დეპრესია თუ მავნე ჩვევების შედეგი?
3 წუთიანი საკითხავი
დეპრესია თუ მავნე ჩვევების შედეგი?

ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფრაზას  – „დეპრესიაში ვარ“, ნებისმიერი ასაკის და სტატუსის მქონე ადამიანისგან მოისმენთ. რა თქმა უნდა, ზოგიერთს  მართლა აქვს დეპრესიული აშლილობა და შესაბამისი სამედიცინო დახმარება სჭირდება. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ვამბობთ – „დეპრესია მაქვს“, ვგულისხმობთ, რომ უხასიათოდ ვართ და შფოთვები გვაწუხებს. ეს მდგომარეობა კი, უმეტესად, ჩვენი მავნე ჩვევების ლოგიკური შედეგია. ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ ყველაზე გავრცელებულ, ერთი შეხედვით – „უწყინარ“ ჩვევებს, რომლებსაც, საბოლოო ჯამში, იმ მდგომარეობამდე მივყავართ, როცა ცხოვრებაც კი „გვეზარება“.

არაჯანსაღი კვება. სისტემატურად არაჯანსაღი საკვების მიღება აუცილებლად აისახება ადამიანის როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ მდგომარეობაზე. შეუძლებელია მუდმივად არაჯანსაღად იკვებებოდეთ და თავს ენერგიულად გრძნობდეთ. არასწორ კვებას სიმძიმის შეგრძნება, უენერგიობა, ფიზიკური სისუსტე მოსდევს… ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თქვენს ხასიათზეც აისახება. უფრო რთულ შემთხვევებში კი თავს იჩენს ისეთი სერიოზული დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, ოსტეოპოროზი, გულ-სისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადება, ჰიპერტონია, სიმსუქნე და ა.შ.

წუწუნი და საკუთარი თავის შეცოდება. ხომ შეგიმჩნევიათ, როდესაც ცხოვრებაში რაღაც ისე არ მიდის, როგორც გვსურს, მაშინ სხვას ვადანაშაულებთ. ხოლო როცა ყველაფერი კარგად მიდის, – ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი დამსახურებაა! წუწუნი მარტივია, მაგრამ რთული სიტუაციიდან გამოსვლა საკუთარი თავის შეცოდებით ვერ მოხდება. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმის გაცნობიერებით, რომ ყველაფერზე, რაც ჩვენ ცხოვრებაში ხდება, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ. მართალია, ბევრი რამ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ის, თუ როგორი რეაქცია გვექნება და როგორ მოვიქცევით ამა თუ იმ სიტუაციაში, მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული.

წარსულის დაუსრულებელი ანალიზი. ადამიანებს ფიქრებით მუდმივად წარსულში ყოფნა და იმის ანალიზი გვახასიათებს, თუ რა მოხდებობა სხვაგვარად რომ მოვქცეულიყავით. მნიშვნელოვანია გავაცობიეროთ, რომ ის, რა მოცემულობაც ამ მომენტში გვაქვს,  სხვანაირი ვეღარ გახდება იმიტომ, რომ ეს უკვე მოხდა. ასე რომ, აზრს მოკლებულია წარსულზე ფიქრი და არშემდგარზე დარდი.

ტოქსიკური ურთიერთობები. სამწუხაროდ, ადამიანები ხშირად ტოქსიკური ურთიერთობების მონაწილე არიან, თანაც ისე, რომ ამას ვერც კი აცნობიერებენ. ამგვარი ურთიერთობები შეიძლება გქონდეთ ყველგან: სამსახურში, სამეგობროში თუ საკუთარ სახლში. დაფიქრდით, იქნებ უხასიათობას თქვენს გარშემო მყოფი ის ადამიანები იწვევენ, რომლებიც თვითშეფასებას გისუსტებენ ან თავისუფლებას გიზღუდავენ?

სოციალურ ქსელზე დამოკიდებულება. სოციალური ქსელის ხშირი გამოყენება დამოკიდებულებას იწვევს. თუ დააკვირდებით ყოველდღიურად რამდენ საათს ატარებთ ფეისბუქის „სქროლვაში“, არასასიამოვნოდ გაოცდებით. სამწუხაროდ, სოციალურ ქსელებზე დამოკიდებული ადამიანები ხშირად საკუთარ თავს სხვებს ადარებენ, მათ, ვისი ცხოვრება და ვიზუალი, ინსტაგრამის ფილტრების წყალობით, იდეალური ეჩვენებათ. შედეგად ეცემა თვითშეფასება. უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი უნიკალურია და საკუთარი თავის სხვებთან შედარება არასწორია. ამიტომ, უმჯობესია შესაძლოდ ცოტა დრო გავატაროთ სოციალურ ქსელებში და ძვირფასი დრო საკუთარი თავის განვითარებას მოვახმაროთ.

ძილის ნაკლებობა. მუდმივი გამოუძინებლობა ადამიანის ორგანიზმზე დამანგრევლად მოქმედებს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ჰიპერტონიის, იმუნიტეტის დაქვეითების, ქრონიკული თავისტკივილის, ემოციური დისბალანსის და გაღიზიანებულობის გამოწვევა შეუძლია.

თამბაქო და ალკოჰოლი. თამბაქოს და ალკოჰოლს სტრესის მოხსნის მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი მათი მოხმარება სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებამდე და ნაადრევ დაბერებამდე მიგვიყვანს.

ზოგჯერ, როდესაც ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას გადავწყვეტთ, სურვილი გვიჩნდება ეს ერთბაშად და ერთ დღეში განვახორციელოთ. თუმცა, ასე ძალიან რთული ან შეუძლებელია. ჯობს ავირჩიოთ ერთი კონკრეტული რამ და მის ცვლილებაზე ვიმუშაოთ.

თუ გულწრფელი სურვილი გაქვთ, რომ ჯანმრთელი და ბედნიერი იყოთ, ეტაპობრივად იმ ყველაფრის შეცვლას შეძლებთ, რაც თქვენს კარგად ყოფნას უშლის ხელს.

გამოქვეყნების თარიღი: 10 აპრილი, 2020წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები