გავაცილოთ ძველი წელი და შევხვდეთ ახალს
3 წუთიანი საკითხავი
გავაცილოთ ძველი წელი და შევხვდეთ ახალს

ახალი წელი საუკეთესო დროა იმისათვის, რომ გადავხედოთ გასულ თვეებსა და დღეებს, მიზანმიმართულად გამოვყოთ დრო და გავიაზროთ, რა გვინდა რომ დასრულდეს, რისი ადგილი აღარ არის ან აღარ გვინდა რომ იყოს ჩვენ ცხოვრებაში და ამის საპირისპიროდ, რისთვის ვათავისუფლებთ ადგილს, რისი შემოშვება და დანერგვა გვინდა ჩვენ ყოველდღიურობასა და მომავალში.  

ნახეთ, თუ როგორ შეგვიძლია ემოციურად და მენტალურად დავემშვიდობოთ ძველს და შევხვდეთ ახალს:

გავიაზროთ და ჩამოვწეროთ ყველაფერი, რაც გვინდა ძველ წელს გაჰყვეს - წელი სრულდება და პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ამ წლის მანძილზე არსებული მოვლენების, ადამიანების და განცდების გადახედვა და გააზრებაა. 

 

რა არის ისეთი, რაც გვინდა რომ ძველ წელთან ერთად დასრულდეს? 

რას ან ვის გვინდა დავემშვიდობოთ? 

ვინ ან რა დავკარგეთ, რაც ამ წელში დარჩება სამუდამოდ? 

რომელი თვისება ან ქცევა გვაქვს ისეთი, რომლის შეცვლასაც ვისურვებდით და ძველ წელს გავატანდით?

ამ ჩამონათვალის დასრულებისას, შეგვიძლია უსაფრთხო ადგილი ვიპოვოთ და ეს ფურცელი დავწვათ, რითიც სიმბოლურად დავასრულებთ იმ ყველაფერს, რაც გვინდა, რომ რეალურადაც დასრულდეს. 

 

გავიაზროთ და ჩამოვწეროთ რა მოგვიტანა ამ წელმა, რაც გვინდა რომ ჩვენთან დარჩეს - ჩამოვწეროთ ყველაფერი, რაც ამ წლის მანძილზე მოხდა და რისთვისაც მადლიერები ვართ. 

 

ხომ არ გაიცანით ახალი ადამიანი, რომელიც თქვენთვის საინტერესო და ძვირფასი გახდა? 

რა გადაგხდათ ამ წლის მანძილზე ახალი და კარგი? 

რომელი ადგილი ნახეთ, რომელმაც თქვენზე შთაბეჭდილება მოახდინა? 

რა აღმოაჩინეთ საკუთარ თავში, რაც ღირებული და მნიშვნელოვანია, რასაც შეინარჩუნებდით?

 

გავიაზროთ და ჩამოვწეროთ ახალი წლის მოლოდინები - ეს არის სურვილები, რომლებსაც საკუთარ თავს ვუსურვებთ, და იმისათვის, რომ ეს სურვილები რეალური და თვალსაჩინო გახდეს, ამაში ან ვიზუალიზაცია, ან ისევ ფურცელი და კალამი დაგვეხმარება. ჩამოვწეროთ ან ცხადად წარმოვიდგინოთ ის ყველაფერი, რასაც ვისურვებდით, რომ ახალ წელს მომხდარიყო. 

 

რა არ ვიცით და გვინდა გავიგოთ/ვისწავლოთ? 

რა არ გამოგვდის ჯერ-ჯერობით და გვინდა რომ გამოგვივიდეს? 

რომელია ის ახალი უნარი, რომლის გამომუშავება დიდი ხანია გვინდა? 

არის რაიმე ახალი აქტივობა/ჰობი, რომელსაც დიდი სიამოვნებით ვცდიდით? 

რას და ვის გვინდა მეტი დრო დავუთმოთ ხოლმე? 

რა გვჭირდება, რა გვესიამოვნება და რა გაგვახარებს, რაც შეგვიძლია რომ საკუთარ თავს გავუკეთოთ?

 

ხშირად, ყველაფერი ახალი, რაც შეიძლება ჩვენ ცხოვრებაში მოხდეს, ჩვენში შიშს და შფოთვას იწვევს და ცვლილებებს, არსებული რეალობის და ყოველდღიურობის უცვლელად დატოვებას ვარჩევთ. თუმცა, ცვლილებები გარდაუვალია და ყველაფერი ახალი, მათ შორის ახალი წელი, ახალი შესაძლებლობების, შეგრძნებებისა და იდეების დიდი სივრცეა. ჩვენი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ემოციური კეთილდღეობისთვის უკეთესი იქნება თუ შევძლებთ ცვლილებებთან ადაპტაციას, და მეტიც, იმ ცვლილებებს თავად განვახორციელებთ, რომლებიც ჩვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესაში დაგვეხმარება.
 

გამოქვეყნების თარიღი: 25 დეკემბერი, 2023წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები