კომუნიკაციის როლი ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში უმნიშვნელოვანესია. ჩვენს სოციალურ გარემოზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ის, თუ როგორი ფორმით გადმოვცემთ ჩვენს გრძნობებსა და ემოციებს ან როგორ ვიღებთ მათ. ხარისხის თვალსაზრისით, კომუნიკაციის ჯანსაღ (ეფექტურ) და არაჯანსაღ გზებს გამოყოფენ. ჯანსაღი კომუნიკაცია, როგორც წესი, პოზიტიური სოციალური კავშირების შექმნის მთავარი წინაპირობაა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯანსაღი კომუნიკაცია მხოლოდ სასიამოვნო თემებზე დიალოგს არ გულისხმობს, არამედ მოიაზრებს ისეთ საკითხებსაც, როგორებიცაა: საუბარი ბრაზის გამომწვევ მიზეზებზე, წყენის დაფიქსირება, განსხვავებული, კრიტიკული აზრის შეთავაზება და ა.შ. შესაძლოა, თქვენს მეგობართან, ნაცნობთან ან პარტნიორთან საკითხთა უმეტესობაზე არ თანხმდებოდეთ, თუმცა, ჯანსაღი კომუნიკაციის გზით თავიდან ირიდებდეთ კონფლიქტს და მშვიდობიან ურთიერთობას ახერხებდეთ.
ამ სტატიაში გაგიზიარებთ რჩევებს კომუნიკაციის შესახებ, რომელთა გათვალისწინებაც ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.
შეეცადეთ, მოუსმინოთ – ის ფაქტი, რომ ადამიანები ერთმანეთისაგან განვსხვავდებით, დიდი გამოწვევის წინაშე გვაყენებს. ერთი და იმავე მოვლენის განსხვავებულად შეფასებას ხშირად ირონიული დამოკიდებულების გამჟღავნება და კონფლიქტი სდევს თან. ამიტომ პირველი, რასაც კომუნიკაციის სპეციალისტები გვირჩევენ, სხვათა განსხვავებულობის მიმღებლობა და მათი მოსმენაა. ფაქტების აღქმაში ბევრი კომპონენტი მონაწილეობს, როგორებიცაა, მაგალითად: წარსული გამოცდილება, შიში, ცრურწმენა და ა.შ. ამიტომ ბუნებრივია, რომ ერთსა და იმავე მოვლენას ყველა განსხვავებულად ვაფასებდეთ. ადამიანთან ჯანსაღი კომუნიკაციის წამოსაწყებად, პირველ რიგში, უმჯობესია, გულწრფელად მოუსმინოთ მას, გაიაზროთ, რაზეა დაფუძნებული მისი აღქმა და რა არგუმენტებით ამყარებს საკუთარ მსჯელობას.
იყავით კონკრეტული – საკითხის განზოგადებამ, შესაძლოა, უმნიშვნელო კამათიც კი მასშტაბურ კონფლიქტში გადაზარდოს. ისეთი სიტყვები, როგორებიცაა: „არასდროს“ და „ყოველთვის“ გვიბიძგებენ, რომ არა მხოლოდ აწმყოში მიმდინარე პროცესებზე ვკონცენტრირდეთ, არამედ წარსულში გამოცდილი წყენაც გავიხსენოთ. ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ დავაკონკრეტებთ, რა სიტყვებმა/საქციელმა გამოიწვია ჩვენი აღელვება.
გულწრფელად გაუზიარეთ ემოცია – შეეცადეთ, ისაუბროთ თქვენს ემოციებზე და არა – მეორე ადამიანის ქმედებებზე. საკუთარი ფიქრების სწორი ფორმით გადმოცემაში „მე“ ფრაზა დაგეხმარებათ – ნაცვლად „შენ არ მოხვედი“, „შენ არასწორად მოიქეცი“, უთხარით: „მე მეწყინა, როცა…“, „მე თავი მოტყუებულად ვიგრძენი, როცა…“. გაუზიარეთ, რატომ გამოიწვია თქვენში კონკრეტულმა ქმედებამ აღნიშნული ემოცია.
შესთავაზეთ გამოსავალი – ჯანსაღი კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ადამიანისთვის ურთიერთმომგებიანი ალტერნატივის შეთავაზებაა. მხოლოდ პრობლემის სწორი იდენტიფიცირება საკმარისი არ არის, მნიშვნელოვანია ისეთი გზის მოძებნა, რომელიც მომავალში აღნიშნულ პრობლემას აღარ წარმოქმნის. ამიტომ, კარგი იქნება, თუ წყენის გამომწვევ მიზეზზე საუბრისას მოფიქრებული გვექნება ისეთი ალტერნატივაც, რომელიც ზუსტად მიანიშნებს მეორე ადამიანს, რა ცვლილებას ველით მისი საქციელისგან. თუ ალტერნატივის გამოძებნა გვიჭირს, შეგვიძლია, მას შევთავაზოთ, იპოვოს გამოსავალი და დაგიდასტუროთ, რომ აღნიშნული ცვლილებისთვის ისიც ნამდვილად მზადაა.
ყურადღება მიაქციეთ, როგორ საუბრობთ – ამერიკელი ავტორისა და ორატორის, ჯონ მაქსველის მიერ შედგენილი „კომუნიკაციის განტოლების“ თანახმად, სიტყვები, რომლებსაც ვამბობთ, მხოლოდ 7%-ით ზრდის ჩვენს დამაჯერებლობას, ხოლო ის, თუ როგორ ვამბობთ, 38%-იან გავლენას ახდენს კომუნიკაციის ხარისხზე. დანარჩენი 55% კი, დამოკიდებულია ე. წ. „სხეულის ენაზე“, რომელიც ხშირად უტყუარ ინფორმაციას გასცემს ჩვენი განწყობის შესახებ.
ჯანსაღი კომუნიკაციისათვის საჭირო ჩვევების ჩამოყალიბება რთული და ხანგრძლივი პროცესია. კამათის დროს სიმშვიდის შენარჩუნებას და საკუთარი აზრის კონსტრუქციულად გადმოცემას დიდი მოთმინება და მონდომება სჭირდება. ამიტომ მთავარია, რეგულარულად ვივარჯიშოთ ჩვენი ემოციების სწორად გაზიარებაში და დიალოგის დროს ან შემდეგ საკუთარი სიტყვების/ქმედებების გაანალიზებაში.