მარტივი მედიტაცია დამწყებთათვის
3 წუთიანი საკითხავი
მარტივი მედიტაცია დამწყებთათვის

არ არის მედიტაცია? მედიტაციის, როგორც განცდის, გადმოცემა ისე, რომ სხვამ ზუსტად აღიქვას რა არის ის, თითქმის შეუძლებელია. ყველაზე მისაღებად ასეთი განმარტება მიმაჩნია: მედიტაცია არის აბსოლუტური სიმშვიდის მდგომარეობა, როცა ფიქრების მიღმა ხარ და იმყოფები „ამ მომენტში“,  „აქ და ახლა“.

მედიტაციის მდგომარეობა სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. ინგლისურ ენაში მის აღსანიშნავად მხოლოდ ერთი სიტყვა  არსებობს, სანსკრიტზე (უძველესი ინდური ენა) კი ცხრა სიტყვამდე გამოიყენება, რაც სხვადასხვა ტიპის “მედიტაციას” აღწერს.

ვისთვის არის მედიტაცია განკუთვნილი? ნებისმიერი ადამიანისთვის მიუხედავად იმისა, რა მიზნები და ცხოვრების სტილი აქვს მას. ეს არ არის რელიგიური პრაქტიკა, რომელიც ინდოელებმა ან ბუდისტებმა მოიგონეს. როგორც აინშტაინის თეორია არ არის ებრაული, ასევე იოგა და მედიტაცია არ არის ინდური. უბრალოდ ისე მოხდა, რომ ადამიანები, რომლებმაც ეს მეთოდი აღმოაჩინეს და განავითარეს, როგორც შინაგანი მეცნიერება, ინდოეთში ცხოვრობდნენ. მედიტაცია არ არის რაღაც, რაც უბრალოდ უნდა დაიჯეროთ. იგი არის პრაქტიკული მეთოდი, რომელიც ეხმარება ადამიანს უკეთ მართოს თავისი გონება, ემოციები, სხეული და ენერგიები.

რა სარგებლობა მოაქვს მედიტაციას? მედიტაცია ანვითარებს ადამიანის ცნობიერებას, რასაც უამრავი დადებითი შედეგი მოაქვს: უმჯობესდება აზროვნების და კონცეტრაციის უნარი, მეხსიერება; ადამიანი ხდება უფრო მშვიდი და მგრძნობიარე სამყაროს მიმართ; აღიქვამს უფრო მეტ მოვლენას, ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში; მცირდება სტრესის დონე. მედიტაცია არა მხოლოდ გამოცდილება, არამედ მეცნიერული კვლევებითაც აღიარებული მეთოდია.

მედიტაცია ისეთივე აუცილებელია გონებისთვის, როგორც სხეულისთვის აბაზანის მიღება. მედიტაციაც იგივე როლს ასრულებს –  ათავისუფლებს გონებას ნეგატიური ნაწილაკებისგან.

მედიტაციის უამრავი მეთოდი არსებობს: ზოგი რთულია, ზოგიც – მარტივი, ზოგი გარკვეულ მომზადებას მოითხოვს. აქ გაგიზიარებთ ყველაზე მარტივ  მეთოდს (თუმცა, სიმარტივე არ ნიშნავს ნაკლებ ეფექტურობას). ამ მეთოდით მედიტაციის ჩატარებისთვის არ დაგჭირდებათ სპეციალური ფიზიკური მომზადება: ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, შეუძლია გამოიყენოს იგი.

მაშ ასე. აირჩიეთ მყუდრო გარემო 10 წუთი მედიტაციისთვის. ამისთვის გამოდგება ნებისმიერი ადგილი, სადაც არავინ  შეგაწუხებთ. გამორთეთ ან ჩუმ რეჟიმში გადაიყვანეთ ტელეფონი. დაჯექით იატაკზე მედიტაციის პოზაში ისე, როგორც ფოტოზეა მოცემული – მარცხენა ფეხი შიგნით მხარეს მოაქციეთ, მარჯვენა გარეთ. დაიდეთ ხელები მუხლებზე ხელისგულებით მაღლა. გასწორდით და მოდუნდით. არ არის აუცილებელი ძალიან სწორი ხერხემლით იჯდეთ, მთავარია იპოვოთ თქვენთვის კომფორტული მდგომარეობა, ისეთი, რომ დაძაბული არ იყოთ. დახუჭეთ თვალები. კონცენტრაცია გადაიტანეთ სუნთქვაზე. თქვენ არ ერევით სუნთქვაში, უბრალოდ სუნთქვის რიტმს აკვირდებით. მეტს არაფერს აკეთებთ. სულ ეს არის. ანუ ჯდებით პოზაში და იწყებთ სუნთქვაზე დაკვირვებას.

თავიდან მინიმუმ 10 წუთი დაუთმეთ მედიტაციას. დროთა განმავლობაში ეს დრო შეგიძლიათ გაზარდოთ. დროის მართვისთვის შეგიძლიათ ტაიმერი გამოიყენოთ. გახსოვდეთ, რომ მთელი მედიტაციის მანძილზე თქვენ აკვირდებით სუნთქვის ბუნებრივ რიტმს. არ ცდილობთ სუნთქვის კონტროლს. თავიდან ცოტათი გაგიჭირდებათ და კონცეტრაციას დაკარგავთ ხოლმე, ფიქრები წაგიღებენ. მაგრამ არაუშავს, როგორც კი შენიშნავთ, რომ კონცეტრაცია დაკარგეთ, მშვიდად, ისევ დაუბრუნდით სუნთქვაზე დაკვირვებას. ასევე, თუ არ ხართ მიჩვეული იატაკზე  ჯდომას, თავიდან შეიძლება ცოტა დაძაბულობა იგრძნოთ. თუმცა, ესეც დროთა განმავლობაში გაივლის.

თუ წელის ან ხერხემლის ტკივილი გაწუხებთ, შეგიძლიათ კედელს მიეყრდნოთ, მაგრამ თავი არაფერს მიაბჯინოთ. თუ თქვენთვის იატაკზე ჯდომა ძალიან რთულია, შეგიძლიათ სკამზე დაჯდეთ და მარჯვენა ფეხი მარცხენაზე გაადაჯვარედინოთ (მუხლებს ქვევით). ყველაფერი ეს ვარიაციებია. ნებისმიერ პოზაში შეგიძლიათ დააკვირდეთ სუნთქვას, თუმცა ჩამოთვლილ პოზებში კონცეტრირება ყველაზე მარტივია. ეცადეთ სხეული იატაკზე ჯდომას მიაჩვიოთ. ვარიაცები მხოლოდ იმათთვის არის, ვისაც ფიზიკურად რამე აწუხებს.

საუკეთესო დრო ამ მედიტაციისთვის დილაა, საუზმემდე ან საღამო. ეცადეთ ჭამიდან 1-2 საათი მაინც გავიდეს. მედიტაცია ამ მეთოდით შეგიძლიათ აკეთოთ ნებისმიერი ოდენობით, ნებისმიერ დროს. მაგრამ რეგულარობა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შედეგი დაინახოთ. საკუთარი თავის განვითარებისთვის დღეში 10 წუთის პოვნა არ უნდა გაგიჭირდეთ.  ეცადეთ არცერთი დღე არ ჩააგდოთ. შედეგს მალე ნახავთ, პროცესიც თანდათანობით უფრო სასიამოვნო გახდება.

ამ ყოველდღიურ 10 წუთს სასწაულების მოხდენა შეუძლია!

გამოქვეყნების თარიღი: 25 დეკემბერი, 2019წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები