თანამედროვე სამყაროში ბავშვები დროს, ძირითადად, კომპიუტერულ მოწყობილობებთან ატარებენ. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს უკვე სწავლა, გართობა და სოციალიზაცია სწორედ გაჯეტებსა და ინტერნეტს უკავშირდება, ეს არ შეიძლება ცალსახად ნეგატიურ ფაქტად ჩაითვალოს, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვებისთვის, ისევე, როგორც ზრდასრულებისთვის, ჯანსაღი, შემეცნებითი და მოძრავი აქტივობებით დაკავება ფუნქციურად მნიშვნელოვანია.
იმის ნაცვლად, რომ მშობელმა ბავშვს აქტიურ და შემეცნებით აქტივობებში ჩართვისკენ მოუწოდოს, სჯობს, ეს შვილებთან ერთად თვითონვე გააკეთოს. თანამედროვე კვლევა ცხადჰყოფს, რომ შვილებთან ერთად გატარებული დროის ხანგრძლივობაზე მნიშვნელოვანი, მათთან გატარებული დროის ხარისხია. ნებისმიერი აქტივობა ბავშვებისთვის (განსაკუთრებით, პატარა ასაკში) უფრო საინტერესო ხდება, თუ მას მშობელთან ერთად ასრულებს. ამ დროს ბავშვი გაცილებით თამამი, ჩართული და გაბედული ხდება, აქტივობა კი – გაცილებით საინტერესოდ ეჩვენება, თუ მას მშობელიც ისეთივე გულმოდგინებით უდგება, როგორითაც მას სთხოვს.
ამ სტატიაში გაგიზიარებთ 5 ჯანსაღსა და, იმავდროულად, სახალისო აქტივობას, რომელიც შეგიძლიათ შვილებთან ერთად შეასრულოთ.
1. დარგეთ მცენარე ერთად
ბუნებასთან ჰარმონიულად ყოფნა მნიშვნელოვანია, თუმცა მცენარის დარგვა კიდევ უფრო ღრმა დატვირთვას ატარებს, ვიდრე ეს ცოცხალ ორგანიზმზე ზრუნვასა და მოფრთხილებაში გამოიხატება. როცა ბავშვი სამყაროს ევლინება, ის ყველაფერს, მათ შორის, ბუნების ელემენტებსაც, უკვე სრულყოფილი სახით იღებს, ახლის შექმნის პროცესს კი გაცილებით გვიან ეცნობა და ეუფლება. მცენარის დარგვაში მონაწილეობით, ბავშვი შემოქმედის როლს ირგებს და საკუთარ შესაძლებლობებში ერკვევა – რწმუნდება, რომ ერთი შეხედვით მისგან დამოუკიდებელი ცოცხალი ორგანიზმი შეიძლება სწორედ მისი შემოქმედებითობის ნაყოფი გახდეს, რაც მას სიამაყით აღავსებს და თავდაჯერებულობასაც ჰმატებს. თანაც, ეს პროცესი ხომ მხოლოდ დარგვით არ სრულდება – მას თან სდევს მცენარეზე პერიოდულად ზრუნვაც, რაც ბავშვს უფრო აახლოებს ბუნებასთან და უფრო ჰუმანურს, შემწყნარებელს ხდის.
2. მოამზადეთ ჯანსაღი ხემსი/სადილი
ბავშვებში სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება ოჯახის წევრების მიბაძვით იწყება. ისინი ყველაზე უკეთ მაგალითით სწავლობენ და არა იმით, თუ რას ეუბნებიან უფროსები. იმისათვის, რომ ბავშვს ჯანსაღი საკვები შევაყვაროთ, პირველ რიგში, თავად უნდა ვიკვებოთ ჯანსაღად. ამასთან, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჯანსაღი ხემსის ან სადილის მომზადების პროცესში ბავშვის ჩართვა ნატურალურ პროდუქტებთან მის „დამეგობრებას“ გაცილებით ამარტივებს. ბოსტნეულის/ხილის ფრთხილად (საბავშვო დანით) დაჭრა, ამ ნაჭრებით სახალისო ფიგურების აწყობა და სადილის მორთვა ბავშვს ეხმარება, კარგად შეიგრძნოს პროდუქტის ტექსტურა და იგრძნოს მისი სუნი, რაც მომავალში ამ პროდუქტის დაგემოვნებისკენაც მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს. იმავდროულად, კულინარიული აქტივობები ხელს უწყობს ბავშვის ნატიფი მოტორიკის დახვეწას და განვითარებას. არ დაგვავიწყდეს, რომ ხემსის/სადილის მომზადების დროს ბავშვს ვთხოვოთ, დაიცვას ჰიგიენის წესები, ხოლო მომზადების შემდეგ – ჩვენთან ერთად მოაწესრიგოს მაგიდა.
3. ერთად დაალაგეთ რეკრეაციული ზონა
გარემოზე ზრუნვის ჩვევები ბავშვს ადრეული ასაკიდანვე უყალიბდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, მშობელი დაეხმაროს იმის გაცნობიერებაში, თუ რატომ არ უნდა დაყაროს ნაგავი, რა ზიანს აყენებს ეს ბუნებას და როგორ აისახება დანაგვიანებული გარემო ცოცხალი ორგანიზმების ჯანმრთელობაზე. იმ გარემოს მოწესრიგებაში მონაწილეობის მიღება, სადაც ბავშვი დროს ატარებს, ძალიან სასარგებლოა როგორც მისი ფიზიკური, ისე – ემოციური განვითარებისთვის. ჩააცვით ბავშვებს კომფორტული მოსაცმელი, რომელიც კარგად ფარავს სხეულს, ხელზე გაუკეთეთ დამცავი ხელთათმანები, მიეცით მსუბუქი ტომრები და მათთან ერთად გაათავისუფლეთ სკვერი ზედმეტი, უსარგებლო ნარჩენებისგან. პროცესი კიდევ უფრო სახალისო რომ გახდეს, შეგიძლიათ ისინი შესრულებული სამუშაოსთვის მედლებით ან სხვა, მათთვის სასიამოვნო წამახალისებლით დაასაჩუქროთ.
4. დაუთმეთ დრო მუსიკალურ აქტივობებს
მუსიკის მოსმენა სასიამოვნო და სასარგებლოა როგორც ბავშვებისთვის, ისე – ზრდასრულებისთვის. ის დადებითად მოქმედებს ჩვენს ფიზიკურსა თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე, განწყობასა და შემოქმედებითობაზე. გვეხმარება, ვიყოთ მეტად პროდუქტიულები და კონცენტრირებულები. ამასთან, მუსიკის მოსმენა დადებითად მოქმედებს გულსისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე და ხელს უწყობს ტვინს სისწრაფის შენარჩუნებაში. ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ, როცა მათი მშობლები მათთან ერთად დროს ხალისიანად და ენერგიულად ატარებენ, ამიტომ ჩართეთ მუსიკა, აჰყევით, იცეკვეთ შვილებთან ერთად, საყოფაცხოვრებო ნივთებისგან შექმენით მუსიკალური ინსტრუმენტები, განიტვირთეთ და დაიმუხტეთ დადებითი ენერგიით. ამ აქტივობის შესრულება შეიძლება ბავშვისთვის განსაკუთრებით სასურველი და სახალისო იყოს მეცადინეობის დროს, როცა მის გონებას რამდენიმე წუთიანი განტვირთვა და დადებითი ენერგიით დამუხტვა სჭირდება.
5. მარტივი სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩატარება
ექსპერიმენტებში მონაწილეობის მიღება ბავშვს ფანტაზიისა და ცნობისმოყვარეობის გაღვივებაში ეხმარება. ამასთან, ექსპერიმენტები აძლიერებს ლოგიკურ აზროვნებას და ხელს უწყობს მოტორული უნარების განვითარებას. მშობლებს საყოფაცხოვრებო ნივთებისგან არაერთი უვნებელი ექსპერიმენტის ჩატარება შეგიძლიათ, რომელიც მათ გააოცებს და, იმავდროულად, თქვენც „ჯადოქრულ/ზღაპრულ“ პერსონაჟად წარმოგაჩენთ.მაგალითად, საკვები სოდისა და ძმრის გამოყენებით, შეგიძლიათ შექმნათ ვულკანი. მოათავსეთ ბოთლში სოდა, დაასხით ძმარი და ბოთლიდან „ლავა“ ამოიფრქვევა.
მშობლების მონაწილეობით ბავშვებისთვის ნებისმიერი აქტივობა გაცილებით საინტერესო და სახალისო ხდება, ამიტომ შეეცადეთ, რომ მათთან თამაშის დროს გამოიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება, ჩართულობა და დროებით უარი თქვათ ტელეფონის ან სხვა მოწყობილობის გამოყენებაზე.