გვიანობამდე ფხიზლად ყოფნა და დღისით ძილი
3 წუთიანი საკითხავი
გვიანობამდე ფხიზლად ყოფნა და დღისით ძილი

რა მნიშვნელობა აქვს როდის დავიძინებთ, ღამით თუ დღისით, თუ 7-9 საათის განმავლობაში გვეძინება?  როგორც აღმოჩნდა, როდის გვძინავს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ის, თუ რამდენი გვძინავს.

ღამის საათებში ძილი ადამიანისთვის ბუნებრივია. ჩვენი შორეული წინაპრები იძინებდნენ მაშინ, როდესაც ბნელოდა და ტემპერატურა ეცემოდა. ადამიანი სწორედ ასე განვითარდა. თუმცა, თანამედროვე ცხოვრებამ ძილის ციკლი ბევრს აგვირია, რასაც ჩვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენა აქვს.

იმის დასადგენად თუ რა გავლენა აქვს ძილის დროს ჩვენს ორგანიზმზე, კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერები სისხლში ცილის დონის ცვლილებას დააკვირდნენ. შედეგად, მათ აღმოაჩინეს, რომ ღამის ნაცვლად დღისით ძილმა ჩვენს ორგანიზმში შესაძლოა მთელი რიგი უარყოფითი ცვლილება გამოიწვიოსუფრო კონკრეტულად კი, ცილის დონის ცვლილება, მათ შორის იმ ცილების, რომელსაც ზეგავლენა აქვს სისხლში შაქარზე, მეტაბოლიზმსა და იმუნურ ფუნქციაზე. 

იმიტირებული ღამის ცვლის კვლევა

კვლევა მიზნად ისახავდა შეესწავლა, როგორ იცვლება ცილის დონე ადამიანის სისხლში 24 საათის განმავლობაში, და როგორ ახდენს მასზე გავლენას კვებისა და ძილის დრო. მასში ექვსი ჯანმრთელი, 20-დან 30-წლამდე ასაკის მამაკაცი მონაწილეობდა. ისინი 6 დღის განმავლობაში ცხოვრობდნენ კლინიკური კვლევების ცენტრში, სადაც სინათლის ზემოქმედება, მათი კვება, ძილი და აქტივობები მკაცრად კონტროლდებოდა.

კვლევის პირველი ორი დღის განმავლობაში მონაწილეები ჩვეულებრივ ცხოვრობდნენ, ღამით ეძინათ, ხოლო დღისით კი ჭამდნენ და აქტივობებით კავდებოდნენ. ორი დღის შემდეგ ისინი თანდათან გადაიყვანეს ღამის ცვლის იმიტირებულ რეჟიმზე. ახალი რეჟიმით მონაწილეები მთელ ღამეს ათენებდნენ, დღისით 8 საათი ეძინათ და ღამით იკვებობდნენ. მკვლევარები ყოველ 4 საათში სისხლის ნიმუშს იღებდნენ და ახალი ტექნოლოგიის საშუალებით აფასებდნენ 1129 ცილის დონეს დღის სხვადასხვა მონაკვეთებში.

მათ აღმოაჩინეს 129 ცილა, რომელთა პატერნიც რეჟიმის შეცვლის შემდეგ დაირღვა და შეიცვალა. ის ცილები, რომელიც ჩვეულებრივ რეჟიმში დღის განმავლობაში აღწევდნენ პიკს, ღამის რეჟიმში პიკს ღამით აღწევდნენ და პირიქით.

ღამის გათენება და დილით ძილი მოქმედებს სისხლში შაქრისრაოდენობაზე

ერთ-ერთი ასეთი ცილა იყო გლუკაგონი, რომელიც ღვიძლს უბიძგებს მეტი შაქარი სისხლში გადაიტანოს. როდესაც მონაწილეები ღამის განმავლობაში ფხიზლობდნენ – გლუკაგონის დონე იწევდა, რაც სისხლში შაქრის დონესაც ზრდიდა. გარდა ამისა, ღამის პიკში დონე უფრო მაღალი იყო, ვიდრე დილის პიკში. შესაბამისად, ღამით უფრო მეტი შაქარი გამოიყოფოდა, ვიდრე დღისით პიკის შემთხვევაში. მკვლევარების აზრით, ეს ხსნის, თუ რატომ არის დიაბეტის შემთხვევები მაღალი მათში, ვინც ღამის ცვლაში მუშაობს.

ღამით სიფხიზლის გამო გაცილებით ნაკლებ კალორიას ვწვავთ

იმიტირებულმა ღამის ცვლის გრაფიკმა ასევე შეამცირა ორგანიზმში ფიბროვლასტის ზრდის ფაქტორის დონე, რომელიც ცხოველებში აძლიერებს კალორიების წვასა და ენერგიის ხარჯვას. მართლაც, კვლევის მონაწილეები საათში 10%-ით ნაკლებ კალორიას წვავდნენ, როდესაც ღამის ნაცვლად დღისით ეძინათ.

ღამის ნაცვლად დღისით ძილი უარყოფითად მოქმედებს ჩვენსორგანიზმზე

კვლევამ აჩვენა, რომ ღამით სიფხიზლე და დღისით ძილი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე არასწორ დროს კვებისა და ღვიძილის გამო. ჩვენი ორგანიზმი სწრაფად რეაგირებს, როდესაც ღამეს ვათევთ, დღისით კი გვძინავს. ჩვენი ნორმალური ფიზიოლოგია და ორგანიზმში მიმდინარე პროცესები იცვლება. 

ეს საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძილის არეული რეჟიმი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელდება.

ძილის რეჟიმის დარღვევა მოქმედებს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე

ღამის სრულფასოვანი, ხარისხიანი ძილი პირდაპირ კავშირშია ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობასთან. ძილის უკმარისობა და მისი დარღვეული რეჟიმი უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ემოციებსა და ფუნქციონირების უნარზე.

ნეირომეცნიერები მიუთითებენ, რომ ღამით ძილს შეუძლია “გადატვირთოს” და “დატენოს” ჩვენი გონება და მოამზადოს ის მეორე დღის ემოციური გამოწვევებისათვის.  ის ისევე გვჭირდება, როგორც, მაგალითად, მობილურ ტელეფონს ესაჭიროება დატენვა ხანგრძილივი გამოყენების შემდეგ. რეგულარული ძილისა და გაღვიძების ციკლი ეხმარება ჩვენს ორგანიზმს ბუნებრივი რიტმის შენარჩუნებაში, რის შედეგად ტვინიც უკეთ ფუნქციონირებს.

ძილის რეჟიმის დარღვევა დეპრესიული აშლილობის განვითარების მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია. მას შეუძლია გამოწვიოს დეპრესია და შფოთვა (ასევე, გააუარესოს არსებული  დეპრესია და შფოთვითი აშლილობა). ძილის ნაკლებობამ ან/და არასწორ დროს ძილმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს უხასიათობა, გაღიზიანება, ფსიქოზური ეპიზოდები, კოგნიტური ფუნქციონირების დაქვეითება, მაგალითად რაიმეს დავიწყება, მარტივი შეცდომების დაშვება, შენელებული აზროვნება და სხვა.

ამიტომ, ჩვენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ძილის ნორმალური რეჟიმის დაცვა და ღამით ძილი 7-9 საათის განმავლობაში.

გამოქვეყნების თარიღი: 05 აპრილი, 2021წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები