ცვლილებები საკუთარ თავში გულისხმობს თვითგანვითარებას, ახალი უნარების გამომუშავებას, ჩვენ ყოველდღიურობასა თუ ცხოვრებაში ახალი ჩვევების დანერგვას, საკუთარი რესურსების გაცნობიერებას და გამოყენებას, საერთო ჯამში კი, ცვლილებები გვეხმარება საკუთარი თავის და, შესაბამისად, ჩვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
ხშირად ხდება ხოლმე, რომ გარკვეულ ასაკში განვითარება ჩერდება, გვაქვს ოჯახი, სტაბილური სამსახური, შემოსავალი, ურთიერთობები.. ამ დროს ჩვენი გონება ეჩვევა მოცემულობას და ცვლილებების და სიახლეების საჭიროებას ვეღარ ვგრძნობთ. ასევე შესაძლებელია, რომ არ ვიცოდეთ რისი შეცვლა გვინდა, ან საიდან უნდა დავიწყოთ, როგორ შევძლოთ გადატვირთულ ყოველდღიურობაში სიახლის შემოტანა, როდის არის ცვლილებისთვის საუკეთესო დრო და ა.შ.
ამ სტატიაში ვისაუბრებთ ცვლილებების მნიშვნელობაზე და გაგიზიარებთ რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ ცვლილებების განხორციელებაში.
რაში გვეხმარება მიზნების დასახვა და ცვლილებების განხორციელება :
- საკუთარი თავის და შესაძლებლობების უკეთ გაცნობა
- ზრდაზე/განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნება
- სტრესის დაძლევის უკეთესი უნარი
- პროკრასტინაციის დაძლევა
- მენტალური და ემოციური კეთილდღეობის გაუმჯობესება
- ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება
იპოვეთ, რისი შეცვლა ან გამოსწორება გინდათ - იმისათვის, რომ აღმოვაჩინოთ, გავიაზროთ და შემდეგ მიზნად დავისახოთ კონკრეტული ცვლილება, პირველ რიგში უნდა გავიგოთ რა გვინდა რომ სხვანაირად იყოს ჩვენ ცხოვრებაში. საკუთარი რეალური მოთხოვნილებების და საჭიროებების აღმოსაჩენად ერთი პატარა სავარჯიშო არსებობს: წარმოიდგინეთ ერთი ჩვეულებრივი, არაფრით განსაკუთრებული ღამე, როდესაც დასაძინებლად დაწექით. დილას თვალს ახელთ და გრძნობთ, რომ რაღაც სხვანაირად არის, ეს აღარ არის კარგად ნაცნობი, რუტინული დილა, რაღაც შეიცვალა. ცნობისმოყვარეობით, სიხარულის და ბედნიერების განცდით დგებით საწოლიდან და იაზრებთ, რომ ეს თურმე ჯადოსნური ღამე იყო. ყველა ოცნება ახდა, რომელსაც ბავშვობაში ნატრობდით, ყველა და ყველაფერია გარშემო, რაც გიყვართ, მოგწონთ და გახარებთ, ყველაფერი შეიცვალა, რაც გინდოდათ და არ გჯეროდათ რომ შეიცვლებოდა.. ამის საპირისპიროდ კი, რაღაც ნივთები, ადგილები და ადამიანები გაქრნენ, ჩანაცვლდნენ ან მათ ნაცვლად თავისუფალი სივრცეა, რომელსაც ისე შეავსებთ, როგორც თქვენ გინდათ. რა შეიცვალა ამ დილით? რა იყო სხვანაირად? როგორ სივრცეში იყავით და ვისთან ერთად? რისი შეცვლა გჭირდებათ? რა უნდა იყოს სხვანაირად თქვენ ცხოვრებაში, რომ ეს ენერგია და ბედნიერება იგრძნოთ?
დაისახეთ მოკლე და გრძელვადიანი მიზნები - მას შემდეგ, რაც იპოვით და გაიცნობთ თქვენ საჭიროებებს, შეგიძლიათ დაიწყოთ გეგმების შედგენა, მაგალითად: თუ თქვენი საჭიროებაა მარტო ცხოვრება, ამისათვის დაგჭირდებათ გრძელვადიანი, ბევრი ნაბიჯისგან შემდგარი გეგმის შემუშავება, რომელიც შეიძლება ასე გამოიყურებოდეს - ინფორმაციის მოძიება ბინის შეძენის, დაქირავების, დაგირავების შესახებ, საერთო საცხოვრებლების და საზიარო ბინების დათვალიერება, არჩევანის გაკეთება, ახალი/დამატებითი შემოსავლის წყაროს მოძიება (მაგ. ზაფხულში თქვენი პროფესიით ან ჰობით დამატებით მუშაობა), დანაზოგის გაკეთება... მართალია ცვლილებები სასწაულივით ერთ ღამეში არ ხდება, თუმცა სასურველი ცვლილების გაცნობიერება და მასზე მუშაობის დაწყება, თუნდაც გეგმის შედგენა და ყოველდღიურად ამ მიზნისკენ წინგადადგმული პატარა ნაბიჯი, გაახლოვებთ მის დაკმაყოფილებასთან, მიზნის მიღწევასთან და ეს ყოველდღიურობასაც უფრო ასატანს ხდის და თქვენთვისაც მოაქვს პატარა ბედნიერების განცდა.
ნურაფერს მისცემთ უფლებას თქვენ მიზანზე უარი გათქმევინოთ - დასახული ცვლილების განხორციელება ყოველთვის არ არის სწორხაზოვანი და მარტივი პროცესი. ამ გზაზე შეგხვდებათ შინაგანი თუ გარეგანი დაბრკოლებები, იქნება შეცდომები და ყველაფერი იმისთვის, რომ ფსიქიკამ უკან ნაცნობ, მისთვის უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში დაგაბრუნოთ. შინაგანი წინააღმდეგობა შესაძლოა ასე ჟღერდეს: „ახლობელ ადამიანთან დაშორდება რთულია და ამ ადამიანს როგორი ზიანიც არ უნდა მოჰქონდეს ჩემთვის, მთავარია რომ ვუყვარვარ,“ „დამოუკიდებლად ცხოვრება მჭირდება, მაგრამ საჭირო თანხას მაინც ვერასდროს შევაგროვებ,“ „ჩემი მიზანი დღეში 30 წუთი ფეხით სეირნობაა, მაგრამ დღეს წვიმს და წვიმაში ხომ არ გავალ.“ ცვლილებებს სანამ განვახორციელებთ და სასურველ მიზანს სანამ მივაღწევთ, ამ პროცესში დაგვჭირდება ნებისყოფა, ძალისხმევა, სიმტკიცე და რწმენა, რომელიც ყველა წარმოსახვით თუ რეალურ სირთულეს დაგვაძლევინებს „და მაინც რომ გამომივიდეს?!“
ნუ შეადარებთ საკუთარ თავს და მიღწევებს სხვებისას - მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ თითოეულ ჩვენგანს განვითარებას, წინსვლას და წარმატებას სხვადასხვა საწყისი რესურსი და ტემპი აქვს. მიზნის მიღწევის და ცვლილებების განხორციელების პროცესში, ჩვენ სხვადასხვა საშუალებებზე მიგვიწვდება ხელი, შესაბამისად შედეგიც სხვადასხვა დროს დგება. ასევე, სხვისი საჭიროება და ამ საჭიროების დაკმაყოფილება არ ნიშნავს, რომ მსგავსი ცვლილების განხორციელებისას ჩვენც იმავე სიხარულს და კმაყოფილებას ვიგრძნოთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთვის საჭირო ცვლილებები ფრთხილად და სწორად ვიპოვოთ და გეგმაც შესაბამისად დავსახოთ.
ხანდახან, ცვლილება შესაძლოა შეცდომა აღმოჩნდეს, ან ჩვენს მიერ თავდაპირველად დასახულმა გეგმამ არ გაამართლოს, მაგრამ ყოველთვის შეგვიძლია ახალი გეგმის შედგენა და ახალი მიზნის დასახვა. მთავარი ამ პროცესში ის არის, რომ ჩვენი ცხოვრება დინამიური ხდება და გვეძლევა განცდა, რომ ჩვენ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები, ცვლილებები და პროცესები ჩვენს ხელშია, ამასობაში კი, ჩვენც ვიზრდებით, ვვითარდებით და ვიცვლებით უკეთესობისკენ.