ამ ბოლოს დროს, სულ უფრო ხშირად გვესმის სიტყვა „მედიტაცია“ და სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება იმით, თუ რას წარმოადგენს ის სინამდვილეში. ძველი ვედური განმარტების მიხედვით, მედიტაცია ცნობიერების გაფართოების ერთგვარი სავარჯიშოა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, გახვიდეთ ყოველდღიური დუალობის მიღმა და განიცადოთ ერთიანობა მთელ სამყაროსთან. მედიტაციური მდგომარეობის სიტყვებით გადმოცემა რთულია, ეს აბსოლუტური სიმშვიდის მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანი ფიქრებს მიღმა, 100 პროცენტით მოცემულ მომენტში იმყოფება და თავის ჭეშმარიტ ბუნებას უკავშირდება.
მედიტაციას ადამიანები ბევრი სხვადასხვა მიზეზით მიმართავენ. მათ შორისაა ცნობიერებისა და აღქმის გაფართოება, საკუთარი თავის შეცნობა, საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია, სტრესის შემცირება, პიროვნული ზრდა და მრავალი სხვა.
ამ ბლოგში მედიტაციის ისეთ ბენეფიტებს განვიხილავთ, რომლებიც თანამედროვე ადამიანს სრულფასოვანი, სტრესისგან თავისუფალი ფუნქციონირებისთვის სჭირდება.
მედიტაცია ამცირებს სტრესს – თანამედროვე სამყაროში ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ადამიანთა უმრავლესობა მედიტაციას მიმართვას. სულ რაღაც 10 წუთიან, რეგულარულ მედიტაციას შუძლია გაგათავისუფლოთ სტრესისგან, მოგანიჭოთ სიმშვიდე და აამაღლოს თქვენი ენერგიის დონე, რაც საერთო ჯამში ძალიან დადებითად მოქმედებს როგორც მენტალურ კეთილდღეობაზე, ისე – ზოგად ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
მედიტაცია ამცირებს შფოთვას – შფოთვა ჩვენი სხეულის ერთგვარი რეაქციაა მოსალოდნელ საფრთხეზე. ხშირ შემთხვევაში, როდესაც შფოთვა გაწუხებთ, თქვენი სხეული გადამეტებულად რეაგირებს სტრესისა თუ შიშის გამომწვევ ფაქტორზე. მედიტაცია გასწავლით, როგორ არ გააიგივოთ თქვენი თავი მიმდინარე მოვლენებთან და დააკვირდეთ მათ პასიურად, ყოველგვარი განსჯისა და მოვლენის შეფასების გარეშე, სიმშვიდითა და მიმღებლობით. მსგავსი მიდგომა დაგეხმარებათ, არ გქონდეთ მძაფრი რეაქცია კონკრეტულ მოვლენაზე და შეინარჩუნოთ სიმშვიდე.
მედიტაცია აუმჯობესებს ძილის ხარისხს და ამცირებს გამოძინებისთვის საჭირო დროს – როდესაც გეძინებათ, თქვენს სხეულს და გონებას არა უბრალოდ ძილი, არამედ დასვენება სჭირდება. იქიდან გამომდინარე, რომ მედიტაციის დროს სხეული ძალიან ღრმა რელაქსაციის შრეებში შედის, დაღლილობა იხსნება და გამოსაძინებლად ნაკლები დროა საჭირო. დაძინებამდე კი გონება უფრო მშვიდია, არ შფოთავს და ფიქრები არ გაგირბით. რაც უფრო მშვიდია გონება, მით უფრო მარტივი და სასიამოვნოა ძილის სხვადასხვა ფაზაში გადასვლა.
მედიტიცია აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს – ალბათ ხშირად შეგინიშნავთ, მუშაობის ან მეცადინეობის დროს თითქოს გონება გაგირბით. მუშაობის პარალელურად ახერხებთ 1000 ადგილას იყოთ და გონებაში მილიონი საქმე მოაგვაროთ. სამწუხაროდ, ეს ხშირად არა ჩვენს სისხარტეზე, არამედ კონცენტრაციის ნაკლებობაზე მეტყველებს და საქმის ხარისხზეც უარყოფითად აისახება. მედიტაციის მუდმივი პრაქტიკა გონებას ფიქრების ნაკადის შენელებას (ან სულაც გაჩერებას) აჩვევს, რაც მას საშუალებას აძლევს, 100 პროცენტით იყოს ამ მომენტში. ეს კი, სრული ყურადღების ერთ საკითხზე მიპყრობის ჩვევას გამოგიმუშავებთ. შედეგად, თქვენი კონცენტრაციის უნარი გაიზრდება.
მედიტაცია ხელს უშლის ტვინის დაბერების პროცესს – კვლევების შედეგად დასტურდება, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ტვინში რუხი ნივთიერების რაოდენობა იკლებს. თუმცა, მედიტაციის პრაქტიკოსებს 50 წლის ასაკში ტვინში დაახლოებით იგივე რაოდენობის რუხი ნივთიერება აქვთ, რაც – 25 წლის ასაკში. რუხი ნივთიერება ტვინის ნეირონული უჯრედების უმრავლესობას შეიცავს. ის მოიცავს ტვინის იმ ნაწილებს, რომლებიც პასუხისმგებელია მეხსიერებაზე, გადაწყვეტილების მიღებაზე, თვითკონტროლზე, კუნთების კონტროლზე, ემოციებზე, სმენაზე, მეტყველებაზე და ა.შ.
მედიტაცია აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას – მედიტაცია დადებით გავლენას ახდენს გულისცემის რითმის ცვალებადობის (HRV) მაჩვენებელზე. კვლევების თანახმად, 10 დღის მანძილზე 5 წუთიან მედიტაციასაც კი შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს გულისცემის რითმის ცვალებადობის მაჩვენებელზე.
გაითვალისწინეთ, რომ მედიტაციის შემდეგ შეიძლება მომენტალურად იგრძნოთ შვება, თუმცა იმისთვის, რომ რეალური, გრძელვადიანი შედეგები მიიღოთ და შეინარჩუნოთ, აუცილებელია ყოველდღიური, სტაბილური პრაქტიკა გარკვეული დროის მანძილზე. დასაწყისისთვის ეცადეთ, ყოველდღიურად იმედიტიროთ სულ მცირე 40 დღის მანძილზე. ამის შემდეგ, დიდი შანსია, თქვენმა ორგანიზმმა მედიტაცია თავად მოგთხოვოთ.