მითები ძილის შესახებ
3 წუთიანი საკითხავი
მითები ძილის შესახებ

ძილი ადამიანისთვის ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესია. მის გარეშე ჯანმრთელობის შენარჩუნება და ფიზიკური სხეულისა და გონების სრულფასოვანი ფუნქციონირება შეუძლებელია. ხშირი უძილობა უარყოფითად მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემაზე, არტერიულ წნევაზე, ჰორმონალურ ბალანსზე, მეტაბოლიზმზე, იმუნურ სისტემასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ძილის მნიშვნელობას სათანადო ყურადღება არ ექცევა. ამას ძილის შესახებ გავრცელებული არა ერთი მითიც უწყობს ხელს. განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული მითები:

მითი #1 – გამოუძინებლობის „ანაზღაურება“ შესაძლებელია

თანამედროვე ცხოვრების ძალიან სწრაფი ტემპისა და გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ხშირად ადამიანები კვირის დღეებში გამოძინებას ვერ ახერხებენ. თუმცა თავს იმით იმშვიდებენ, რომ უძილო ღამეებს შაბათ-კვირას გემრიელად გამოძინებით დააბალანსებენ. სამწუხაროდ, ორგანიზმის დასვენებისა და ძალების აღდგენის მექანიზმი ასე მარტივად არ მუშაობს. სინამდვილეში, შაბათ-კვირას გვიანობამდე ძილი სარგებელს ვერ მოგიტანთ და ვერც კვირის განმავლობაში, უძილობით გამოწვეულ ზიანს შეამცირებს. ეცადეთ, შეიმუშავოთ გრაფიკი და ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს გაიღვიძოთ და დაიძინოთ. ამ გზით, უძილობით გამოწვეული ქრონიკული დაავადებების რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებთ.

მითი #2 – შესაძლებელია, რომ სხეული ნაკლებ ძილს მიაჩვიოთ

კვლევებით დასტურდება, რომ მუდმივი გამოუძინებლობა, გრძელვადიან პერსპექტივაში,  უარყოფითად აისახება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ეს შეუქცევადი პროცესია. შეუძლებელია ტვინი და სხეული უბრალოდ მიაჩვიოთ ნაკლებ ძილს.

უძილო ღამეების მომდევნო პირველი რამდენიმე დღის მანძილზე, ძილის სურვილი უფრო მეტად შეგაწუხებთ და დროსთან ერთად ეს შეგრძნება თანდათან დასტაბილურდება და ძილიანობაც შემცირდება. შეიძლება ჩათვალოთ კიდეც, რომ თქვენი სხეული ნაკლებ ძილს მიეჩვია. თუმცა სინამდვილეში ეს მხოლოდ ზედაპირული ეფექტია და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნაკლები ძილი თქვენს ჯანმრთელობასა და ეფექტურ ფუნქციონირებაზე უარყოფითად არ აისახება.

მითი #3 – ძილის წინ ჭიქა ღვინის დალევა გამოძინებაში დამეხმარება

მართალია, დაძინებამდე ჭიქა ღვინის მიღება მართლაც გეხმარებათ მოდუნებაში და ჩაძინებაც თითქოს უფრო მარტივია, თუმცა ძილის წინ ალკოჰოლის მიღება არღვევს სწრაფი ძილის ფაზას, რომელშიც ღამის 25%-ს ვატარებთ და რომელიც უმნიშვნელოვანესია ორგანიზმის აღდგენითი პროცესებისთვის. გარდა ამისა, ალკოჰოლის ზემოქმედების შედეგად, თქვენი ძილი უფრო ფხიზელი, სუნთქვა კი გართულებული ხდება. სწორედ ამიტომაა რეკომენდებული, რომ ალკოჰოლის მიღება დაძინებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე შეწყვიტოთ.

მითი #4 – ზრდასრული ადამიანისთვის მხოლოდ 5 საათიგამოძინება საკმარისია

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მავნე მითია ძილის შესახებ. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, ზრდასრულ ადამიანს დაახლოებით 7-დან 9 სთ-მდე ძილი ესაჭიროება. არსებობენ ინდივიდები, რომელთაც გარკვეული გენეტიკური მუტაციებიდან, ან სხვადასხვა იოგური პრაქტიკის შედეგად, ნაკლები ძილი სჭირდებათ ორგანიზმის სრულფასოვანი დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ასეთი ადამიანების რიცხვი ძალიან მცირეა.

მითი #5 – ხვრინვა ძალიან გავრცელებული მოვლენაა და  პრობლემას არ წარმოადგენს. 

პერმანენტული ხვრინვა საყურადღებოა, რადგან ის შესაძლოა ძილის აპნოეს მანიშნებელი იყოს. ძილის აპნოე დაავადებაა, რომელსაც დროის გარკვეულ ინტერვალებში სუნთქვითი ფუნქციის შეწყვეტა ახასიათებს, შედეგად კი მცირდება ტვინისთვის ჟანგბადის მიწოდება. ძილის აპნოეს შეუძლია ისეთი დარღვევები გამოიწვიოს, როგორებიცაა: მაღალი არტერიული წნევა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ფსიქიკური აშლილობები, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შემცირება და ა.შ. ასე რომ, თუ ხვრინვა მუდმივად გაწუხებთ, აუცილებელია გამოიკვლიოთ მისი გამომწვევი მიზეზი.

მითი #6 – გამოძინება ნაკლებად პრიორიტეტულია

წარმოიდგინეთ, ადამიანი ცხოვრების დაახლოებით 1/3-ს ძილში ატარებს. რაც არ უნდა მნიშვნელოვნად გეჩვენებოდეთ საქმე, რომლის გამოც ღამეების გათენება გიწევთ,  გახსოვდეთ, რომ დასვენება და გამოძინებაც არანაკლებ პრიორიტეტულია, რადგან ამაზე თქვენი ჯანმრთელობაა დამოკიდებული.

გამოქვეყნების თარიღი: 14 მაისი, 2021წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები