მედიტაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში
3 წუთიანი საკითხავი
მედიტაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში

წინა პოსტში მედიტაციის მარტივი ვარიანტი განვიხილეთ.

როგორც ბევრს ჰგონია, მედიტაცია პოზაში თვალდახუჭული ჯდომა არ არის. ნებისმიერი მოქმედება შეიძლება იყოს მედიტაცია. მედიტაცია აბსოლუტური სიმშვიდის მდგომარეობას ნიშნავს, როცა ფიქრების მიღმა ხარ და იმყოფები „ამ მომენტში“, „აქ და ახლა“. ნებისმიერი მოქმედება, რომელიც სრულდება გაცნობიერებულად, არის ერთგვარი მედიტაცია.

ზოგადად, ადამიანი ნახევრად მძინარე მდგომარეობაში იმყოფება მაშინაც კი, როცა ფხიზლობს. რას ნიშნავს ნახევრად მძინარე მდგომარეობა? აი, მაგალითად, თქვენ ასრულებთ ჩვეულ რუტინულ სამუშაოს – იბანთ პირს, იხეხავთ კბილებს, ჭრით ბოსტნეულს, დადიხართ, მანქანას ატარებთ და ა.შ. ასეთ დროს, თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ასეთი მოქმედებების პროცესში თქვენ განაგრძობთ სხვა რამეზე ფიქრს. ანუ, თქვენ ამ კონკრეტულ მომენტში არ იმყოფებით, თქვენი გონება სხვაგან არის.

გამოდის, რასაც აკეთებთ, 95% შემთხვევაში აკეთებთ გაუცნობიერებლად, ავტომატურად. მაგალითად, როცა მანქანის ტარებას სწავლობთ, გონება ყველა ქმედებაზეა კონცენტრირებული – უყურებთ გზას, მართავთ საჭეს, სიჩქარებს და მუხრუჭებს. მაგრამ, როგორც კი ამ მოქმედებს ეჩვევით, მანქანის ტარება ავტომატური ხდება: უკვე შეგიძლიათ ატაროთ მანქანა და თან ისაუბროთ, მიირთვათ საკვები, ისაუბროთ ტელეფონზე და ა.შ. თუმცა, რა თქმა უნდა, ამან შეიძლება თქვენი კონცენტრაცია ისე დაარღვიოს, რომ ვერ მოასწროთ რეაგირება გზაზე შექმნილ საგანგებო სიტუაციაზე.

კიდევ ერთი მაგალითი: თქვენ მიირთმევთ საკვებს და, ამავე დროს, უყურებთ ტელევიზორს. ეს კიდევ უფრო ღრმა გაუცნობიერებელი ქცევაა – ამ დროს ჭამის პროცესი სრულად დავიწყებული და მოძრაობა ავტომატურია. ტელევიზორის გარეშეც რომ მიირთმევდეთ, გონება მაინც სხვაგან იქნება. ერთ მომენტში გემოს შეგრძენება მოდის და თქვენ საკვების გემოს აღნიშნავთ, შემდეგ ისევ რაღაცაზე იწყებთ ფიქრს. საკვებს მიირთმევთ ისე, რომ ბოლომდე ვერ შეიგრძნობთ მის გემოს.

ამგვარად, ადამიანი ყველა მოქმედებას გარკვეულ „ძილბურანში“ ასრულებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სრული კონცენტრაცია მოითხოვება, როცა შეცდომა შეიძლება ცუდად დამთავრდეს. მაგალითად, ექსტრემალური სპორტის ერთ-ერთი მიმზიდველი ფაქტორი ის არის რომ, ასეთ დროს ადამიანი აბსოლუტურად „იმ მომენტში“ იმყოფება და, ადრენალინის გარდა, განიცდის „მომენტის“ ინტენსიობას, სხვა არაფერზე ფიქრობს – არც წარსულზე, არც მომავალზე, არც პრობლემებზე. არის მხოლოდ “ეს მომენტი”, რაც მედიტიციაა. ეს განცდა თავისუფლების და სიცოცხლის ისეთ შეგრძნებას აძლევს ადამიანს, როგორსაც არაფერი სხვა.

ცუდია თუ არა გაუცნობიერებლად მოქმედება? აქ საუბარი ცუდზე ან კარგზე კი არა, უბრალოდ იმაზეა, თუ რამდენად ინტენსიურად გსურთ შეიგრძნოთ ცხოვრება, რამდენად მეტი გინდა დაინახოთ, გამოცადოთ, გაიგოთ, დააგემოვნოთ თუ სურნელით დატკბეთ. თუ თქვენ მუდმივად მომავალში ან წარსულში იმყოფებით, რაც დამახასიათებელია გონებისთვის, თქვენ კარგავთ “ამ მომენტს”. და, ცხოვრება შეიძლება გავიდეს და, როცა უკან მოიხედავთ, თითქოს არც გიცხოვრიათ – მთელი ცხოვრება ფიქრში გავიდა…

როგორ მოვიშოროთ ძილბურანი და გადავიდეთ გაცნობიერებულ ცხოვრებაზე? სამწუხაროდ, ეს არ ხდება მარტივად. თუმცა, ნაბიჯ-ნაბიჯ შეგიძლიათ „გამოიღვიძოთ“ და თავი იგრძნოთ ცოცხლად, ლაღად, ისიამოვნოთ უბრალო ცხოვრებისეული შეგრძნებებით, ნელ-ნელა გადახვიდეთ გაცნობიერებულ მოქმედებებზე. დაიწყეთ ერთი მოქმედებით, შემდეგ კიდევ ერთი დაამატეთ და, როცა ალღოს აუღებთ, მაშინ ნებისმიერი მოქმედება შეგიძლიათ შეასრულოთ გაცნობიერებულად.

მოდით, მარტივით დავიწყოთ – დილით დგებით, იბანთ პირს და იხეხავთ კბილებს. ეცადეთ სხვა არაფერზე იფიქროთ. უბრალოდ, ყველა მოძრაობა – სახეზე წყლის შეხება, ჯაგრისის მოძრაობა, აღება, დადება – გააკეთეთ გააზრებულად, ისე, თითქოს ამას პირველად აკეთებთ.

იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ ჭამის დროს. ჭამა სიცოხლისთვის მნიშვნელოვანი პროცესია, რის გარეშეც ჩვენი სხეული ვერ იარსებებს. თუ საკვებს გაცნობიერებულად მიიღებთ, ეს თქვენს ჯანმრთელობაზეც სასიკეთოდ აისახება, რადგან იმდენ საკვებს მიიღებთ, რამდენიც რეალურად ჭირდება ორგანიზმს. როცა ჭამის დროს სხვა რამით ხართ დაკავებული, მოულოდნელად შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ იმაზე მეტი მიირთვით, ვიდრე გინდოდათ. ასე მიღებული საკვები არ შეერგება არც სხეულს და არც გონებას. თანაც, თავს იგრძნობთ დაუნაყრებლად მიუხედავად იმისა, რომ საკმარისზე მეტი მიირთვით. ჭამის პროცესი ყოველთვის გაცნობიერებული  უნდა იყოს და საკვებისგან სიამოვნება უნდა მიიღოთ. მხოლოდ ასე იგრძნობთ თავს დანაყრებულად და ჯანსაღად.

გაუცნობიერებელი მოქმედება მხოლოდ „მომენტის“ დაკარგვას არ გულისხმობს. როდესაც მოქმედება გაუცნობიერებელია, მთელი ცხოვრება გარკვეულ ჩვევებს და ტენდენციებს მიჰყვება ისე, რომ თქვენ არჩევანის საშუალება არ გაქვთ. შეიძლება ფიქრობთ, რომ თქვენ ქმნით თქვენს ცხოვრებას ისე, როგორც გსურთ და იქეთ მიმართავთ, საითაც გსურთ. მაგრამ სინამდვილე პირიქითაა – თქვენი ცხოვრება გქმნით თქვენ. ავტომატურ მიზეზს ავტომატური შედეგი მოყვება. იქ, სადაც არჩევანი არ არის, არც თავისუფლებაა. მხოლოდ მაშინ, როცა გამოხვალთ გაუცნობიერებელი მოქმედებიდან, შეგიძლიათ ცხოვრება იქეთ მიმართოთ, საითაც გსურთ და თქვენი ბედისწერა თქვენ თვითონ განსაზღვროთ.

გამოქვეყნების თარიღი: 29 იანვარი, 2020წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები