაამარტივეთ თქვენი ცხოვრება, შეძლებისდაგვარად უარი თქვით იმაზე, რაც არ ემთხვევა თქვენს ფასეულობებს და არ ემსახურება თქვენს კეთილდღეობას. ეს არ გულისხმობს სიზარმაცეს ან პასუხისმგებლობების თავიდან არიდებას, მშვიდი და გააზრებული ცხოვრება პირიქით, თქვენი (და არა სხვების) ცხოვრების მიმართ მეტი პასუხისმგებლობით მიდგომას გულისხმობს.


გააკეთეთ მედიტაცია - სუნთქვითი სავარჯიშოები და სულ რაღაც 5 წუთიანი მედიტირება, ყველაზე მეტად შეუწყობს ხელს მშვიდი და გააზრებული ცხოვრების პრინციპის ჩამოყალიბებას. დღის მანძილზე, გამოყავით რამდენიმე წუთი, სახლში შეარჩიეთ კომფორტული, მშვიდი ოთახი ან კუთხე, სადაც პატარა ხალიჩას დააფენთ, სანთლებს დადგამთ და შინაარსობრივ, საინტერესო და დადებით ფიქრებზე შეძლებთ კონცენტრირებას. სუნთქვითი სავარჯიშოები უსაფრთხოებისა და შინაგანი წონასწორობის განცდას მოგცემთ, მედიტაცია კი, აწმყოში, საკუთარ თავთან კავშირის აღდგენაში დაგეხმარებათ.
 
მშვიდი და გააზრებული ცხოვრების სტილი, არჩევანია და თავდაპირველად, შესაძლოა არ იყოს მარტივი ცხოვრების პრინციპის ამგვარი ცვლილება. თუმცა, საბოლოოდ, საკუთარ თავზე ფოკუსირება, საკუთარი გადაწყვეტილებების და ქმედებების გააზრება და თქვენი ფასეულობების მიხედვით ცხოვრება, დიდ სიმშვიდეს და ჰარმონიას მოგგვრით. რაც მთავარია, ამ ყველაფერზე დაფიქრებაც კი, მეტად დაგაახლოვებთ საკუთარ თავთან, და თუ დღეს ვერ შეძლებთ პატარ-პატარა ცვლილებების დაწყებას, როდესაც ამისთვის მზად იქნებით, გეცოდინებათ საიდან უნდა დაიწყოთ. 

გამოქვეყნების თარიღი: 19 დეკემბერი, 2022წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები