თანამედროვე მსოფლიოში, ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ძილის პრობლემა. დღევანდელი ცხოვრების სწრაფი რიტმი, უმეტესწილად, უარყოფითად აისახება ჩვენს ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ მდგომაროებაზე. ადამიანებს უჭირთ დაძინება, გამოძინება, დილით ადრე გაღვიძება, აწუხებთ შფოთვები და ა.შ.
თუ დილით დაღლილი იღვიძებთ, ესე იგი თქვენმა ორგანიზმმა კარგად ვერ გამოიძინა. ძილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ჯანმრთელობაში. ძილის დროს სხეულში ძალიან ბევრი ფუნქციის აღდგენა ხდება. თუ ამ პროცესს მუდამ ხელი ეშლება, გარკვეული პერიოდის შემდეგ, სუსტდება იმუნიტეტი და იმატებს გაციების, გრიპისა და სხვა ვირუსული დაავადებების რისკი.
თუ დაკვირვებიხართ, ხშირ შემთხვევაში ავად როცა ხდებით, თითქოს ეს ყველაფერი გადაღლილობის გამო ხდება და თქვენს ორგანიზმს დასვენება სჭირდება.
შეგვიძლია მოგცეთ რამდენიმე რჩევა, რაც დაგეხმარებათ უკეთ გამოიძინოთ და, ამავდროულად, იყოთ უფრო ენერგიული და ჯანმრთელი.
საკვები
ალბათ თითქმის ყველასთვის ცნობილია, რომ ძილის წინ ჭამა არ არის კარგი. უმჯობესია დაძინებამდე 3 საათით ადრე არაფერი მიირთვათ, ან მინიმუმ 2 საათით ადრე მაინც. აქ იგულისხმება ყველანაირი საკვები, წახემსებაც კი. როცა დაასრულებთ ვახშამს, ეცადეთ დაძინებამდე აღარაფერი მიირთვათ.
შხაპი
ძილის წინ ძალიან კარგია შხაპის მიღება. წყალი არამარტო ორგანიზმისთვის და ჰიგიენისთვის არის კარგი, არამედ გონებისთვისაც. განსაკუთრებით თუ მთელი დღის მანძილზე ხალხთან გაქვთ ურთიერთობა, ქვეცნობიერად და უხილავად ბევრ არა სიჭირო ინფორმაციას და “აურას” იზიდავთ. წყალი დაგეხმარებათ რომ ამისგან გათავისუფლდეთ და, შესაბამისად, უკეთ დაიძინოთ.
უმჯობესია ოდნავ გრილი წყალი გადაივლოთ. დილით გაცილებით გაგიადვილდებათ ადგომა. ძალიან ცხელი წყლით ბანაობა ზედმეტად ადუნებს ორგანიზმს და გაღვიძებაც უფრო რთული ხდება.
წყალი
კარგი იქნება თუ ძილის წინ 1 ან 2 ჭიქა წყალს დალევთ, რაც კუჭის მოქმედებისთვისაც სასარგებლოა. წყლის საჭირო დოზა ყველასთვის ინდივიდუალურია, ეცადეთ იპოვოთ თქვენი დოზა ისე, რომ ღამე არ მოგიწიოთ ჭარბი წყლის მიღების გამო ადგომა. თუ ისედაც დგებით, მაშინ, მითუმეტეს, დალიეთ.
სწორი პოზა
ძილის დროს თავი არ დადოთ ჩრდილოეთისკენ, რადგან ეს იწვევს ზედმეტი სისხლის კონცენტრირებას თავში, რაც არც ძილისთვის არის კარგი და არც ჯანმრთელობისთვის. უფრო ვრცლად იხილეთ ეს სტატია.
ასევე კარგი იქნება თუ მარცხენა მხარეს გადაბრუნებული არ დაიძინებთ, რადგან გულზე მოდის ზედმეტი დატვირთვა.
მედიტაცია
თუ რაიმე მედიტაციას აკეთებთ ძილის წინ კარგი დროა. თუ არა, ამ თემას შემდეგ სტატიებში გაგიზიარებთ. მაგრამ აქტიური მედიტაციის გაკეთება, რაც მოიცავს სუნთქვით ვარჯიშებს, ძილის წინ სასურველი არ არის.
მაღვიძარა
განსაზღვრეთ რამდენი საათი გყოფნით ძილი და იმის მიხედვით დაიძინეთ საღამოს. მაგალითად ზოგს ხუთი საათი ყოფნის, ზოგს რვა საათი სჭირდება. ასეთ შემთხვევაში მაღვიძარა არ დაგჭირდებათ და ბუნებრივად გაიღვიძებთ.
მაგრამ თუ ვერ გარისკავთ მაღვიძარის გარეშე, მაშინ კარგი იქნება თუ რაიმე სასიამოვნო მუსიკას დააყენებთ და არა ტელეფონის ზარებს რომელიც მალევე გამაღიზიანებელი ხდება. როცა მუსიკა აღარ მოგწონთ, შეცვალეთ მაშინვე.
დილით ადგომა
დილით გაღვიძებისას, კარგი იქნება თუ იმ წამსვე ტელეფონში შეტყობინებების შემოწმებას არ დაიწყებთ. იმიტომ, რომ თუ რაიმე ისეთს წაიკითხავთ, რაც არ მოგეწონებათ, მთელი დღე უსიამოვნო შეგრძნება გექნებათ. დილას როგორც დაიწყებთ, სწორად ისეთი ფონი გაგყვებათ მთელი დღის მანძილზე.
ხომ გირჩევნიათ რომ სასიამოვნოდ გრძნობდეთ თავს? ამიტომ რომ გაიღვიძებთ პირველ რიგში გაიღიმეთ : ) მართლა! შეიძლება ეს უცნაურად მოგეჩვენოთ, ან თითქოს არ გეღიმებოდეთ, მაგრამ მაინც, გაიღიმეთ – ახალი დღეა, ახალი სიცოცხლე და თქვენ ცოცხალი ხართ – საკმარისი საბაბია რომ გაიღიმოთ : ) სცადეთ და ნახავთ, როგორ შეუძლია ამ პატარა მოქმედებას თქვენი განწყობის შეცვლა.
როცა საკმარისად გამოფხიზლდებით და ადგომას დააპირებთ, მარჯვენა მხარეს გადაბრუნდით და ისე ადექით, რადგან როცა სხეული მოდუნებულია და უცბად იწყებთ მოქმედებას, წარმოიქმნება გარკვეული ბიძგი, რაც არასასურველია რომ გულის მხარეს იყოს.
ტკბილ ძილს გისურვებთ!