ზაფხული ის პერიოდია, როცა ბავშვებთან ერთად დიდ დროს ვატარებთ, ვგეგმავთ მათთან ერთად ქალაქგარეთ მოგზაურობას და დასვენებას, გვინდა, დროებით მაინც, უკეთესი ჰაერი ისუნთქონ და ბუნებასთან მეტი დრო გაატარონ. თუმცა, ეს პერიოდი მშობლებისთვის სტრესული და დამღლელიცაა, რადგან ბავშვებთან ურთიერთობა დიდ ფიზიკურ, ემოციურ და კოგნიტურ რესურსს მოითხოვს.
ამ სტატიაში გიზიარებთ რეკომენდაციებს, 3 წლიდან მოზარდობის ასაკის ჩათვლით შვილებთან ერთად დასვენებისთვის, რომლებიც შესაძლოა დაგეხმაროთ და საზაფხულო არდადეგები, არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მშობლებისთვისაც სასიამოვნო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდეს.
მოიფიქრეთ, რა არის თქვენი ოჯახისთვის დასვენება - თავდაპირველად, დაფიქრდით და შეთანმხდით, რა არის თქვენთვის დასვენება. ბევრი ჩვენგანი დასვენებას მთაში ახერხებს, ლაშქრობაში სიარული და ბუნებაში, მცენარეებთან სიახლოვეს ყოფნა ურჩევნია, ზოგს კი, ზღვის დანახვა, მზე და წყალი სიამოვნებს და დასვენებაც სწორედ ეს არის მათთვის. დიდი ალბათობით, საზღვარგარეთ, დიდ ქალაქებში ან თუნდაც დისნეილენდში მოგზაურობა, დასვენების ნაცვლად უფრო დამღლელი იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ოჯახის ყველა წევრმა ერთად გადაწყვიტოს სად შეძლებენ დასვენებას და დროის ერთად, სასიამოვნოდ გატარებას.
გაუზიარეთ ერთმანეთს ინდივიდუალური მოლოდინები და სურვილები - მას შემდეგ, რაც ლოკაციას მოიფიქრებთ, შეადგინეთ სავარაუდო გეგმა, სადაც ოჯახის ყველა წევრის სურვილი და მოლოდინი იქნება გათვალისწინებული და, შეძლებისდაგვარად, დაკმაყოფილებული. წინასწარ შეთანხმდით, ვის როგორი წარმოუდგენია მოსალოდნელი მოგზაურობა, ვის რისი ნახვის ან გაკეთების სურვილი აქვს და როგორ შეგიძლიათ დღეების წინასწარ დაგეგმვა ისე, რომ დროის სასიამოვნოდ გატარება ყველამ შეძლოს.
წინასწარ მოიფიქრეთ აქტივობები, რომელსაც ოჯახის ყველა წევრი ითამაშებს და ისიამოვნებს - ინდივიდუალური აქტივობების დაგეგმვის შემდეგ, მნიშვნელოვანია მარტივი და სასიამოვნო აქტივობების დაგეგმვაც, როდესაც მთელი ოჯახი დროს ერთად გაატარებთ და ბევრი თავისუფალი დროის გამო, ბავშვების ეკრანებთან ზედმეტ ურთიერთობასაც აირიდებთ თავიდან. საბავშვო გასართობი აქტივობები სინამდვილეში ჩვენთვის, ზრდასრულებისთვისაც ძალიან სასიამოვნო და საჭიროა ხოლმე. ესენი შესაძლოა იყოს: შემეცნებითი და შემოქმედებითი ჟურნალები, სადაც სააზროვნო ამოცანები, თავსატეხები და ინფორმაციული ტექსტებია მოცემული, ზეთის ან გუაშის საღებავები და დიდი ზომის ფურცლები, რომელზეც ერთად დახატავთ და სახლში დაბრუნებისას კედელზე დაკიდებასაც შეძლებთ, უნო, დომინო, მენეჯერი და სხვა სამაგიდო თამაშები.
ჩამოწერეთ და განსაზღვრეთ თქვენი ბიუჯეტი - ხშირად, მოგზაურობა და ოჯახის ყველა წევრის ერთად დასვენება, სტრესულია მაღალი ხარჯების გამოც. საერთო მოგზაურობისთვის ფულის შეგროვება წინასწარაც შეგიძლიათ. მზად იყავით გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვისაც, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ბავშვების პირველადი მოთხოვნილება არ არის ძვირადღირებულ სასტუმროში დასვენება, მათთვის მშობლებთან ერთად ყოფნა უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომ დასვენება. თავისუფლად შეგიძლიათ საშუალო ან მცირე ბიუჯეტითაც დაგეგმოთ. იქირავეთ პატარა ბინა ან კოტეჯი, ერთად ჩაალაგეთ ჩემოდანი, ერთად მოიმარაგეთ საჭირო პროდუქტები, ერთად მოამზადეთ საუზმე, სადილი ან ვახშამი... ეს ყველაფერი არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ ხარჯებთან, გარემოს შეცვლა და თქვენთან ერთად დროის ხარისხიანად გატარება, საკმარისი იქნება ბავშვების ბედნიერი დასვენებისთვის.
დაიტოვეთ თავისუფალი დრო და საათები, რომელსაც სპონტანურად დაგეგმავთ - მზად იყავით იმისთვის, რომ ბავშვებთან ერთად ყოფნისას გეგმები იცვლება და შემოქმედებითი აზროვნება თუ სპონტანურობა ხშირად გვჭირდება. დაიტოვეთ თავისუფალი დრო, რომელსაც ისე დაგეგმავთ, როგორ განწყობაზეც იქნებით, რისი სურვილი ან ინტერესიც გაგიჩნდებათ და ისიამოვნეთ დაუგეგმავი აქტივობებითაც. ხშირად, ბავშვებთან ერთად დასვენება მათთან 24 საათის გატარებასთან ასოცირდება, მაგრამ შესაძლოა გქონდეთ საშუალება, რომ საღამოს საათებში, ბავშვების დაძინების შემდეგ, თქვენს პარტნიორთან ერთად გაისეირნოთ ან ვახშამზე წახვიდეთ. თუ ბავშვების ასაკი ან გარშემომყოფების მხარდაჭერა გექნებათ, გამოიყენეთ ეს თავისუფალი დრო თქვენთვის.
გახსოვდეთ, არ არის აუცილებელი ყველაფერმა გეგმის მიხედვით ან იდეალურად ჩაიაროს, იმისთვის რომ დასამახსოვრებელი, საყვარელი მომენტებით და შთამბეჭდავი მოგონებებით სავსე მოგზაურობა გამოგივიდეთ. მზად იყავით, რომ გარკვეული პრობლემები სახლიდან გამოგყვებათ, რაც ისედაც გაქვთ ხოლმე ყოველდღიურ ცხოვრებაში ან ურთიერთობებში, შესაძლოა გარკვეული სირთულეები ადგილზე შეგექმნათ და ამ ყველაფრის მიუხედავად, ერთად მოგზაურობა შესაძლებლობაა, რომ ჩვენი შვილები უკეთ გავიცნოთ. ამ დროს მეტი დრო და რესურსი გვაქვს, რომ მათ დავაკვირდეთ, მოვუსმინოთ და გავუგოთ.