რატომ ჯობია დილით ადრე ადგომა
3 წუთიანი საკითხავი
რატომ ჯობია დილით ადრე ადგომა

ქართველებს ძალიან გვიყვარს ძილი. უქმეზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამოვნება ბევრისთვის სწორედ ძილია.  12 საათამდე საწოლში ნებივრობა ნეტარებად ითვლება, მაგრამ, თუ თქვენც ამ დროს დგებით, შეიძლება ისეთი შეგრძნება გაგიჩნდეთ, თითქოს ნახევარი დღე “დაკარგეთ”. ვინც ღამის ცხოვრებას ეწევა, შეიძლება არ დამეთანმხოს, მაგრამ ქვეცნობიერში შეიძლება მაინც გაუჩნდეს ეს განცდა. ხშირად გამიგია უცხოელებისგან, რომ ქართველები ძალიან გვიან იწყებენ მუშაობას. მაგალითად, დილით საუზმეს 9 საათზე თითქმის ვერც-ერთ კაფეში ვერ მიირთმევთ.

თუ დააკვირდებით, თითქმის ყველა წარმატებული ადამიანი თუ ერი დილით ადრე დგება. ისინი იღვიძებენ 5 ან არაუგვიანეს 6 საათზე. ჩვენთან, ბევრისთვის, 7 საათზე ადგომაც კი შეიძლება წარმოუდგენელი იყოს. გეთანხმებით, დილით 5 საათზე ადგომა არც თუ ისე სასიამოვნოა. განსაკუთრებით – თუ მიჩვეული არ ხართ.

მაგრამ რატომ არის უკეთესი დილით ადრე ადგომა?

პირველ რიგში, როგორც კი მზე იწყებს ამოსვლას, სხეულში გარკვეული პროცესები იწყება. ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესები კავშირშია ბუნებასთან და სხეულმა „იცის“, რომ უკვე გაღვიძების დროა. თუ ცოტა ადრე დაიძინებთ და ძილის წინ საჭმელს არ მიირთმევთ, მზის ამოსვლამდეც ბუნებრივად გაგეღვიძებათ. სხეულის სიჯანსაღისთვის, ყველა შემთხვევაში, უმჯობესია მზის ამოსვლამდე ადგომა.

ზოგისთვის შეიძლება უცნაური იყოს – ყველას ძინავს, ღამეა, თქვენ კი უკვე ადექით. მაგრამ, დააკვირდით, როგორი სიწყნარეა სახლში, გარეთ, ყველგან. უცებ რიჟრაჟი, ნელ-ნელა თენდება და დილის მადლი ეფინება ყველაფერს. ხალხი ნელ-ნელა იღვიძებს, მანქანები იქოქება და იწყება მოძრაობა, თქვენ კი უკვე კარგა ხანია გღვიძავთ. თითქოს რაღაც სიძლიერეს და თავდარეჯებულობას გრძნობთ.

თუ ადრე ადგებით, ძალიან ბევრ ისეთ რამეს მოასწრებთ საკუთარი თავისთვის, რისთვისაც დრო არასდროს გრჩებოდათ. მაგალითად, შეგიძლიათ ივარჯიშოთ, დაკავდეთ მედიტაციით, პარკში გაისეირნოთ ან ირბინოთ, წიგნი წაიკითხოთ… და ეს დრო, სანამ სხვებს ძინავთ, თქვენ თავს დაუთმოთ. თუ იოგას ვარჯიშობთ ან მედიტირებთ 20 წუთი მზის ამოსვლამდე და 20 წუთი მზის ამოსვლის შემდეგ, ეს 40 წუთიანი პერიოდი საუკეთესო დროა ამისთვის. ამ დროს სხეული ისეთ ბიოლოგიურ მდგომარეობაშია, როცა მასზე მუშაობა უფრო ეფექტიანი ხდება.

რა ვქნათ იმისთვის, რომ დილით ადრე ადგეთ? უპირველეს ყოვლისა, ადრე უნდა დაიძინოთ. თუ 8 საათზე ადგომას ხართ მიჩვეული, 6-ზე ადგომა გაგიჭირდებათ. ამიტომ დაიწყეთ 30 წუთით: 30 წუთით ადრე დაიძინით და გაიღვიძეთ, შემდეგ კიდევ 30 წუთით  და ასე. ბოლოს ადექით დილის 6 (ან 5) საათზე. გააგრძელეთ ასე ერთი კვირა და  მიხვდებით, თუ რატომ ჯობს დილით ადრე ადგომა.

არსებობს ზოგადი მოსაზრება, რომ ადამიანს დღეში 7-8 საათი ძილი სჭირდება. მაგრამ ზოგადი მოსაზრება ინდივიდს ზუსტად  არ შეესაბამება. თქვენ უნდა გაიგოთ თქვენს ორგანიზმს რამდენი საათი ძილი სჭირდება – ზოგს 5 საათი ჰყოფნის, ზოგს კი 9 საათი ძილი სჭირდება. დააკვირდით, თქვენ რამდენი ძილი გჭირდებათ და შემდეგ გადაწყვიტეთ, რომელ საათზე დაიძინოთ და რომელზე ადგეთ. თუმცა, 1 საათით იმაზე ნაკლები ძილი, ვიდრე თქვენს ორგანიზმს სჭირდება, არაფერს დაგაკლებთ. დილით ადრე ადგომით კი ბევრი დადებითი ცვლილებების ინტეგრირება შეგიძლიათ თქვენ ცხოვრებაში. ეს ახალ ძალასა და მოტივაციას შეგმატებთ მიზნების მიღწევისთვის ან, უბრალოდ, იმისთვის, რომ დატკბეთ ცხოვრებით.

გამოქვეყნების თარიღი: 16 იანვარი, 2020წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები