21-ე საუკუნეში ადამიანები პროდუქტიულობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენს ხელთ არსებული რესურსისა და დროის ეფექტურად გამოყენება ხშირად განსაზღვრავს ჩვენს როლს და ადგილს საზოგადოებაში. თუმცა, პროდუქტიულობა ყოველთვის თანდაყოლილი თვისება არ არის და მას მუდმივი ვარჯიში სჭირდება. მნიშვნელოვანია, პროდუქტიულობის ზრდასთან ერთად, დატვირთული და დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, ჯანსაღი მენტალური მდგომარეობაც შევინარჩუნოთ.
აქ გაგიზიარებთ რჩევებს, რომლებიც პროდუქტიულობის გაზრდაში დაგეხმარებათ. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენი, როგორც ადამიანების ღირებულება პროდუქტიულობის დონით არ განისაზღვრება. ჩვენ ბევრად მეტი ვართ, ვიდრე – ნამუშევარი საათების რაოდენობა ან თვის განმავლობაში გამომუშავებული ანაზღაურება.
წინასწარ დაგეგმეთ დღის განრიგი – მომდევნო დღის დეტალურად გაწერა, როგორც წესი, რთული და შეუძლებელიც კია, რადგან ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით. თუმცა, შეეცადეთ, მაქსიმალურად კონკრეტულად ჩამოწეროთ მომდევნო დღეს გასაკეთებელი აუცილებელი საქმეები და დაფიქრდეთ, რა დროს დაუთმობთ თითოეულ მათგანს (მაგ.: 13:00-14:30 საათი – წავიკითხავ წიგნის 2 თავს). ეს მეთოდი მუშაობის დროს დროის უკეთ აღქმასა და განაწილებაშიც დაგეხმარებათ. კარგი იქნება, თუ შეინარჩუნებთ რეალისტურ განწყობას და თქვენს თავს ისეთ შეუსრულებელ მისიას არ დაუსახავთ, რომელიც თავიდანვე შეუსრულებლობისთვის იქნება განწირული. დღის წინასწარ დაგეგმვა დროის დაზოგვასა და საქმეზე უკეთ კონცენტრირებაში დაგეხმარებათ.
გამოყავით სამუშაო სივრცე – თანამედროვე პირობებში საქმის დიდი ნაწილის შესრულება ხშირად სახლიდან გვიწევს. პირადი და სამუშაო სივრცეების გამიჯვნა რთულია, თუმცა აუცილებელი. ერთსა და იმავე სივრცეში რაღაცის კეთება ჩვენს გონებაში ამ ადგილსა და კონკრეტულ ქმედებას შორის ასოციაციას ქმნის. მაგალითად, თუ ჩვენ მუშაობას საწოლში გადავწყვეტთ, დიდი ალბათობით, ნაკლებად პროდუქტიული ვიქნებით, რადგან ჩვენს გონებაში საწოლი არა მუშაობასთან და აზროვნებასთან, არამედ – დასვენებასა და განტვირთვასთან ასოცირდება. და პირიქით, საწოლში მუშაობა დაარღვევს მის, როგორც მოსვენებისთვის განკუთვნილი კუთხის, ასოციაციას, რის გამოც შედარებით რთულად დაგვეძინება. ამიტომ, აჯობებს, მუშაობისთვის გამოვყოთ კონკრეტული, დამოუკიდებელი სივრცე და, შესაბამისად, საკუთარი თავი პროდუქტიული მუშაობისთვის განვაწყოთ.
მოაწესრიგეთ სამუშაო სივრცე – მას შემდეგ, რაც მუშაობისთვის კონკრეტულ სივრცეს გამოვყოფთ, სასურველია, მის მოწესრიგებაზეც ვიზრუნოთ. გარემოს უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, ქაოტური გარემო არეულობას ჩვენს ტვინშიც აპროვოცირებს, რაც კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას იწვევს. ამიტომ, ეცადეთ, შეინახოთ ზედმეტი/არასაჭირო ნივთები და მაქსიმალურად მოაწესრიგოთ სამუშაო გარემო თქვენ ირგვლივ.
პრიორიტეტი მიანიჭეთ აუცილებლად შესასრულებელ საქმეებს – რადგან მომდევნო დღის განრიგი სრულად ჩვენზე არაა დამოკიდებული და ხშირად თავს იჩენს გაუთვალისწინებელი მოვლენები, შეიძლება, დაგეგმილი საქმის ნახევრის შესრულებაც კი ვერ მოასწროთ. ამიტომ, განრიგის დაგეგმვისას აუცილებლად მიანიჭეთ პრიორიტეტი მეტად მნიშვნელოვან საქმეებს და შეეცადეთ, მომდევნო დღე სწორედ ამ საქმეებით დაიწყოთ. შეგიძლიათ, გამოყოთ სამი მთავარი და გადაუდებელი ამოცანა, რომელიც დღის განმავლობაში გაქვთ შესასრულებელი. რა თქმა უნდა, აჯობებს, თუ დღის ბოლომდე ყველა დაგეგმილ აქტივობას შეასრულებთ, მაგრამ თქვენს თავს მიეცით უფლება, რომ ის დღე პროდუქტიულად ჩათვალოთ, თუკი ამ სამი ძირითადი ამოცანის შესრულებას მოასწრებთ.
დააკვირდით, როდის ხართ ყველაზე პროდუქტიული – ყველა ადამიანს აქვს დღის კონკრეტული მონაკვეთი, როდესაც მისი პროდუქტიულობა პიკშია. შეიძლება ეს იყოს დილა, შუადღე ან საღამოც კი. საკუთარ თავზე დაკვირვება და ორგანიზმის საჭიროებებში გარკვევა როგორც პროდუქტიულობის, ისე – მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი გასაღებია. ამიტომ, მოუსმინეთ თქვენს განწყობებს – როდის გრძნობთ თავს მეტად ენერგიულად და მოტივირებულად? როცა დღის კონკრეტულ პერიოდს დაადგენთ, შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ ამ დროს შეხვედრების ჩანიშვნაც კი, რათა ხელი არ შეგეშალოთ თქვენთვის ყველაზე პროდუქტიული დროის გამოყენებაში.
კონცენტრირდით მხოლოდ კონკრეტულ მიზანზე – დაისახეთ კონკრეტულ დროში შესასრულებელი კონკრეტული მიზანი და ეცადეთ, მხოლოდ მასზე კონცენტრირდეთ. ერთი საქმიდან მეორეზე გადასვლა ხშირად უარყოფითად აისახება როგორც შესრულებული საქმის ხარისხზე, ისე – თქვენს განწყობაზე, კმაყოფილებასა და ენერგიაზე.
შეისვენეთ – რამდენიმე საათიანი უწყვეტი მუშაობა მენტალურ გადატვირთვას იწვევს, შედეგად პროდუქტიულობაც ქვეითდება. იმისათვის, რომ დღის ბოლომდე ენერგია გეყოთ, აუცილებელია, ორგანიზმმა მცირე დროით მაინც შეისვენოს. განტვირთვის მიზნით, შეგიძლიათ, წაიხემსოთ, მოუსმინოთ სასიამოვნო მუსიკას, გააკეთოთ მსუბუქი გაწელვები/ვარჯიშები ან, უბრალოდ, არაფერი აკეთოთ. მოკლევადიანი დასვენების შემდეგ საქმის შესრულების ეფექტურობა გაცილებით გაიზრდება.
შეეცადეთ, არ დაგავიწყდეთ საკუთარი თავის მიმღებლობა და თანაგრძნობა –
რაც არ უნდა კარგად დავგეგმოთ და მოვემზადოთ, მაინც იქნება დღეები, როდესაც გაგვიჭირდება, ვიყოთ პროდუქტიულები. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ჩვენი თავის მიმართ გამოვიჩინოთ მიმღებლობა და თანაგრძნობა და გვახსოვდეს, რომ ჩვენი, როგორც ადამიანის, ღირებულება ჩვენი პროდუქტიულობით არ განისაზღვრება.
კარგია, როდესაც ჩვენს დროსა და რესურსს ოპტიმალურად ვიყენებთ (ზემოთ ჩამოთვლილი ჩვევები და მიდგომები დაგეხმარებათ, იყოთ მეტად პროდუქტიული). თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ეს არაჯანსაღ, არარეალურ პერფექციონისტურ ტენდენციებში არ გადაიზარდოს, რის გამოც მუდმივად უკმაყოფილონი ვართ საკუთარი თავით და მიღწევებით. სასურველია, მუშაობის დროსაც მოვუსმინოთ ჩვენს სხეულს, გონებას და ემოციებს, ვივარჯიშოთ საკუთარი თავის მიმღებლობაზე, თანაგრძნობაზე და ვეცადოთ, სწორად შევათავსოთ დასვენება და პროდუქტიულობა, რათა არ გადავიწვათ როგორც ფიზიკურად, ისე – მენტალურად.