მარია მონტესორი (1870-1952) იტალიელი ექიმი, განმანათლებელი და ინოვატორი იყო. იგი, თავისი დროისთვის, ბავშვთა აღზრდის და მათი პოტენციალის რეალიზაციისკენ მიმართული რევოლუციური იდეებით გამოირჩეოდა. ეს იდეები კი მის მრავალწლიან პრაქტიკას ეფუძნებოდა. თავდაპირველად, მარია მონტესორის სახელი რომის ფსიქიატრიულ კლინიკაში მუშაობის პერიოდში გახდა ცნობილი, როდესაც მან შეძლო, საკუთარი მეთოდოლოგიით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს წერა-კითხვის სწავლასა და გამოცდების საშუალოზე მაღალი შედეგებით ჩაბარებაში დახმარებოდა. მაშინ ამ მოვლენას „მონტესორის სასწაულს“ უწოდებდნენ.
მარია მონტესორის მეთოდებზე დაფუძნებული სკოლები, ბაღები და აღზრდის მეთოდები დღემდე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპასა და მთელ მსოფლიოში. ასევე, ძალიან საინტერესოა მონტესორის იდეები ბავშვზე ადაპტირებული გარემოს (საკლასო ოთახი, ბავშვის საძინებელი, და ა.შ.) და საბავშვო სათამაშოების შესახებ. დღევანდელ ბლოგში ახლადფეხადგმული ბავშვის ოთახის მონტესორის მეთოდით მოწყობას განვიხილავთ.
მონტესორის იდეის მიხედვით, ბავშვის ოთახი მისი ინტერესების გათვალისწინებით უნდა იყოს მოწყობილი. ამისთვის, წარმოიდგინეთ, რომ ხართ ბავშვის სიმაღლის, შეგიძლიათ იატაკზეც ჩამოჯდეთ და ოთახში ისე მიმოიხედოთ. რის შეცვლას ისურვებდით? ეცადეთ, ისეთი გარემო შექმნათ, რომ ბავშვმა რაც შეიძლება მეტი რამის კეთება დამოუკიდებლად შეძლოს. ამასთანავე, ოთახი იყოს ფუნქციური და მინიმალისტური.
გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ, რომ საბავშვო ოთახი მონტესორის სტილში მოაწყოთ.
დაბალი საწოლი – დაბალი საწოლი ან სულაც იატაკზე მოთავსებული მატრასი – მონტესორის მიხედვით მოწყობილი საბავშვო საძინებლის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. სტანდარტული, მაღალ-ჯებირებიანი ან მანეჟის ტიპის საწოლისგან განსხვავებით, დაბალი საწოლის უპირატესობა იმაშია, რომ ბავშვს დახმარებისთვის თქვენი დაძახება არ სჭირდება, მას თავად შეუძლია გადმოვიდეს საწოლიდან, იცოცოს, იპოვოს სათამაშო ან ინტერესის სხვა ობიექტი. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, მთელ ოთახში უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული, რომ ბავშვმა ვერანაირი სახიფათო ნივთის ხელში ჩაგდება ვერ მოახერხოს. მატრასის გარშემო კი, შეგიძლიათ ბალიშები დაალაგოთ ან რბილი ხალიჩა დააგოთ, რომ ბავშვმა საწოლიდან გადმოსვლა უმტკივნეულოდ შეძლოს. იმისთვის, რომ თავი კიდევ უფრო მშვიდად იგრძნოთ, შეგიძლიათ ვიდეო-ძიძა გამოიყენოთ და ახალგაღვიძებულ ბავშვს თვალი სხვა ოთახიდან ადევნოთ – სანამ თავად არ დაგიძახებთ, მყუდროება არ დაურღვიოთ. ამგვარად, ბავშვი არა მხოლოდ დამოუკიდებლობას, არამედ – საკუთარი თავის გართობასაც შეეჩვევა.
ბავშვის სიმაღლის შესაბამისი გარდერობი – წარმოიდგინეთ ბავშვის სიმაღლის შესაბამისი, მარტივი კონსტრუქციის, ღია თაროებიანი კარადა, რომელშიც ტანსაცმელი საკიდებზე – ბავშვისთვის ხელმისაწვდომ სიმაღლეზეა განთავსებული – ასეთი ტიპის კარადა ბავშვს საშუალებას მისცემს, სამოსი თავად აირჩიოს. ეს მას ყოვედღიური, პატარ-პატარა გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება, რაც სამომავლოდ მას უფრო მეტად დამოუკიდებელსა და თავდაჯერებულს გახდის.
დაბალი ღია თაროები და სტენდები – ბავშვის ოთახისთვის შეგიძლიათ დაბალი თაროები და წიგნების სტენდები დაამზადებინოთ. ასეთი თაროების საშუალებით, შეძლებთ ბავშვის ასაკისთვის შესაბამისი სათამაშოები და წიგნები მისთვის მარტივად ხელმისაწვდომი გახადოთ. ასე ის თავად აირჩევს მისთვის საინტერესო ნივთს და თავის გართობას ისწავლის, თქვენი დახმარების გარეშე. თაროების ნაცვლად, შეგიძლიათ პატარა კალათებიც გამოიყენოთ, რომლებსაც პირდაპირ იატაკზე მოათავსებთ და მათში სათამაშოებსა თუ წიგნებს ჩაალაგებთ.
მინიმალისტური სათამაშოები – მონტესორის მიხედვით, სასურველია, ბავშვს არც ისე ბევრი და მინიმალისტური ვიზუალის სათამაშო ჰქონდეს, თითოეულ სათამაშოს კი, აუცილებელია, გარკვეული განმავითარებელი ფუნქცია ჰქონდეს. ეს ფუნქციები შესაძლოა იყოს: თვალისა და ხელის კოორდინირებული მუშაობის, მსხვილი მოტორიკის (ჯდომა, წონასწორობის შენარჩუნება და ა.შ.), ხელოვნებასთან დაკავშირებული უნარების (მუსიკა, ხატვა და ა.შ), პრაქტიკული უნარების, ენობრივი თუ სხვა უნარების განვითარება. იმისათვის, რომ ბავშვს ყურადღება ძალიან არ გაეფანტოს, შეგიძლიათ მისი ხედვის არეში მხოლოდ ათიოდე სათამაშო მოათავსოთ და პერიოდულად ცვალოთ.
ნათელი ფერები და მინიმალისტური დიზაინი – მონტესორის სტილში გადაწყვეტილი ოთახის კედლების, ავეჯისა და სხვა ელემენტების ფერები ძირითადად ნეიტრალურსა და ნატურალურ ტონალობებშია გადაწყვეტილი. მაგალითად თეთრი, ღია ხისფერი, ხორცისფერი, ღია ნაცრისფერი და ა.შ. – ასეთი ფერები ბავშვს უფრო ამშვიდებს და სხვადასხვა ნივთსა თუ ნახატზე კონცენტრირებაში ხელს არ უშლის.
მონტესორის საბავშვო ოთახის მოწყობის მთავარი პრინციპი ისაა, რომ სივრცე ბავშვის პიროვნულ განვითარებაზე იყოს ორიენტირებული და ყველაფერი, რაც ბავშვს განვითარებისთვის სჭირდება, მისთვის იოლად ხელმისაწვდომი იყოს. უნდა შექმნათ გარემო, რომელშიც ის კომფორტულად იცხოვრებს და ითამაშებს. ამგვარი გარემოს შექმნის შემდეგ შეამჩნევთ, რომ ბავშვი ბევრად სწრაფად და მეტი ენთუზიაზმით შეძლებს დამოუკიდებლად გამოიცვალოს ტანსაცმელი, დაალაგოს ოთახი, დაწვეს დასაძინებლად და ა.შ.