5 მიზეზი მებაღეობის დასაწყებად
3 წუთიანი საკითხავი
5 მიზეზი მებაღეობის დასაწყებად

მებაღეობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ჰობი ან გართობა. მას მრავალი სარგებლის მოტანა შეუძლია, რასაც სამეცნიერო კვლევებიც ადასტურებს. მნიშვნელობა არ აქვს დამწყები ხართ და რამდენიმე მცენარეს უვლით, თუ წლებია, რაც საკუთარი ბაღი გაქვთ. მიწასთან კონტაქტი, მცენარეების დარგვა, მოვლა და გახარება დადებითად აისახება როგორც ფიზიკურ, ისე – მენტალურ ჯანმრთელობაზეც.

რატომ მოქმედებს მებაღეობა დადებითად ჩვენზე?

მებაღეობა სხვა გატაცებებისგან გამორჩეულია თავისი არსით. ის მოითხოვს აწმყოში დროის გამოყოფას, რათა ვკონცენტრირდეთ ცოცხალი არსებების მოვლასა და ზრუნვაზე, რაც გვაძლევს ფუნქციას და მატებს მნიშვნელობას ჩვენს ცხოვრებას. ჩვენ ვიცით, რომ ეს მცენარეები ჩვენზე არიან დამოკიდებული და თანაც, ვხედავთ ჩვენი შრომის შედეგს. მცენარეებისთვის დროის დათმობასთან ერთად, მებაღეობისას ჩვენ დროს ვუთმობთ საკუთარ თავსაც, ვმშვიდდებით და გვაქვს სივრცე საკუთარ თავთან დროის გასატარებლად. ეს მუშაობს მაშინაც, როდესაც სხვებთან ერთად ვართ მცენარეების მოვლით დაკავებული. ასეთ დროს გვაქვს კონტაქტი სხვა ჩვენნაირ ადამიანებთან და ვივსებთ სოციალიზაციის დანაკლისს.

ამასთანავე, მებაღეობა მოითხოვს ფიზიკურ აქტიურობას, დროს ვატარებთ გარეთ, სუფთა ჰაერსა და მზეზე, რაც დადებითად აისახება ჩვენს მენტალურსა და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

მებაღეობა ამაღლებს განწყობას

მებაღეობა აუმჯობესებს განწყობას და ამაღლებს თვითშეფასებას. როდესაც ადამიანები დიდ დროს ატარებენ მცენარეების მოვლაში, მათ უმცირდებათ შფოთვისა და დეპრესიის დონე. გასაკვირი არ არის, რომ პანდემიის დროს ბევრმა ადამიანმა დაიწყო მებაღეობა და ახალ-ახალი მცენარეების დარგვა.

მებაღეობის დადებით გავლენას გუნება-განწყობაზე მეცნიერებაც ადასტურებს. 2011 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დეპრესიის მქონე ადამიანებს საგრძნობლად გაუუმჯობესდათ მენტალური მდგომარეობა 12-კვირიანი მებაღეობის კურსის შემდეგ. მათ შეუმცირდათ დეპრესიის ნიშნები და თანაც, გაუმჯობესება შენარჩუნდა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაშიც.

მებაღეობა ოჯახთან ან ჯგუფთან ერთად ბადებს მიკუთვნებულობისგრძნობას

სკოლის, სამეზობლოს თუ სხვა სახის საერთო ბაღებში მცენარეების მოვლა ზრდის საზოგადოების ჯგუფში მიკუთვნებულობის შეგრძნებას. მებაღეობა სხვა ადამიანებთან ერთად საშუალებას გვაძლევს გავიცნოთ ისინი, ვესაუბროთ, გავუზიაროთ და მივიღოთ გამოცდილება, რაც აუცილებელია ჩვენი კეთილდღეობისათვის. სწორედ ამიტომ, ადამიანებს, რომლებიც თავს მარტო გრძნობენ, ხშირად ურჩევენ მებაღეობის კურსებზე ჩაწერას.

მებაღეობას შეუძლია დაგიბრუნოთ ძალისა და კონტროლისშეგრძნება

ზოგჯერ ადამიანებს აქვთ შეგრძნება, რომ მათი ცხოვრება მათგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს და მისი კონტროლის უნარი არ შესწევთ. ეს შეგრძნება კიდევ უფრო გაამძაფრა პანდემიამ და მთელმა რიგმა შეზღუდვებმა. ასეთ დროს საკუთარი ბაღის გაშენება ან თუნდაც ერთი მცენარის დარგვა და გახარება, შესაძლოა, თქვენთვის ძალისა და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის შეგრძნების წყარო გახდეს და ახალი ენერგიით აგავსოთ.

მებაღეობა გვეხმარება დამოკიდებულებებთან გამკლავებაში

მებაღეობა დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ სხვადასხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულებას. მებაღეობის თერაპია ასწლეულების განმავლობაში არსებობდა და გასაკვირი არაა, რომ ის დამოკიდებულებებთან გამკლავების პროგრამის ნაწილიცაა.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად მცენარეებთან ურთიერთობა დადებითად მოქმედებდა ადამიანებზე, რომლებიც ალკოჰოლზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობდნენ. ის ასევე დადებითად მოქმედებს უარყოფითი ჩვევების შეცვლაზე, რადგან მებაღეობა გვანიჭებს სიმშვიდეს და ამცირებს შფოთვას.

მებაღეობა გვამშვიდებს სტრესული მოვლენის შემდეგ

დღეს სამყარო სტრეს-ფაქტორებითაა სავსე. მებაღეობა გვეხმარება დავმშვიდდეთ სტრესული მოვლენის შემდეგ და თავი უკეთ ვიგრძნოთ.

2011 წელს ჩატარებულ კვლევაში, მკვლევრები უქმნიდნენ სტრესულ სიტუაციას მონაწილეებს. ამ მოვლენის შემდეგ, მათ ნაწილს სთხოვდნენ წიგნი წაეკითხათ, ხოლო ნაწილს კი – მებაღეობას ავალებდნენ. როდესაც მეცნიერებმა გამოიკვლიეს სტრეს ჰორმონის – კორტიზოლის, დონე მათ სისხლში, აღმოაჩინეს, რომ მებაღეების ჯგუფის წევრებს სტრესის გაცილებით დაბალი დონე ჰქონდათ. მებაღეობის ჯგუფის წევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ მათი განწყობა კვლავ კარგი იყო, მაშინ, როდესაც მკითხველების ჯგუფში განწყობის გაუმჯობესება ნაკლებად აღინიშნა.

როგორც ხედავთ, მებაღეობას შეუძლია თქვენი გუნება-განწყობის ამაღლება, ძალისა და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის შეგრძნების დაბრუნება, სოციალური კეთილდღეობის შეგრძნებისა და, ზოგადად, ცხოვრების ხარისხის ამაღლება.

გამოქვეყნების თარიღი: 22 ივნისი, 2021წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები