გახსოვთ, ყოველდღიურ საქმიანობაში ჩაფლული, ბოლოს როდის შეჩერდით და სრულფასოვნად დაისვენეთ? როდის ისეირნეთ ისე, რომ გონება კვლავ სამსახურის საქმეებით არ დაგეკავებინათ? როდის უყურეთ ფილმს ისე, რომ მეორე დღის დავალებებზე არ გეფიქრათ? ან, როდის შეხვდით მეგობარს მშვიდად, როცა რუტინულ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს არ შეუწუხებიხართ?
მუდმივი შფოთვა და შედეგით დაუკმაყოფილებლობა ე.წ. „გადაწვის“ მთავარი სიმპტომებია. პრობლემა თვალსაჩინო გახდა ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში და განსაკუთრებით გამწვავდა კორონავირუსის პანდემიის დროს, როცა სახლიდან მუშაობამ კიდევ უფრო წაშალა ზღვარი სახლსა და სამსახურს შორის.
ტერმინი „გადაწვა“ 1974 წელს პირველად გერმანელმა ფსიქოლოგმა, ჰერბერტ ფროიდენბერგერმა გამოიყენა და ასე განმარტა: „გადაწვა არის რეაქცია ხანგრძლივ სტრესზე, რომელიც, ძირითადად, სამი ნიშნით წარმოჩინდება: მუდმივი დაღლილობა, სამსახურისგან საკუთარი თავის გამიჯვნის სირთულედა პროფესიული უნარებისა თუ შესაძლებლობების დაქვეითება“.
მარტივად რომ ვთქვათ, თუ თქვენ მუდმივ დაღლილობას, ენერგიის დეფიციტს და სამსახურით უკმაყოფილებას განიცდით და თქვენს საქმესაც ისე კარგად ვერ ასრულებთ, როგორც ადრე, მაშინ, დიდი ალბათობით – „გადაიწვით.“
გადაწვა მხოლოდ ემოციური ფონის ცვლილებით არ ვლინდება, არამედ ხშირად ისეთ ფიზიკურ სიმპტომებსაც ავლენს, როგორებიცაა: თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, არითმია და სხვა. ამიტომ ამ მდგომარეობის ხანგრძლივად უგულებელყოფა შესაძლოა საკმაოდ დამაზიანებელი აღმოჩნდეს, როგორც ფსიქოლოგიური, ისე – ფიზიკური კუთხით.
რამ შეიძლება გამოიწვიოს პროფესიული გადაწვა?
პროფესიული საქმიანობისას, არსებობს რამდენიმე რისკ ფაქტორი, რომელმაც შეიძლება გადაწვამდე მიგვიყვანოს:
* უსამართლო მოპყრობა – დასაქმებულები, რომლებიც თავს უსამართლო მოპყრობის მსხვერპლად მიიჩნევენ, 3-ჯერ მეტად დგანან გადაწვის საშიშროების წინაშე, ვიდრე სხვები. დასაქმებულები, რომლებსაც თანამშრომლების ან უფროსების მხრიდან არაობიექტური დამოკიდებულების გამომჟღავნება, ფავორიტიზმი, დაუმსახურებელი შენიშვნები ან შეუსაბამო ანაზღაურება აწუხებთ, უფრო ხშირად განიცდიან გადაწვას.
* დროში შეზღუდულობა – დასაქმებულები, რომლებიც ამბობენ, რომ საქმის შესასრულებლად საკმარისი დრო აქვთ, დაახლოებით 70%-ით ნაკლებად დგანან გადაწვის საფრთხის წინაშე, ვიდრე ისინი, რომლებიც დროის მუდმივ ნაკლებობას განიცდიან.
* დამსაქმებელთან კომუნიკაციის ნაკლებობა – ადამიანები ყოველთვის ელიან შეფასებას და მხარდაჭერას დამსაქმებლის მხრიდან. როდესაც მენეჯერი თავს არიდებს თანამშრომლებთან ღია კომუნიკაციას, უკუკავშირის მიცემას და ინფორმირებას, როგორც წესი, დასაქმებულთა დიდ ნაწილში, მუდმივი მოლოდინი და ბუნდოვანი მომავალი სტრესს და გადაწვას იწვევს.
* ბუნდოვანი წარმოდგენები საკუთარი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების შესახებ – ნორმალურია, რომ ახალი სამსახურის დაწყებისას ადამიანი დეტალურად გაეცნოს მისი პოზიციით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობებს, უფლებებსა და მოვალეობებს. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად პოზიციასთან დაკავშირებით დასაქმებულის მოლოდინები არ მართლდება და ზღვარი საკუთარ და თანამშრომელთა პასუხისმგებლობებს შორის ბუნდოვანი ხდება. შედეგად, ადამიანი სტრესს განიცდის, ხანგრძლივი ან ინტენსიური სტრესი კი ადვილად იწვევს გადაწვას.
როგორ გავუმკლავდეთ გადაწვას?
პრობლემებთან გამკლავების საუკეთესო გზა მათი პრევენციაა. გადატვირთული სამუშაო რეჟიმის დროს სხვისთვის დახმარების თხოვნამ, შესასრულებელი საქმეების დროში სწორად დაგეგმვამ და დღის რეჟიმის მოწესრიგებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქოთ სტრესული ფონი. ამით თავიდან აიცილებთ გადაწვას. თუმცა, ხშირად, ადამიანები საკუთარი მდგომარეობის სიმძიმეს მხოლოდ მას შემდეგ აცნობიერებენ, როცა ემოციურთან ერთად, თავს ფიზიკური სიმპტომებიც იჩენს. ამ შემთხვევაშიც, შეიძლება, ვერ ვხვდებოდეთ, რომ საქმე გვაქვს გადაწვასთან და არა მედიკამენტოზური მკურნალობის დაწყების საჭიროებასთან.
როცა სამსახური ძალიან დამღლელი, დისკომფორტის მომტანი, უსამართლო და დამთრგუნველი გვეჩვენება, ასეთ დროს ეფექტური იქნება, თუ შეჩერდებით და თქვენს თავს ჰკითხავთ: რა მიქმნის დისკომფორტს? რა მაღიზიანებს? როგორ შეიძლება მოვაგვარო ეს საკითხი?
ცვლილება სამუშაო რუტინაში – ზოგი ადამიანი რადიკალურ გადაწყვეტილებას იღებს და სამუშაო გარემოს იცვლის. თუმცა, დამსაქმებელთან ღია კომუნიკაცია საკუთარი მოვალეობების შემცირებისა და საქმის მასშტაბის ცვლილებაზე, შესაძლოა სავსებით საკმარისი აღმოჩნდეს. ხშირად, შენიშვნის მიღების შიშით, ადამიანები ყველა დაკისრებულ დავალებას საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ უხმოდ იღებენ, თუმცა, თუ დამსაქმებელთან კომუნიკაციასა და თქვენი საჭიროებების გაზიარებას შეეცდებით, შესაძლოა კომპრომისის მიღწევა მოახერხოთ.
რამდენიმე დავალების ერთდროულად მიღება გონებისთვის საკმაოდ სტრესულია, მაგრამ თითქმის გამორიცხულია, ყველა დავალების ერთად შესრულება მოგვეთხოვებოდეს. მშვიდად გადახედეთ შესასრულებელ საქმეებს და სცადეთ, ერთმანეთისგან გამიჯნოთ საქმეები, რომელთა შესრულებაც სასწრაფოდ მოგეთხოვებათ და საქმეები, რომელთა გადადებაც შეგიძლიათ. ამის შემდეგ კი, კონცენტრირდით მხოლოდ იმ დღის დავალებებზე ისე, რომ გონება სხვა დღისთვის გადადებული საქმეებით აღარ დააკავოთ.
ხარისხიანი დასვენება – გადაწვასთან გამკლავების ყველაზე ეფექტური გზა შესაძლოა დასვენება აღმოჩნდეს. ადამიანებს ხშირად დანაშაულის გრძნობა გვიპყრობს, როცა ვამბობთ, რომ დავიღალეთ და დასვენება გვჭირდება. ეს კი საკმაოდ ბუნებრივია – ჩვენ ისევე გვჭირდება დრო დახარჯული ძალების აღსადგენად, როგორც – სხვა ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს. იმის აღიარება, რომ ენერგიის აღდგენისთვის დრო გვჭირდება, სირცხვილი არ არის. თუმცა, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ დასვენება არა მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის დროებითი შეცვლას, არამედ, პირველ რიგში, ყოველდღიური რუტინული საქმიანობის უგულებელყოფას და სამსახურთან დაკავშირებული საქმეებისგან სრულად მოწყვეტას გულისხმობს. ხარისხიანი დასვენების შემდეგ, შეიძლება, სამსახური არც ისე დამთრგუნველი და უინტერესო მოგეჩვენოთ, როგორც მანამდე აღიქვამდით.
ცვლილება დღის გრაფიკში – დღის გრაფიკის მნიშვნელობაზე აქამდეც არაერთხელ გვისაუბრია – ძილის რეჟიმის მოწესრიგება, ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა ის საშუალებებია, რომლებსაც სტრესისგან თავის დაღწევაში ჩვენი დახმარება, მოტივირება და ჩვენი ორგანიზმის ენერგიით ავსება ყველაზე ეფექტურად შეუძლია.
როგორც აღვნიშნეთ, ხშირად ადამიანები მხოლოდ მაშინ აცნობიერებენ, რომ გადაიწვნენ, როცა ემოციურთან ერთად, თავს ფიზიკური პრობლემებიც იჩენს. ასე რომ არ მოხდეს, მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად წუთით შევჩერდეთ და დავფიქრდეთ, რამდენად მშვიდად ვგრძნობთ თავს, რა გვაღიზიანებს და გვართმევს ენერგიას.
გახსოვდეთ, რომ გადაწვა 21-ე საუკუნეში დასაქმებულთა შორის, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა და იმის აღიარება, რომ დასვენება გვჭირდება, შესაძლოა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს ჩვენი ემოციური და ფიზიკური მდგომარეობისთვის.