მარტო ყოფნის ბედნიერება
3 წუთიანი საკითხავი
მარტო ყოფნის ბედნიერება

და დარჩა ხალხი სახლშიკითხულობდნენ წიგნებსუსმენდნენვარჯიშობდნენ და ქმნიდნენ ხელოვნებასთამაშობდნენ თამაშებს დასწავლობდნენ ყოფის ახალ გზებსიყვნენ მშვიდადდა კიდევ უფროსიღრმისეულად უსმენდნენზოგი მედიტირებდაზოგიც ლოცულობდაზოგიკი ცეკვავდაზოგი შეხვდა საკუთარ აჩრდილებსდა ადამიანებმასხვანაირად დაიწყეს ფიქრიდა ხალხმა დაიწყო განკურნება

Kitty O’Meara

ადამიანები ადრეული ასაკიდანვე ვიწყებთ  სოციუმთან ურთიერთობის დასწავლას. სოციალური უნარების არსებობა და ხალხთან ურთიერთობა  საზოგადოებაში ჩვენი ინტეგრაციისა და მიმღებლობისთვის არის აუცილებელი. ამისათვის, დაბადებიდან ვითვისებთ ურთიერთობებისთვის  საჭირო უნარებს, რომლებიც თანდათან ვითარდება ოჯახში, ბაღსა თუ სკოლაში. თუ ამ სოციალურ უნარებთან ერთად იმის შესაძლებლობაც გაქვთ, რომ იპოვოთ ბალანსი საზოგადოებასთან ურთიერთობასა და მარტო დროის გატარებას შორის, ნამდვილად გაგიმართლათ.

ბევრ ადამიანს მარტო ყოფნის იდეა აშინებს, იქნება ეს მარტო ცხოვრება თუ უბრალოდ კომპანიონის გარეშე სადილი.

ეს ბუნებრივია. ჩვილობის ასაკიდანვე მარტო ყოფნა ადამიანში შიშის შეგრძნებას ბადებს, რადგან ის საფრთხით გამოწვეულ დაუცველობასთანაა დაკავშირებული. ამასთან, ადამიანი სოციალური ცხოველია და მისთვის ურთიერთობები მნიშვნელოვანია, რაც არ უნდა  ექსტროვერტი ან ინტროვერტი იყოს იგი ბუნებით. ჩვენ ყველას გვჭირდება სოციალიზაცია. ახლო და მნიშვნელოვანი ურთიერთობები ამცირებს სტრესის დონეს, აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და გვიცავს  მარტოობის განცდისგან, მაშინ, როცა ცხოვრებისეული სიტუაციებიდან გამომდინარე თავს გარიყულად ვგრძნობთ.

მაგრამ ჩვენთვის დროის მარტოდ გატარებაც მნიშვნელოვანია, რათა უფრო ღრმად დავუკავშირდეთ საკუთარ თავს.

რა განსხვავებაა მარტო ყოფნასა და სიმარტოვის შეგრძნებას შორის?

იმისთვის, რომ მეტი დრო გავატაროთ საკუთარ თავთან და ამით თავი კომფორტულად ვიგრძნოთ, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რა განსხვავებაა მარტო ყოფნასა და სიმარტოვის შეგრძნებას შორის.

მარტო ყოფნა სინამდვილეში მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობაა. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულ მომენტში ჩვენ არ ვართ სხვა ადამიანებთან ერთად, არამედ – მხოლოდ საკუთარ თავთან.

სიმარტოვის შეგრძნება ემოციური მდგომარეობაა. ის გამოხატავს მწუხარების განცდას, რომელიც გამოწვეულია კომუნიკაციის არ ქონით.

მარტო ყოფნის დროს, შეგვიძლია, საკუთარ თავს ჩავუღრმავდეთ და ვიგრძნოთ მასთან მჭიდრო კავშირი, ეს კი კომფორტისა და ბედნიერების განცდას მოგვანიჭებს.

ამის საპირისპიროდ, მარტოობის შეგრძნება შეიძლება მაშინაც გვქონდეს, როცა სხვა ადამიანებთან ერთად ვართ, რაც, შესაძლოა, ცხოვრებისეული მოვლენით იყოს გამოწვეული (მაგალითად, დაშორებით), ან სოციალური კავშირების ნაკლებობით.

როგორ ვისწავლოთ მარტო ყოფნა?

ჩვენ შეიძლება კმაყოფილნი ვიყოთ ჩვენი სოციალური კავშირებით, მაგრამ მარტო ყოფნა მაინც გვიჭირდეს, რადგან ეს ჩვენთვის არაბუნებრივი მდგომარეობაა. ჩვენ მიჩვეულნი ვართ გადატვირთულ დღის გრაფიკს, რომელშიც საკუთარი თავისთვის დრო თითქმის არ გვრჩება; მარტო ყოფნის დროსაც ჩვენ გარშემო უამრავი რამაა, რაც ყურადღებას გვიფანტავს – ჩართული ტელევიზორი, მობილური ტელეფონი და, რა თქმა უნდა, სოციალური მედია.

მარტო ყოფნისას, საკუთარ თავთან დროის ხარისხიანად გასატარებლად, მარტო ყოფნა თავიდან უნდა ვისწავლოთ. 

დაკავდი სოციალური აქტივობებით მარტო 

მარტო ყოფნა არ გულისხმობს ოთახში გამოკეტვას და სამყაროსაგან იზოლირებას. ეს არის საკუთარ თავთან დროის სასიამოვნოდ გატარება.გაისეირნე მარტომ, მიირთვი ყავა კაფეში, ნახე ახალი ფილმი კინოთეატრში და ძალიან მალე, აღმოაჩენ, რომ საკუთარი თავისთვის საუკეთესო კომპანიონი ხარ.

გამოყავი დრო საქმიანობისთვისრომელიც მოგწონს

საკუთარ თავთან ურთიერთობისთვის დღის განმავლობაში ერთი საათიც საკმარისია. შეარჩიეთ საქმიანობა, რომლის კეთებაც გსიამოვნებთ და დაკავდით ჰობით. ეს შეიძლება იყოს მცენარეების მოვლა, ხატვა, კულინარია, წერა, კითხვა, მუსიკის მოსმენა, ცეკვა თუ სხვა. უმჯობესია, ამ დროს მხოლოდ საკუთარ თავზე კონცენტრირდეთ და არ გამოიყენოთ მობილური თუ სოციალური ქსელები.

დაოსტატდი დაკვირვებასა და საკუთარი თავის მოსმენაში 

იმისთვის, რომ სრულად შეიგრძნო მარტო ყოფნის ბედნიერება, მნიშვნელოვანია, ისწავლო გარემოზე დაკვირვება და უბრალო, ყოველდღიურ მოვლენებში რაიმე ახლისა და საინტერესოს დანახვა. სადაც არ უნდა წახვიდე, ეცადე, ადამიანებსა და მოვლენებს ახლებურად შეხედო და უკეთ შეაფასო.

მოუსმინე საკუთარ თავს და დაუკვირდი შენს ფიქრებს. ისინი ზოგჯერ შეიძლება არასასიამოვნო და ნეგატიურიც იყოს, მაგრამ გახსოვდეს, რომ ფიქრები, როგორც ტალღები მოდიან და მიდიან. საკუთარი თავის მოსმენაზე ვარჯიში საკუთარ თავთან კავშირის გაძლიერებაში დაგეხმარება.

რატომ არის მნიშვნელოვანი საკუთარ თავთან დროის გატარება

საკუთარ თავთან დროის გატარება გვეხმარება, შევწყვიტოთ სხვა ადამიანებში ვალიდაციის ძიება. მისი საშუალებით უკეთ ვეცნობით საკუთარ თავს, შეგვიძლია გავმიჯნოთ საზოგადოების მიერ თავსმოხვეული აზრები და ფიქრები საკუთარისგან და ვიყოთ უფრო დამოუკიდებელნი. მარტო ყოფნისგან სიამოვნების მიღება არ ეწინააღმდეგება სოციალიზაციას და არ აკნინებს მის მნიშვნელობას. პირიქით, საკუთარ თავთან დროის ხარისხიანად გატარება გვეხმარება, ვიყოთ უფრო გულწრფელნი და თავისუფალნი სხვებთან ურთიერთობისას. 

მარტო ყოფნა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სოციალიზაცია და კავშირი სხვა ადამიანებთან. ის არ გულისხმობს იზოლაციას და უარყოფით განცდებს. სიმარტოვის შეგრძნებისაგან განსხვავებით, მარტო ყოფნას და საკუთარ თავთან დროის გატარებას მოაქვს თვითკმარობის შეგრძნება. ჯანსაღი ბალანსი სოციალურ კონტაქტებსა და მარტო ყოფნას შორის მნიშვნელოვნად ამაღლებს ჩვენი ემოციური, მენტალური თუ სოციალური კეთილდღეობის ხარისხს. 

გამოქვეყნების თარიღი: 06 ოქტომბერი, 2021წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები