რატომ არის დასვენება მნიშვნელოვანი
3 წუთიანი საკითხავი
რატომ არის დასვენება მნიშვნელოვანი

დასვენება რომ სასიამოვნოა, ეს ყველამ ვიცით. თუმცა, ამ საერთო ცოდნის მიუხედავად, ცოტა ჩვენგანი თუ იღებს შვებულებას რეგულარულად თავის დამნაშავედ გრძნობისა, თუ ოფისის მაგიდაზე დატოვებულ საქმეებზე შფოთვის გარეშე.

ბევრი ადამიანი უარს ამბობს შვებულების სრულად ან თუნდაც ნაწილობრივ გამოყენებაზე, სხვადასხვა მიზეზის გამო. მათ შორისაა ნერვიულობა სამსახურის საქმეებზე, თანამშრომლების სიმცირე, რომელთაც მათი ჩანაცვლება შეუძლიათ, ან იმ აზრის გამო, რომ შვებულების დღეების სრულად გამოყენება მათ არაერთგულ თანამშრომლებად წარმოაჩენს.

თუმცა შვებულების სარგებელი ჩვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე მნიშვნელოვნად გადაწონის იმ სტრესულ ფაქტორებს, რომლებიც შვებულების აღებასა და დაგეგმვას უკავშირდება.

დასვენება კარგია ფიზიკური ჯანმრთელობისთვის

რეგულარული დასვენება აუმჯობესებს ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობას და გვიცავს მთელი რიგი დაავადებებისაგან.

პიტსბურგის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში, მკვლევარები 9 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 35-57 წლის 9000 მამაკაცს. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ მამაკაცებს, რომლებიც არ იღებდნენ ყოველწლიურ შვებულებას, გულის დაავადებების განვითარების უფრო მაღალი რისკი და გულის შეტევის 32%-ით მაღალი ალბათობა ჰქონდათ.

2005 წელს ვისკონსინის მარშფილდის კლინიკის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად კი იმ ქალებში, რომლებიც ორ წელიწადში მხოლოდ ერთხელ მიდიოდნენ დასასვენებლად, დეპრესიის განვითარების ალბათობა 8-ჯერ უფრო მაღალი იყო.

შვებულებაზე უარის თქმა უარყოფითად აისახება სტრესის დონეზე, ხოლო რეგულარული შვებულება გვეხმარება დავარეგულიროთ სტრესი, უკეთ გვეძინოს და თავი უფრო ენერგიულად ვიგრძნოთ.

დასვენება დადებითად აისახება მენტალურ ჯანმრთელობაზე

ჩვენი სამუშაო ცხოვრება უამრავი სტრესორითაა სავსე. ეს შეიძლება იყოს შფოთვა მნიშვნელოვან სატელეფონო ზარამდე ან შეხვედრამდე, ყოველდღიურ დავალებებთან გამკლავების სტრესი და სხვა.

დასვენების გარეშე ჩვენ ქრონიკულ სტრესში ვიმყოფებით, რაც უარყოფითად აისახება ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. ნეირომეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქრონიკული სტრესის ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა და დეპრესია. შვებულების დროს სტრესი იხსნება, გონება მშვიდდება  და საშუალება აქვს განიტვირთოს, რასაც დასვენების გარეშე ვერ შეძლებდა.

დასვენება აუმჯობესებს ჩვენი კეთილდღეობის ხარისხს

გაუმჯობესებული ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა თავისთავად გულისხმობს კეთილდღეობის უკეთეს მაჩევნებელს და ცხოვრებით კმაყოფილების გაზრდილ დონეს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, შვებულების დასრულებიდან სამი დღის შემდეგ, მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ მათი ფიზიკური ჯანმრთელობა, ძილის ხარისხი და განწყობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. რაც მთავარია, შვებულების ეს სასარგებლო გავლენა არ მთავრდება მაშინ, როდესაც სახლში დასაბრუნებლად ჩემოდანს ვალაგებთ ან ოფისში ვბრუნდებით. ამავე კვლევის მონაწილეებში ეს გაუმჯობესება კვლავ აღინიშნებოდა შვებულებიდან ხუთი კვირის შემდეგ.

ოჯახთან ერთად დასვენება აუმჯობესებს ურთიერთობებს

მარტო დასვენება არაჩვეულებრივი საშუალებაა საკუთარ თავთან დროის გასატარებლად. ხოლო ოჯახთან ერთად შვებულების გატარება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ურთიერთობებს ოჯახის წევრებს შორის და მათ ერთიანობას კიდევ უფრო ამყარებს.

დასვენება ამაღლებს ჩვენს პროდუქტიულობას

თუ გსურთ სამსახურებრივ მოვალეობებს თავი უკეთ გაართვათ, ხშირად და რეგულარულად უნდა დაისვენოთ. რაც უფრო დიდი ხანი არ აიღებთ შვებულებას, მით უფრო მაღალია სამსახურში გადაწვის, ე.წ. Burnout-ის რისკი.

ეს ამცირებს თქვენს პროდუქტიულობასა და კრეატიულობას, ასევე უნარს, სწორად გაანაწილოთ პრიორიტეტები, დრო და ენერგია. რეგულარული დასვენება ხელს უწყობს თქვენი გონების გადატვირთვასა და სტრესისგან გათავისუფლებას, რაც ამაღლებს თქვენი პროდუქტიულობისა და კრეატიულობის ხარისხს. 

დასვენება გვაბედნიერებს

და ბოლოს, დასვენება გვაბედნიერებს და კარგ განწყობაზე გვაყენებს. ადგილის გამოცვლა, ყოველდღიური რეჟიმის შეცვლა, გონების განტვირთვა და ჩვეული სტრესორებისაგან თავის დაღწევა განწყობას გვიმაღლებს და ბედნიერებით გვავსებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამაღლებული განწყობა შვებულებაში გასვლამდე დაახლოებით რვა კვირით ადრე იწყება და დასვენების შემდეგ კიდევ რამდენიმე კვირა გრძელდება. ამიტომ, თუნდაც ერთ კვირიან შვებულებას შეუძლია სამი და მეტი თვით გაგვაბედნიეროს.

როგორ დავისვენოთ კარგად?

იმისთვის, რომ კარგად დავისვენოთ და შვებულების აღება სტრესის დამატებითი წყარო არ გახდეს, საჭიროა სწორად დავგეგმოთ ის.

ქვემოთ მოცემული რამდენიმე რჩევა დაგეხმარებათ კარგად დაგეგმოთ შვებულება და ბოლომდე ისიამოვნოთ დამსახურებული დასვენებით:

დაგეგმეთ დასვენება რაც შეიძლება ადრე

ეს საშუალებას მოგცემთ სწორად გადაანაწილოთ პრიორიტეტები და სამსახურის დავალებები. ასევე, საშუალებას მისცემს თქვენი კომპანიის მენეჯმენტს წინასწარ მოემზადოს თქვენი არყოფნისთვის. შესამაბისად, არ გექნებათ უსაფუძვლო დანაშაულის შეგრძნება. ამასთანავე, გაგიჩნდებათ შვებულების მოლოდინი, რაც აამაღლებს თქვენს გუნება-განწყობილებას.

გადააბარეთ სამუშაო დავალებები თანამშრომლებს და გამოეთიშეთსამსახურს

სასწრაფო საქმე ხშირად სასწრაფო სულაც არ არის. სწორედ ამიტომ, უმჯობესია თუ შვებულების დროს სამსახურს საერთოდ დაივიწყებთ. წასვლამდე რამდენიმე ხნით ადრე გადააბარეთ თქვენი საქმე თანამშრომლებს და დარწმუნდით, რომ გაეცით ნათელი და გასაგები ინსტრუქციები. დააყენეთ ავტომოპასუხე მეილზე და მშვიდად განეწყვეთ შვებულებისათვის.

გქონდეთ მარტივი გეგმა 

როდესაც მთელი წელი შვებულებას ელოდით, ალბათ გსურთ, რამდენიმე დღეში ყველაფერი მოასწროთ, რის გაკეთებასაც ისურვებდით. მით უფრო, თუ დასასვენებლად საზღვარგარეთ მიდიხართ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ შვებულების დღეები არასდროსაა საკმარისი.

შეიძლება გსურთ, რომ ყველა საინტერესო ადგილი მოინახულოთ და სხვადასხვა ღონისძიებას დაესწროთ, მაგრამ, იმავდროულად, აუცილებელია, დრო მშვიდად განტვირთვისა და დასვენებისთვისაც დაიტოვოთ. თუ ძალიან ბევრ აქტივობას დაგეგმავთ, მუდმივად დროის უკმარისობა გექნებათ და სიამოვნებისთვის დრო არ დაგრჩებათ. გქონდეთ მარტივი გეგმა და დაიტოვეთ სივრცე მშვიდი, აუჩქარებელი დასვენებისთვის.

დასვენება არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ აუცილებელია. ის გვეხმარება, შევინარჩუნოთ ფიზიკური კეთილდღეობა, მენტალური ჯანმრთელობა და ცხოვრებით კმაყოფილების მაღალი დონე. გამოყავით დრო საკუთარი თავისთვის და ისიამოვნეთ ყველა იმ სარგებლით, რომელთაც შვებულების აღება გვთავაზობს.

გამოქვეყნების თარიღი: 23 ივლისი, 2021წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები