ტირილი ბუნებრივი რეაქციაა ჩვენს ემოციებზე – დარდზე, მწუხარებაზე, ტკივილზე, სიხარულსა და ფრუსტრაციაზე. თუმცა, ხშირად, ტირილს მხოლოდ ნეგატიურ ემოციებს ვუკავშირებთ, სინამდვილეში კი მას, შესაძლოა, საკმაოდ პოზიტიური გავლენა ჰქონდეს ჩვენს კეთილდღეობაზე.
ტირილი ადამიანის ორგანიზმს ოქსიტოცინისა და ენდორფინის გამოყოფაში ეხმარება, რაც დადებითად მოქმედებს განწყობაზე, გვეხმარება მოვლენების უკეთ გაანალიზებაში და გადაწყვეტილების მიღებას გვიმარტივებს. ნეგატიური ემოციებისგან დაცლას, როგორც წესი, თან სდევს პოზიტიური ცვლილებები ხასიათში. ხოლო მაშინ, როცა სირცხვილის ან სხვა მიზეზის გამო ტირილის შეკავება გვიწევს, გაცილებით უარეს ხასიათზე ვდგებით, ვიდრე ვიყავით.
აშშ-ში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ზრდასრული ქალები თვეში დაახლოებით 4-ჯერ, მამაკაცები კი – 2-ჯერ ტირიან. ნეირომეცნიერი უილიამ ფრეი, რომელიც ტირილის ფენომენს 20 წლის განმავლობაში სწავლობდა, ამბობს, რომ ქალების 85% და მამაკაცების 73% ტირილის შემდეგ გაცილებით ნაკლებ ბრაზს და მწუხარებას განიცდის. ამას გარდა, ნეირომეცნიერი ტირილის კიდევ რამდენიმე სასარგებლო შედეგზე საუბრობს:
ტირილი ამცირებს არტერიულ წნევას – აღმოჩნდა, რომ ტირილი არტერიულ წნევას და გახშირებულ პულსაციას ასტაბილურებს. მაღალმა წნევამ, შესაძლოა, გული და სისხლძარღვები დააზიანოს, მოახდინოს ინსულტის, გულის უკმარისობის პროვოცირება. ტირილი კი, ასეთ დროს ერთ-ერთ უვნებელ და ბუნებრივ „წამლად“ შეიძლება ჩაითვალოს.
გეხმარებათ ტოქსინებისგან გათავისუფლებაში – უილიამ ფრეის მტკიცებით, ტირილი ადამიანის ორგანიზმს ეხმარება, აღმოფხვრას სტრესის ჰორმონები, მაგალითად, კორტიზოლი, რომელიც ემოციური დისბალანსის დროს გროვდება.
ამცირებს მანგანუმის დონეს – ტირილი ადამიანის ორგანიზმში ამცირებს მანგანუმს – მინერალს, რომელიც გავლენას ახდენს განწყობაზე და გაცილებით მაღალი კონცენტრაციით გვხვდება ცრემლში, ვიდრე – სისხლში. მანგანუმის მომატებული რაოდენობა დაკავშირებულია შფოთვასთან, გაღიზიანებასა და აგრესიასთან.
ებრძვის ბაქტერიებს – ფერმენტი ლიზოზიმი, რომელიც ცრემლში გვხვდება, ანტიბაქტერიული და ანტივირუსული ეფექტით ხასიათდება. 2011 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ლიზოზიმს იმდენად ძლიერი ანტიმიკრობული მოქმედება აქვს, რომ სხვადასხვა ინფექციური დაავადების წარმოქმნის რისკის მნიშვნელოვნად შემცირება შეუძლია.
გვახსენებს ჩვენს ადგილს სოციუმში – მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი სტრესის საპასუხოდ თვალები ყველა ძუძუმწოვარს უსველდება, ცრემლის გადმოღვრის აქტის შესრულება მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ. ეს ფაქტი მნიშვნელოვან სოციალურ ფუნქციას ასრულებს – ის გვახსენებს ჩვენი ურთიერთობების მნიშვნელობას, იწვევს თანაგრძნობას და ადამიანების დაახლოებას უწყობს ხელს.
გარდა მწუხარების ცრემლებისა, რომელთა გამოყოფაც, როგორც აღვნიშნეთ, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჩვენს ფიზიკურსა და მენტალურ მდგომარეობას, არსებობს ე. წ. „ბედნიერების“ ცრემლებიც, რომელთა 4 ტიპსაც განასხვავებენ:
სიხარულის ცრემლები – როდესაც ცრემლების წარმოქმნა დაკავშირებულია ხალისიან განწყობასთან ან სასაცილო ფაქტთან;
სიყვარულის (მღელვარების) ცრემლები – როდესაც რაიმე მოვლენაზე „გული გიჩუყდებათ“;
გაოცებით/სილამაზით გამოწვეული ცრემლები – ძირითადად, დაკავშირებულია გასაოცარი პეიზაჟის დანახვასთან ან ლამაზი მელოდიის მოსმენასთან;
სიამაყის ცრემლები – რომელიც თან სდევს რაღაც მიღწევის ან მნიშვნელოვანი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ გაჩენილ სიამაყის გრძნობას.
„ბედნიერების ცრემლებთან“ დაკავშირებით ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში 13,000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა და აღმოჩნდა, რომ ქვეყნის კულტურულ ტრადიციებსა და შეხედულებებს დიდი გავლენა აქვთ იმაზე, თუ რა მიზეზით და რამდენად ხშირად ტირიან ადამიანები. მეცნიერების მიხედვით, დასავლური კულტურის წარმომადგენლები, რომლებიც, ძირითადად, ინდივიდზე კონცენტრირდებიან, უფრო ხშირად სილამაზით გამოწვეული ან სიხარულის ცრემლებით ტირიან, ხოლო კოლექტიური კულტურის წარმომადგენლები – სიყვარულის (მღელვარების) ცრემლებით.
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ტირილი ჭარბი ემოციებისგან გათავისუფლების ერთ-ერთი საუკეთესო და ბუნებრივი მეთოდია. ცრემლების წარმოქმნას და ზომიერად გამოყოფას, უმეტესწილად, ორგანიზმისათვის ისეთი სასიკეთო პროცესები ახლავს თან, როგორებიცაა: განწყობის ამაღლება, გადაწყვეტილების რაციონალურად მიღების უნარის დაბრუნება, პულსაციის დასტაბილურება და სხვა.