რა გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე ბუნების წიაღში ყოფნა
3 წუთიანი საკითხავი
რა გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე ბუნების წიაღში ყოფნა

ალბათ შეგინიშნავთ – თუ ცუდ ხასიათზე ხართ, მაშინ მწვანე გარემოში ან სანაპიროზე გასეირნება სიმშვიდისა და ბედნიერების შეგრძნებას გგვრით. ისიც ხომ გსმენიათ, რომ იმ ავადმყოფების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთა პალატის ფანჯრიდანაც გამწვანებული ბუნება ჩანს, უფრო სწრაფად უმჯობესდება? საქმე ისაა, რომ ადამიანის ბუნებისკენ სწრაფვა მრავალსაუკუნოვანი ევოლუციური პროცესის შედეგია. მოდით, უფრო დეტალურად გავერკვეთ რა გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე ბუნების წიაღში ყოფნა.

ამცირებს სტრესის ჰორმონის დონეს ორგანიზმში. ბუნებაში 20 წუთის გატარებას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს სხეულში სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის დონე. ერთ კვლევაში მონაწილე ადამიანები კვირაში 3-ჯერ სულ მცირე 10 წუთს ატარებდნენ გამწვანებულ გარემოში – ეზოებში, სკვერებში და ა.შ. ბუნებაში გასვლამდე და მის შემდეგ მონაწილეების ნერწყვის სინჯით მოწმდებოდა ორგანიზმში კორტიზოლის დონე. ჰორმონის მაჩვენებელში ყველაზე მნიშვნელოვანი ვარდნა  ბუნებაში 20-დან 30 წუთის გატარებისას შეინიშნებოდა. იმ შემთხვევაში, თუ ექსპერიმენტის მონაწილეები ბუნებაში 30 წუთზე მეტს ატარებდნენ, მაშინ ამ დამატებითი დროის განმავლობაში ჰორმონის დონის შემცირება შედარებით ნელა ხდებოდა. ასე რომ, თუ თავს უხასიათოდ ან დაძაბულად გრძნობთ, გაისეირნეთ სიმწვანეში სულ რაღაც 20 წუთით. გაატარეთ ეს დრო სიმშვიდეში და ბუნებასთან ჰარმონიაში, ისუნთქეთ სუფთა ჰაერი და მოუსმინეთ ჩიტების გალობას.

ასუფთავებს თქვენს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან.ბუნებაში დროის გატარება ჩვენს სხეულს მავნე ტოქსინებისგან გათავისუფლებაში ეხმარება. დღეს ჰაერი, სამწუხაროდ,  უკიდურესად დაბინძურებელია სხვადასხვა ქიმიკატებით, ავტომობილების გამონაბოლქვით, სამშენებლო მტვერით და ა.შ. ეს ყველაფერი კი სუნთქვის გართულებას, ასთმას, ბრონქიტს, სასუნთქი გზების სხვადასხვა დაავადებასა და გართულებებს იწვევს. ასეთ ვითარებაში რა უნდა აჩუქოთ საკუთარ თავს უფრო ძვირფასი, ვიდრე სუფთა ჰაერი და ბუნებასთან სიახლოვეა?

აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. იმისთვის, რომ თქვენი ტვინი სრულყოფილად ფუნქციონირებდეს, საჭიროა ის დასვენებული იყოს. ბუნებაში სულ რაღაც 20 წუთის გატარება საკმარისია იმისთვის, რომ თქვენი ტვინი განიტვირთოს, აღიდგინოს ფუნქციები და დასვენებული შეუდგეს საქმეს. ბუნებაში ყოფნა კონცენტრაციისა და შემოქმედებით უნარსაც აუმჯობესებს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ბავშვები, რომლებსაც ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი აქვთ, გაცილებით უკეთ ართმევენ თავს გონებრივ სამუშაოს გარეთ, სიმწვანეში, ვიდრე შინ.

თუ მუშაობის ან მეცადინეობის დროს გადაიღალეთ და წინ ვეღარ მიდიხართ, თქვენი შემოქმედებითი უნარი შეფერხდა და იდეების გენერირებას ვეღარ ახერხებთ, ცოტა ხნით შეისვენეთ, გაისეირნეთ გამწვანებულ გარემოში 20-30 წუთით. შემდეგ დაუბრუნდით საქმეს. შედეგით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით.

გამარაგებთ D ვიტამინით. ადამიანი საკვებიდან ვერ იღებს საკმარისი რაოდენობის D ვიტამინს, რისი დაბალანსებაც ბუნებაში ყოფნით და მზეზე  მიფიცხებით არის შესაძლებელი. ორგანიზმში D ვიტამინის საკმარისი დოზა ისეთი დაავადებებისგან დაგიცავთ, როგორიცაა ოსტეოპოროზი, სიმსივნე, დიაბეტი და სხვა. ბუნებაში ყოფნა დაგეხმარებათ შეივსოთ D ვიტამინის დეფიციტი, რაც დღეს მსოფლიოს მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს.

ბუნებასთან სიახლოვე დადებითად არა მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობასა და მენტალურ მდგომარეობაზე აისახება, არამედ დაგეხმარებათ მეტი კავშირი იგრძნოთ დედამიწასთან და მადლიერების გრძნობა გაგიჩნდეთ მის მიმართ. შედეგად, მეტად გაუფრთხილდებით გარემოს და იზრუნებთ მასზე. გარემოზე ზრუნვა კი თქვენი და მომავალი თაობების ჯანმრთელი მომავლის საფუძველია.

გამოქვეყნების თარიღი: 23 ივლისი, 2020წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები