5 შეცდომა, რომელიც ახალი წლისთვის დასახული მიზნების მიღწევაში ხელს გვიშლის
3 წუთიანი საკითხავი
5 შეცდომა, რომელიც ახალი წლისთვის დასახული მიზნების მიღწევაში ხელს გვიშლის

ადამიანების უმეტესობა ახალ წელს ახალი გეგმებით, მიზნებითა და სურვილებით ხვდება. მართალია, ჯანსაღი ჩვევების დანერგვა და სამომავლო მიზნების დასახვა ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ, ბუნებრივია, ახალი წელი სიახლეებისთვის უფრო განგვაწყობს. როგორც წესი, ადამიანები ამ დროს განვლილი წლის უსიამოვნო მოგონებების დავიწყებას და ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყებას ვცდილობთ.


თუმცა, ხშირად, წლის ბოლოს, ფურცელზე ჩამოწერილი მიზნების დიდი ნაწილი ფურცელზევე რჩება და მისკენ მიახლოებაში მხოლოდ მცირე პროგრესი თუ შეინიშნება. ამ სტატიაში სწორედ ახალი წლისათვის დასახული, მაგრამ შეუსრულებელი სურვილების შესახებ გესაუბრებით და გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელთა გათვალისწინებაც მიზნებისაკენ სვლაში დაგეხმარებათ.  

 

შეცდომა #1: ახალი მიზნების დასახვას წარსულის გადახედვის გარეშე ვიწყებთ - მანამ, სანამ მომავლის დაგეგმვას შევუდგებით, აუცილებელია, მკაფიოდ შევაფასოთ მდგომარეობა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა რესურსებს და ცოდნას ვფლობთ ცხოვრების ამ ეტაპზე, რათა უკეთ განვსაზღვროთ ჩვენი ძლიერი მხარეები და ის საჭიროებები, რომლებიც ჩვენი მხრიდან მეტ ყურადღებას მოითხოვს. წინა წლის შეჯამება დაგვეხმარება გავაცნობიეროთ, რამდენად რეალისტურები ვართ საკუთარი გეგმების მიმართ, რას ვაკეთებთ სწორად, სად ვუშვებთ შეცდომას და როგორ შევძლებთ მის გამოსწორებას. 

 

შეცდომა #2: მიზნების ზოგადი ფორმულირება - სავსებით ბუნებრივია, რომ საკუთარ თავს ბედნიერება, სიხარული, ჯანმრთელობა და მშვიდობა ვუსურვოთ, მაგრამ მსგავსი აბსტრაქტული ფორმულირებების გამოყენება, რაც ჩვენს ზოგად კეთილდღეობას შეეხება, მიზნების დასახვის პროცესში ნაკლებად ეფექტურია. ამერიკელი ფსიქოლოგის და „მიზნის დასახვის თეორიის“ ერთ-ერთი ფუძემდებლის, ედვინ ლოკის მიხედვით, როდესაც საქმე მიზნების ფორმულირებას შეეხება, სასურველი და აუცილებელია, მაქსიმალურად დავაკონკრეტოთ როგორც მიზანი, ისე - სამოქმედო გეგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ თავს მიზნების ინტერპრეტაციის მრავალფეროვან შესაძლებლობას დავუტოვებთ, რაც მისკენ მიმავალი, თავისთავად რთული გზისგან, გადახვევის ცდუნებას შეგვმატებს. 

 

შეცდომა #3: ზედმეტად დიდი მოლოდინების არსებობა - როგორც წესი, ახალ წელს განსაკუთრებული ენთუზიაზმითა და პოზიტიური ენერგიით ვივსებით და გვგონია, რომ ეს განწყობა მთელი წლის განმავლობაში თან გაგვყვება. სინამდვილეში, დამღლელი რუტინა თავს მალევე იჩენს და ჩვენი გეგმების შესრულებისათვის საჭირო ენერგიას ყოველდღიურობაში ხშირად აღარც გვიტოვებს. ამიტომ, აუცილებელია, რომ ჩვენი მატერიალური და ადამიანური რესურსების შეზღუდულობა მიზნების ფორმულირების პროცესშივე გავითვალისწინოთ და საკუთარ თავს მაქსიმალურად რეალისტური ამოცანები გავუწეროთ. მაგალითად, შეიძლება, პირველ ეტაპზე მომავალი წლისთვის 10 მიზანი გამოყოთ, მაგრამ მას შემდეგ, რაც თითოეული მათგანის შესასრულებლად საჭირო რესურსებზე კარგად დაფიქრდეთ, მხოლოდ 5 ძირითადი დაიტოვოთ - ეს სავსებით ნორმალურია - საბოლოოდ, ჩვენს კმაყოფილებას მიღწეული მიზნების ხარისხი გაცილებით მეტად განაპირობებს, ვიდრე ნახევრად შესრულებული გეგმების გაზრდილი რაოდენობა. 

 

შეცდომა #4: მიზნების ნეგატიური ფორმულირება - გერმანელი ფსიქოლოგის, პიტერ გოლვიტცერის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მიზნების შესასრულებლად მნიშვნელოვან ფაქტორს მათი პოზიტიური ფორმულირება წარმოადგენს. მკვლევარის თანახმად, ადამიანისთვის, რომელსაც სურს ტელეფონთან ნაკლები დრო გაატაროს, გაცილებით ეფექტურია ფორმულირება „მე უგულებელვყოფ მობილურ ტელეფონს“, ნაცვლად ფორმულირებისა „მე არ ვუპასუხებ ტელეფონს“, რადგან ის დამოკიდებულება და ენა, რომლითაც ჩვენს მიზნებზე ვსაუბრობთ, მათ მიღწევის პროცესში ჩვენს წარმატებას და მიზნისადმი კეთილგანწყობას დიდწილად განაპირობებს.

 

შეცდომა #5: მომავალი წლის ბოლომდე მიზნების დავიწყება - ხშირად, ადამიანები მიზნების შესრულებას ენთუზიაზმით შევუდგებით, მაგრამ შემდეგ თითქმის მთელი წლის განმავლობაში ვივიწყებთ და წლის ბოლოს დაღლილი, სტრესული განწყობით ვუბრუნდებით შეუსრულებელ გეგმას. ამიტომ უმჯობესია, წინასწარვე განსაზღვროთ, როდის დაუწესებთ საკუთარ თავს „შუალედურ შეფასებას“. მაგალითად, შეგიძლიათ აირჩიოთ ორი კონკრეტული თარიღი, როცა თქვენს გეგმას მიუბრუნდებით, გაიაზრებთ პროგრესს და საჭიროებებზე უკეთ კონცენტრირდებით. აქვე, ბუნებრივია, რომ ყოველდღიური სირთულეების ფონზე საკუთარი სურვილებიც გვავიწყდებოდეს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თუ თქვენ მიერ ჩამოწერილი მიზნები მათი შესრულების საკმარის მოტივაციას არ აღგიძრავთ, დიდი ალბათობით, თქვენი სამოქმედო გეგმა ხელახალ გადახედვას და ცვლილებას საჭიროებს. 

 

მიუხედავად იმისა, რომ მიზნების შესრულება ადამიანის საკუთარი თავით კმაყოფილების დონის ზრდას უნდა ემსახურებოდეს, ხშირად ეს პროცესი საკმაოდ სტრესული და დამღლელი გვეჩვენება. როგორც წესი, ეს მაშინ ხდება, როდესაც შესასრულებელი გეგმის უმეტესობას წლის ბოლოსთვის მოვიტოვებთ და იმის შიშით, რომ საკუთარ თავს იმედი არ გავუცრუოთ, ყველაფრის შესრულებას ერთად ვიწყებთ. თუმცა, გახსოვდეთ, თუ ფურცელზე დაწერილი მიზნები წლის დასრულებამდე ისევ ფურცელზევე დაგრჩათ, შეიძლება, პრობლემა თავად მიზნის ფორმულირებაში იყოს. ამ შემთხვევაში, შეეცადეთ ხელახლა გადახედოთ თქვენს მიზნებს, გაიაზროთ, რამდენად თანხვედრაშია თქვენს შინაგან ღირებულებებთან და ისე ჩამოაყალიბოთ, რომ მის შესასრულებლად პირვანდელი ენერგია და ენთუზიაზმი კვლავ დაიბრუნოთ.  

გამოქვეყნების თარიღი: 30 იანვარი, 2023წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები