საკუთარ თავზე ზრუნვა (self-care) – ამ ტერმინს თანამედროვე სამყაროში ხშირად ვაწყდებით. თუმცა, მისი შინაარსი შესაძლოა ბოლომდე გააზრებული არ გვქონდეს. საკუთარ თავზე ზრუნვა არ მოიცავს მხოლოდ ფიზიკურ აქტივობებს, როგორიცაა მაგალითად, ჯანსაღი კვება, კარგი ძილი და სხვა. ის სხვადასხვა სახით არსებობს და ეხება ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტს.
რა არის საკუთარ თავზე ზრუნვა?
ეს არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელსაც განზრახ ვაკეთებთ, იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ჩვენს მენტალურ, ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. საკუთარ თავზე ზრუნვა გვეხმარება განწყობის გაუმჯობესებასა და შფოთვის შემცირებაში. ეს ხშირად გულისხმობს ისეთი აქტივობებს, რასაც ვაკეთებთ თავისუფლად, ძალდატანების გარეშე, რის შემდეგაც არ გვაქვს ნეგატიური შეგრძნებები.
ეს არის აქტივობა, რომელიც ენერგიას გვმატებს, და არ გვართმევს. თუმცა, ეს შეიძლება იყოს ისეთი ქმედებებიც, რომელთა წამოწყებით ან კეთების პროცესით აღტაცებულები არ ვიყოთ (მაგალითად, ჭურჭლის რეცხვა ან ტანსაცმლის დაუთოვება), თუმცა განსხავავება ისაა, რომ შესაძლოა მისი გაკეთება გვეზარებოდეს, მაგრამ მისი შესრულების შემდეგ ნეგატიური შეგრძნებები არ გვაქვს. მაგალითად, მეორე დილით შეიძლება ინანოთ საღამოს მირთმეული ჩიზქეიქი, მაგრამ გარეცხილი ჭურჭელი და დალაგებული ტანსაცმელი ნეგატიურ ემოციებს არ დაგიტოვებთ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მარტივი კონცეფციაა, ის შესაძლოა უკეთესობისკენ სწრაფვასა (self improvement) ან თავის განებივრებაში (treating ourselves) აგვერიოს.
უკეთესობისკენ სწრაფვაში ის ქმედებები მოიაზრება, რომელთაც ჩვენი პერსონალური თუ პროფესიული განვითარებისთვის ვაკეთებთ. მაგალითად, ასეთია ახალი უნარების შეძენა, სწავლა. თავის განებივრება კი გულისხმობს საკუთარი თავის „დაჯილდოებას“ დასვენებით ან, თუნდაც, გემრიელი დესერტით.
საკუთარ თავზე ზრუნვა ყოველთვის ადვილი არ არის. მეტიც, ჩვენ ხშირად არ გვრჩება დრო ამისათვის – სამსახური, ოჯახი, ტექნოლოგიები და სხვადასხვა ვალდებულებები თითქოს ჩვენთვის სასარგებლო აქტივობებისთვის დროს აღარ გვიტოვებს. ხშირად საკუთარი თავზე ზრუნვისთვის თავს ეგოისტებადაც კი ვთვლით. არადა, საკუთარ თავზე ზრუნვა ეგოისტური აქტი როდია. ის არ გულისხმობს მხოლოდ ჩვენი საჭიროებების დაკმაყოფილებას, არამედ იმის ცოდნას, თუ რა გვჭირდება და როგორ ვიზრუნოთ ჩვენს თავზე. შედეგად, კი გვქონდეს შესაძლებლობა ვიზრუნოთ სხვებზეც.
ეს გვეხმარება განწყობის გაუმჯობესებასა და შფოთვის შემცირებაში, ასევე საკუთარ თავთან და სხვებთან ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
საკუთარ თავზე ზრუნვის რამდენიმე ტიპი
ჩვენი ცხოვრების ნებისმიერი სფერო მოითხოვს საკუთარი თავისთვის დროის დათმობას და მასზე ზრუნვას. საკუთარ თავზე ზრუნვა შეიძლება იყოს ფიზიკური, ემოციური, სოციალური, სულიერი, პერსონალური, ჩვენს სამსახურთან, ფინანსებთან და პირად სივრცესთან დაკავშირებული.
პერსონალური
ზრუნვის პერსონალური ტიპი გულისხმობს საკუთარი თავის გაცნობას, საკუთარ თავთან კომფორტულად ყოფნას, ჰობით და ინტერესებით დაკავებას. თქვენი თავისთვის დროის გამოყოფა და თქვენთვის საინტერესო აქტივობებით დაკავება, საკუთარ თავზე ზრუნვის ერთ-ერთი ფორმაა.
მაგალითად, როდესაც დაკავებული ხართ მცენარეების მოვლით, ხატვით, ძერწვით ან სხვა, თქვენთვის საინტერესო საქმიანობით, ამ დროს თქვენს თავზე ზრუნავთ.
სივრცე
იმისთვის, რომ საკუთარ თავზე იზრუნოთ, უნდა იზრუნოთ თქვენს პირად სივრცეზე, მის დაცულობაზე, ცხოვრების ჯანსაღ გარემოზე, სტაბილურობასა და თქვენი გარემოს ორგანიზებულობაზე. ეს შეიძლება გულისხმობდეს თქვენი საცხოვრებელი გარემოს მოწყობას, დალაგებას და სხვა. ჩვენ ხომ დალაგებულ ოთახსა და სასიამოვნო გარემოში თავს ბევრად უკეთ და მშვიდად ვგრძნობთ.
საკუთარ თავზე ზრუნვის ამ ტიპის მაგალითებია საცხოვრებელი სახლის დალაგება-დასუფთავება, სამუშაო კუთხის ორგანიზება, ოთახის დეკორირება და სხვა.
ფინანსური
საკუთარ თავზე ფინანსურად ზრუნვა გულისხმობს სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებას. ზრუნვის ეს ფორმა მოიცავს ბიუჯეტირებას, თანხის შეგროვებას, გადასახადების დროულად გადახდასა და ზომიერ ხარჯვას. შედეგად, ფინანსური სტრესი მცირდება და ჩვენი ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება.
ფინანსური ზრუნვის მაგალითებია ხარჯების ბიუჯეტირება, რაციონალური და ზომიერი ხარჯვა, პირველ რიგში გადასახადების გადახდა და ვალდებულებების გასტუმრება, უარის თქმა იმპულსურ შენაძენებზე.
სამსახურეობრივი
სამუშაო სივრცეში საკუთარ თავზე ზრუნვა შეიძლება გამოიხატებოდეს ისეთი წვრილმანი საკითხებით, როგორიცაა, მაგალითად, შესვენების დროის სრულად გამოყენება, ან დროის უკეთესი მენეჯმენტი, ჯანსაღი და პოზიტიური სამუშაო გარემო, სამსახურში საზღვრების დაწესება.
სამსახურეობრივ სივრცეში საკუთარ თავზე ზრუნვის მაგალითებია სამუშაო დღის დროულად დასრულება, გახსნილი კომუნიკაცია თანამშრომლებთან, ლანჩის დროის გამოყენება და სხვა.
ფიზიკური
იმისთვის, რომ საკუთარ თავზე ვიზრუნოთ აუცილებელია ჩვენს ფიზიკურ სხეულზე ზრუნვა. ფიზიკური ზრუნვაა ნებისმიერი ქმედება, რომელიც დადებითად აისახება ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობასა და კარგად ყოფნაზე.
ჯანსაღი კვება, ვარჯიში, ძილი, სეირნობა, დასვენება და იოგა ფიზიკური ზრუნვის საშუალებებია.
სოციალური
სოციალური ზრუნვა ნიშნავს ჯანსაღი საზღვრების დაწესებას, კომუნიკაციას, მხარდაჭერის სისტემების ქონას (support systems), სოციალურ წრესთან კავშირსა და კომუნიკაციას, სხვებთან ერთად დროის გატარებასა და სხვებისთვის დახმარების თხოვნას.
სოციალური ზრუნვის მაგალითებია: ლანჩი მეგობრებთან ერთად, მშობლების რეგულარული მოკითხვა, მეგობრებისთვის აზრების და გამოცდილების გაზიარება და სხვა.
ემოციური
ემოციური ზრუნვის ტიპი მოიცავს სტრესის მენეჯმენტს, პატიებას, სიკეთესა და ემოციურ სიმწიფეს. როდესაც შეგვიძლია ჩვენი ემოციების აღქმა და მათი მართვა, თავს უფრო თავისუფლად ვგრძნობთ.
ემოციური ზრუნვის მაგალითებია საკუთარი ემოციების მართვის სწავლა, საკუთარი გრძნობების გაანალიზება – რას განვიცდით და რატომ, ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი, შემოქმედება – მუსიკის შექმნა, ხატვა, ძერწვა.
სულიერი/სპირიტუალური
საკუთარ თავზე ზრუნვის ეს ფორმა გულისხმობს კავშირს ჩვენს საკუთარ თავთან. აუცილებელი არ არის, რომ სულიერი და სპირიტუალური პრაქტიკა რელიგიური იყოს.
სულიერი ზრუნვის მაგალითებია განმარტოება, იოგა, მედიტაცია, ბუნებაში დროის გატარება, საკუთარი აზრების ჩაწერა და სხვა.
ასე რომ, საკუთარ თავზე ზრუნვა მხოლოდ ვარჯიშით ან ჯანსაღი კვებით არ შემოიფარგლება, ზრუნვა ბევრნაირად შეგვიძლია. ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებში საკუთარ თავზე ზრუნვა დაგვეხმარება ვიყოთ უფრო მშვიდად, გვქონდეს ჯანსაღი ურთიერთობები და დავიცვათ ბალანსი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მთავარია თავად მოძებნოთ ის აქტივობები, რაც საკუთარ თავზე ზრუნვაში ყველაზე უკეთ გეხმარებათ.