როგორც წესი, მოგზაურობა სიახლეებით სავსე თავგადასავლებსა და სასიამოვნო გამოცდილებას უკავშირდება, თუმცა ხანგრძლივ მგზავრობასთან დაკავშირებულ განწყობებს ყველა ადამიანი ერთნაირად ვერ უმკლავდება. მცირე დროში ახალ გარემოსთან შეგუების აუცილებლობამ, უცნობი ადამიანების გარემოცვამ და მგზავრობასთან დაკავშირებულმა მღელვარებამ შესაძლოა იმ მდგომარეობამდე მიგვიყვნოს, რასაც ფსიქოლოგები სამოგზაურო შფოთს უწოდებენ.
ზოგი ადამიანისთვის შფოთვა იმდენად ძლიერია, რომ ეს მოგზაურობისგან თავის შეკავების მიზეზიც კი ხდება. ზოგი ადამიანი კი, კარგად დაგეგმილი მოგზაურობის მიუხედავად, მუდმივ დაღლილობას და უკმაყოფილებას განიცდის.
სამოგზაურო შფოთვას განსხვავებული სიმტომები შეიძლება ახასიათებდეს. მათგან ყველაზე ხშირად გამოყოფენ:
- გულისცემის აჩქარებას, ზურგის ტკივილს, სუნთქვის გართულებას;
- კუჭ-ნაწლავის მოქმედების ცვლილებებს - შეკრულობას ან ფაღარათს;
- უენერგიობას და ძლიერი დაღლილობის შეგრძნებას;
- კონცენტრაციის გართულებას;
- ძილთან დაკავშირებულ დარღვევებს.
სამოგზაურო შფოთვა, შეიძლება, სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. ამერიკის მედიცინის ეროვნულ ბიბლიოთეკის გვერდზე გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მგზავრობასთან დაკავშირებული წარსული გამოცდილება შფოთის გაძლიერებაში დიდ როლს თამაშობს. იმ ადამიანთა 65%-ს, რომლებიც ერთხელ მაინც საავარიო შემთხვევის მომსწრე/მონაწილე ყოფილან, სამოგზაურო შფოთის ერთი ან რამდენიმე სიმპტომი ახასიათებთ.
მოგზაურობის დროს მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მარტივი ნამდვილად არ არის. ამ სტატიაში მოცემული რჩევები მოგზაურობისას შფოთის შემცირებასა და ჯანმრთელობის ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
მიეცით თქვენს თავს დასვენების უფლება მგზავრობამდე და მგზავრობის შემდგომ - საჭირო ნივთების შეძენა, ჩალაგება, ბილეთების შეძენა და მოგზაურობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები ხშირად დასვენებისა და სიმშვიდისთვის დროს აღარ გვიტოვებს. სწორედ ამიტომ, ადამიანების უმეტესობას გამგზავრების წინა დღე/ღამე იმდენად დატვირთული აქვს, რომ ძილს თითქმის ვერ ახერხებს. ამ დროს კი, კარგად გამოძინება მოგზაურობის მშვიდად და არაქაოტურად დაწყებისათვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. სასურველია, წინასამოგზაურო სამზადისი ისე დავგეგმოთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საკითხის ერთ დღეს მოგვარება არ გვიწევდეს. ამასთან, კარგი იქნება, თუ ჩვენს თავს ახალ გარემოსთან შეგუების დროს მივცემთ, ადგილზე ჩასვლის შემდგომ ფეხით გავისერინებთ და გარემოს მშვიდად დავათვალიერებთ.
გაითვალისწინეთ დროითი განსხვავება - როცა საქმე თვითმფრინავით ხანგრძლივ მგზავრობას ეხება, პირველი, რაც მენტალურ მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს, ჩვენს სახლსა და ახალ ლოკაციას შორის დროითი განსხვავებაა. ეს განსხვავება, შეიძლება, 8-10 საათსაც გულისხმობდეს, რაც ხშირად უხასიათობის, ძილის დარღვევებისა და უენერგიობის მიზეზი ხდება. იმისათვის, რომ დროითი სხვაობა ჩვენმა ორგანიზმმა უფრო მარტივად მიიღოს, სასურველია, ჩასვლისას პირველივე მზის სხივებს ფხიზლად შეხვდეთ და ახალ ბიოლოგიურ დროზე გადაწყობის საჭიროების შესახებ ჩვენს სხეულს ამით მივანიშნოთ. ევოლუციურად და ბიოლოგიურად, ცოცხალი ორგანიზმის ტვინი მზის სხივების მიმართ საკმაოდ სენსიტიურია, ამიტომ ასეთი სიგნალის მიღება ახალ დროსთან შეგუების პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს.
წინასწარ დაგეგმეთ მოგზაურობის მარშრუტი - როგორც წესი, ახალი ადგილის სტუმრობისას რამდენიმე ახლომდებარე ღირსშესანიშნაობის ნახვის სურვილი გვაქვს. ამიტომ უმჯობესია, თუ წინასწარ გავთვლით, რის დათვალიერებას ვაპირებთ. ამით თავიდან ავირიდებთ შფოთს იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის /ქვეყნის ნახვა ვერ მოვასწარით. ამასთან, ღირსშესანიშნაობების წინასწარ მოძიება დაგეხმარებათ, მშვიდად შეარჩიოთ ყველაზე ოპტიმალური მარშრუტი და დღეები ისე გადაანაწილოთ, რომ ძალიან არ გადაიღალოთ.
შეადგინეთ საჭირო ნივთების სია - არ აქვს მნიშვნელობა, თქვენთვის მერამდენე მოგზაურობაა, საჭირო ნივთების სიის შედგენა ყოველთვის მეტ სიმშვიდეს მოგგვრით. მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ უკვე ყველაფერი შეიძინეთ, უმჯობესია თქვენს თავს 10-15 წუთს დაუთმოთ, მშვიდად ჩამოწეროთ ფურცელზე, რაც ახალი მოგზაურობისთვის გჭირდებათ და შეძენილი და შესაძენი ნივთები მონიშნოთ. ეს დაგეხმარებათ, თავი უფრო მშვიდად იგრძნოთ და დარწმუნდეთ, რომ არაფერი გავიწყდებათ.
მზად იყავით დაუგეგმავი სიახლეებისთვის - უმჯობესია, თუ მოგზაურობისას წინასწარ არ შეიქმნით იმის მოლოდინს, რომ ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც თქვენ დაგეგმეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოგზაურობა თვითმფრინავით გიწევთ. ფრენის გადადება არც ისე იშვიათი მოვლენაა, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა, აეროპორტში იმაზე დიდხანს მოგიწიოთ მოცდა, ვიდრე წარმოგედგინათ. შეეცადეთ, ასეთი შემთხვევისთვის წინასწარ გქონდეთ მოფიქრებული, თუ რას გააკეთებთ - შეიძლება ეს იყოს სასიამოვნო მუსიკის მოსმენა, წიგნის წაკითხვა, ელექტრონული ფოსტის შეტყობინებებზე პასუხი თუ უბრალოდ დასვენება.
შეეცადეთ, მოგზაურობისას ყოველდღიური საქმე თან არ გაიყოლოთ - ხარისხიანად დასვენების მნიშვნელობაზე უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ. დასვენება მხოლოდ ადგილის დროებით შეცვლას არ გულისხმობს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ყოველდღიური რუტინისგან და სამსახურებრივი მოვალეობებისგან დროებით სრულად მოწყვეტას მოიაზრებს. ამიტომ, შეეცადეთ, მსგავსი საკითხები გამგზავრებამდე მოაგვაროთ და ამის შესახებ თანამშრომლებიც გააფრთხილოთ. გახსოვდეთ, ენერგიის აღდგენისთვის დრო გვჭირდება და დასვენება სირცხვილი არ არის - დახარჯული ძალების აღდგენისთვის ხარისხიან დასვენებას ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი საჭიროებს.
დაგეგმეთ, რას გააკეთებთ შინ დაბრუნებისას - მოგზაურობასთან დაკავშირებული სტრესი შეიძლება მაშინ გაგიმძაფრდეთ, როდესაც სახლში დაბრუნდებით. ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ დასვენებისათვის გამოყოფილი დრო თქვენთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და ფიქრობთ, რომ მოგზაურობიდან დაბრუნებისთვის ჯერ ძალიან ადრე იყო. ეს ბუნებრივია - ძველ რუტინასთან დაბრუნება ხშირად საკმაოდ ემოციურია. 2010 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოგზაურობამდე და მოგზაურობის შემდგომი მღელვარება კონტრასტულია - მოგზაურობამდე ადამიანები გაცილებით ბედნიერად გრძნობდნენ თავს, როცა მოგზაურობის შემდგომ ამ შეგრძნებას ნოსტალგიისა და დარდის ემოციები ანაცვლებს. ამიტომ უმჯობესია, თუ წინასწარ დაგეგმავთ, რას გააკეთებთ შინ დაბრუნებისას - ეს შეიძლება იყოს საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება ან სამსახურეობრივი საქმის შესრულება, რაც ყურადღებას გადაგატანინებთ და ჩვეულ რუტინაში დაბრუნების სტრესს შეგიმსუბუქებთ.