კოფეინზე დამოკიდებულება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში. იმისთვის, რომ მთელი დღის მანძილზე პროდუქტიულობა და კონცენტრაციის უნარი შეინარჩუნონ, ადამიანები დიდი ოდენობით ყავას, ენერგეტიკულ სასმელებს და სხვადასხვა კოფეინის შემცველ პროდუქტს იღებენ. კოფეინი ნერვულ სტიმულატორია. ის ხელს უწყობს ორგანიზმში ადრენალინის გამოყოფას გულის ცემის სიხშირისა და სისხლში შაქრის შემცველობის ზრდის ხარჯზე, რაც მცირე ხნით მართლაც შეგმატებთ ენერგიას. თუმცა, როგორც ვიცით, სხეულში ადრენალინის გამოყოფა სტრესის საპასუხოდ ხდება ხოლმე, სტრესი კი ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს.
კოფეინის დიდი დოზის რეგულარული მიღებისას, შესაძლოა შეგაწუხოთ უძილობამ, მარტივად გაღიზიანებამ, არარიტმულმა გულისცემამ და ა.შ. ხშირად კოფეინზე დამოკიდებულება იმდენად ძლიერია, რომ თუ ერთ დღეს მის გარეშე გაატარებთ, თავს დაქანცულად იგრძნობთ და, შესაძლოა, ძლიერმა თავის ტკივილმაც შეგაწუხოთ.
გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს, რომლის ყოველდღიურობაში დანერგვით თავს უფრო ენერგიულად იგრძნობთ და დღის განმავლობაში რამდენიმე ფინჯანი ყავის დალევა აღარ დაგჭირდებათ.
მიიღეთ კონტრასტული შხაპი. ცხელი წყლით ბანაობა ბევრი ადამიანის საყვარელი პროცედურაა. თუმცა, ამ შემთხვევაში თქვენი სხეული დუნდება. თუ ენერგიის მიღება გსურთ, პირიქით, გრილი წყალი უნდა გადაივლოთ. ძალიან სასარგებლოა კონტრასტული შხაპის მიღებაც: თავდაპირველად გადაივლეთ ცხელი წყალი, შემდეგ – გრილი, თან ნელ-ნელა დაუწიეთ წყლის ტემპერატურას, სანამ ის სრულად არ გაცივდება. გაიმეორეთ რამდენჯერმე და თითოეული ციკლი ცივი წყლის გადავლებით დაასრულეთ. კონტრასტული შხაპის მიღება გმატებთ ენერგიას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს იმუნიტეტს. ეცადეთ თავდაპირველად ცივ შხაპს სხეულის მარჯვენა მხარე შეუშვიროთ. ამგვარად, გულზე ზედმეტ დატვირთვას აირიდებთ.
დაიწყეთ დილა ჭიქა წყლით. დილით, გაღვიძებისთანავე დალიეთ ერთი ჭიქა წყალი. თუ ჯანმრთელობის პრობლემები არ გაწუხებთ, შეგიძლიათ ცოტაოდენი ლიმონიც ჩააწუროთ. ეს ენერგიას შეგმატებთ და მეტაბოლურ აქტივობასაც „გამოაღვიძებს“. ზოგადად, იმისთვის, რომ ენერგიული იყოთ, დღის განმავლობაში საკმარისი ოდენობის წყალი მიიღეთ. სხეულის 70% წყლისგან შედგება, დეჰიდრატაციას კი შეუძლია გამოიწვიოს დაქანცულობა და თავის ტკივილი.
მიირთვით მეტი ცოცხალი ხილი და ბოსტნეული. იმისთვის, რომ თავი ენერგიულად იგრძნოთ, მნიშვნელოვანია რას და რა სიხშირით ჭამთ. იოგას მიმდევრები ამბობენ, რომ თუ საკვების მიღების შემდეგ დაღლილობას გრძნობთ და გეძინებათ, ესე იგი – არასწორად იკვებებით. თუ დააკვირდებით, მძიმე საკვების (მაგალითისთვის – ხორციანი და ცხიმიანი კერძების) მიღების შემდეგ თავს გამოფიტულად გრძნობთ. თერმულად დაუმუშავებელი ხილისა და ბოსტნეულის მირთმევის შემდეგ კი, მომენტალურად იგრძნობთ ენერგიის მატებას. ეცადეთ არ ჭამოთ ხშირად, რადგან დღის განმავლობაში მთელი ენერგია საკვების მონელებაზე დაიხარჯება. შედეგად ნაკლები ენერგია დაგრჩებათ გონებრივი თუ ფიზიკური აქტიურობისთვის.
დაკავდით იოგით და მედიტაციით. სწორად შესრულებული იოგას პრაქტიკები საუკეთესო საშუალებაა გონებისა და სხეულის „რესტარტისა“ და მეტი ენერგიის მიღებისთვის. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მედიტაციისა და ჰათჰა იოგას ვარჯიშებისთვის დღის განმავლობაში 25 წუთის დათმობა აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და ზრდის ორგანიზმის ენერგიის დონეს. პირადი გამოცდილებით, ახლა დაახლოებით 2 საათით ნაკლები ძილი მჭირდება, ვიდრე იოგას და მედიტაციის პრაქტიკას დავიწყებდი. საქმე ისაა, რომ ჩვენს სხეულს დასვენება სჭირდება, და არა ძილი. მედიტაციის დროს კი რელაქსაციის ძალიან ღრმა შრეებში შედიხართ. სწორედ ამიტომ, რეგულარული პრაქტიკის შემდეგ შენიშნავთ, რომ ნაკლები ძილი გჭირდებათ.
თუ კოფეინზე უარის თქმა გიჭირთ, არ არის აუცილებელი თავიდანვე სრულად გამორიცხოთ ის რაციონიდან. ეცადეთ ნელ-ნელა და უმტკივნეულოდ შეიტანოთ ჩამოთვლილი მარტივი ჩვევები ყოველდღიურობაში. თანდათან იგრძნობთ, რომ თქვენი ენერგიის დონე იმატებს და კოფეინით ენერგიის ხელოვნური სტიმულირება სულ უფრო ნაკლებად გჭირდებათ.