ფიზიკური ვარჯიში და იოგა
3 წუთიანი საკითხავი
ფიზიკური ვარჯიში და იოგა

ფიზიკური ვარჯიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ ბევრი ამას არ აქცევს ყურადღებას. ხშირად მშობლებს ბავშვები ადრეული ასაკიდანვე დაჰყავთ რაიმე სპორტზე, რომ ფიზიკურად სწორად ჩამოყალიბდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთჯერადი „ინვესტიცია“ კარგია, მომავალში ჯანმრთელობის გარანტიის მომცემი მაინც არ არის. მითუმეტეს დღევნადელ მსოფლიოში, როცა შრომამ ფიზიკურიდან გონებრივზე გადაინაცვლა და ადამიანი სულ უფრო ნაკლებად მოძრაობს: სახლი-მანქანა-ოფისი-მანქანა-სახლი. ასეთი ცხოვრების წესი, ჯანმრთელობის ბევრი პრობლემის მომტანი შეიძლება გახდეს.

ბოლო დროს ძალიან გავრცელდა სპორტული დარბაზები და იოგა, რაც კარგია. სწორი კვება, ვარჯიში, ფეხით მეტი სიარული და ფიზიკურად ენერგიის დახარჯვა ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის.

ფიზიკური უმოქმედება, დაუხარჯავი და დაგროვილი ენერგია, ხშირად „საწამლავად“ იქცევა – იწვევს სტრესს, გაღიზიანებას, ნერვიულობას და ა.შ. სხეული და გონება ერთი ორგანიზმია, და მუდმივად ახდენენ გავლენას ერთიმეორეზე.

რაც შეეხება იოგას, უმეტესად ხალხს მასზე მცდარი წარმოდგენა აქვს. იოგა არ არის  ფიტნეს ვარჯიში. ის ძალიან სერიოზული და ფართო მეცნიერებაა. მეცნიერება იმიტომ, რომ იგი აგებულია ექსპერიმენტებზე. მეცნიერი ლაბორატორიაში ატარებს ცდებს, ხოლო იოგისთვის ლაბორატორია თავისი სხეული და გონებაა. იოგა გვაძლევს საშუალებას საკუთარი გონება და სხეული მაქსიმალურად ეფექტურად  გამოვიყენოთ. ჯანმრთელობა ამ ყველაფრის თანმდევია, მაგრამ მთავარი მიზანი არ არის.

ისევე როგორც მეცნიერება, იოგაც შეიძლება ზიანის მომტანი იყოს, თუ არასწორად გამოვიყენებთ ან თუ არ გვყავს კვალიფიცური მასწავლებელი. მთავარია არასდროს სცადოთ იოგას ვარჯიშების გაკეთება ვიდეოს ყურების ან წიგნის წაკითხვის მეშვეობით. საკმაოდ დიდი რისკი არსებობს, რომ საკუთარ თავს რაიმე ზიანი მიაყენოთ – ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი, შეიძლება ძალიან დიდ როლს თამაშობდეს ადამიანის ორგანიზმზე.

ინდოეთში, სადაც მე იოგას პრაქტიკებს გავდიოდი, ბევრი ადამიანი მოსულა არასწორი იოგას შედეგად გამოწვეული პრობლემებით. იოგა ფიტნესის გამო არ არის შექმნილი, მისი მთავარი მიზანი თვით-რეალიზაცია, ანუ საკუთარი არსების შეცნობაა.

გამოქვეყნების თარიღი: 18 სექტემბერი, 2019წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები