თვითიზოლაციის დადებითი მხარეები
3 წუთიანი საკითხავი
თვითიზოლაციის დადებითი მხარეები

დამეთანხმებით, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობაა. დაავადებათა უმრავლესობა ფსიქოსომატური ხასიათისაა, ანუ ფიზიკური ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას სწორედ ჩვენი განწყობები ახდენს. ამიტომ, კრიტიკულ ვითარებაში პოზიტივის და იუმორის გრძნობის შენარჩუნება ფასდაუდებელი ნიჭია.

ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაზე შეიძლება სხვადასხვაგვარი  რეაქცია გვქონდეს, მათ შორის – თვითიზოლაციაზეც. შეიძლება იგი აღვიქვათ ციხედ, სასჯელად, სამყაროს დასასრულად… თუმცა შეიძლება იუმორითაც აღვიქვათ (რაც, საქართველოში, ნამდვილად არ გვიჭირს), ან შევხედოთ როგორც პერიოდს, რომელზეც მუდამ ვოცნებობდით. გაიხსენეთ, მუშაობისგან გადაღლილებს რამდენჯერ გინატრიათ საკუთარი თავისთვის დრო დაგეთმოთ. ჰოდა, ახლა ეს დრო გაქვთ! წლების განმავლობაში გვერდზე გადადებული და „დაკონსერვებული“ სურვილები აისრულოთ.

მაინც როგორ შეიძლება მივიღოთ სარგებელი თვითიზოლაციისგან? გიზიარებთ რამდენიმე საინტერესო გზას:

დაახლოვდით ოჯახის წევრებთან. გადატვირთულობის გამო, ხშირად ყურადღების გარეშე გვრჩებიან ოჯახის წევრები. ახლა სწორედ ის პერიოდია, როცა მათ მიმართ მეტი სიყვარული და ინტერესი შეიძლება გამოვიჩინოთ, მეტი ვესაუბროთ, მოვუყვეთ რაღაც, რისთვისაც დრო ვერასდროს გამოვნახეთ, მოვუბოდიშოთ თუ ვაწყენინეთ, გავაცინოთ და მომავალი ნათელ ფერებში დავანახოთ.

 

გაიხსენეთ ძველი მეგობრები. ალბათ გყავთ მეგობრები, რომელთაც მანძილი გაშორებთ, ან გადატვირთული გრაფიკის გამო, მათ მოსაკითხად დროს ვერ პოულობდით. დაეკონტაქტეთ მათ ვიდეო-თვალით, მოიკითხეთ, გაიხსენეთ თქვენი თავგადასავლები. იცინეთ ვირუსთან დაკავშირებულ ხუმრობებზე. გაამხნევეთ და აგრძნობინეთ, რომ ისინი მარტო არ არიან.

მოუარეთ საკუთარ თავს. გაიხსენეთ რამდენს წუწუნებდით საკუთარი თავისთვის დრო რომ არ გრჩებოდათ. ვერ იცლიდით სპორტულ დარბაზისთვის? – ახლა ივარჯიშეთ სახლში. ვერ პოულობდით დროს სახისა და თმის ნიღბების გასაკეთებლად? – ახლა საკმარისზე მეტი დრო გაქვთ.

მოაწესრიგეთ სოციალური მედია. ხშირად სოციალურ მედიაში გაუცნობიერებლად ვიწონებთ სხვადასხვა გვერდს. დააკვირდით  რომელი გვერდები გაქვთ მოწონებული და რა რეაქციას იწვევენ თქვენში მათ მიერ ახლა გაზიარებული სიახლეები. ეცადეთ ისეთი გვერდები გამოიწეროთ, რომლებიც გახალისებენ ან რაიმეს გასწავლიან. გააუქმეთ გამოწერები გვერდებზე, რომლებიც მხოლოდ ნეგატივს აზიარებენ და განწყობას გიფუჭებენ. გაწევრიანდით ჯგუფებში, სადაც ისეთ მეგობრებს შეიძენთ, ვისთანაც საერთო ინტერესები გაქვთ.

იკითხეთ. გახსოვთ წიგნებს ზაფხულის სასკოლო არდადეგებზე უდარდელად რომ კითხულობდით? შეგიძლიათ ზუსტად ასეთი „არდადეგები“ მოიწყოთ.

განავითარეთ ძველი ჰობი. გაიხსენეთ ჰობი, რომლის არსებობაც კი დაგავიწყდათ ბოლო წლების განმავლობაში. იქნებ ხატვა გიყვარდათ, ან წერა, ან ქსოვა? გირჩევთ, ჩაეფლოთ იმ საქმიანობაში, რომელიც დიდ სიამოვნებას განიჭებდათ.

შეიძინეთ ახალი უნარები. დღეს ინტერნეტით თითქმის ყველაფრის სწავლაა შესაძლებელი. ისწავლეთ ისეთი რამ, რაც თქვენს პროფესიულ საქმიანობაში დაგეხმარებათ. ან, იქნებ, ისეთი რამ „შემოგესწავლოთ“, რაც ახალი პროფესიის შეძენაში დაგეხმარებათ!

გახდით სუპერ მზარეული. დროის უქონლობის გამო, კერძების ნაჩქარევად მომზადების ნაცვლად, ამ პროცესს შემოქმედებითად მიუდექით. „იექსპერიმენტეთ“ ახალი, საინტერესო, უცხო და ჯანსაღი რეცეპტებით. ან, სულაც, ახალი კერძები გამოიგონეთ!

მიეჩვიეთ საკუთარ თავთან განმარტოებას. რაც უნდა მკაცრად ჟღერდეს, ამ სამყაროში მარტო მოვდივართ და ამ სამყაროდან მარტო მივდივართ. რაც უფრო მალე შევეგუებით ამ აზრს და ვისწავლით საკუთარ თავთან მარტო დარჩენას, მით უკეთესი ჩვენთვის. თავადვე უნდა ვიყოთ საკუთარი თავის გამრთობი და კომპანიონი.

დაგეგმეთ დღე. თუ გსურთ განსაკუთრებით პროდუქტიული დღე გქონდეთ, სჯობს ადრე ადგეთ და დილიდანვე დაიწყოთ იმის კეთება, რის გაკეთებასაც გეგმავთ (სწავლა, მუშაობა თუ სხვა რამ) და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაუჯდეთ საყვარელ ფილმს ან გასართობს.

არაფერი აკეთოთ! ხანდახან თავს იმის უფლებაც მიეცით, რომ არაფერი აკეთოთ! დაისვენეთ, დაიძინეთ, აღიდგინეთ ენერგია და ისიამოვნეთ „უსაქმურობით“. გაიხსენეთ, რამდენჯერ გინატრიათ გვიანობამდე ძილი და საყვარელი სერიალის „პიჟამოში“ ყურება.

როგორც ხედავთ, თვითიზოლაციის მრავალფეროვნად და სასიამოვნად გატარებაა შესაძლებელი. მთავარია იპოვოთ მოტივაცია და სიტუაციის თქვენს სასარგებლოდ გამოყენება შეძლოთ.

არ დაივიწყოთ –  პოზიტიური განწყობის შენარჩუნება თქვენს ჯანმრთელობაზე და კარგად ყოფნაზე დადებითად აისახება.

გამოქვეყნების თარიღი: 06 აპრილი, 2020წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები