თანამედროვე ცხოვრების ტემპი ადამიანებს სულ უფრო და უფრო ცოტა დროს გვიტოვებს დასვენებისთვის. უწყვეტი ხმაური, მუდმივი სიახლეები და შესასრულებელი საქმეების გრძელი სია უკვე ყოველდღიურობის ჩვეულ ნაწილად იქცა. ყოველივე ეს კი, ხშირად დასვენების დღეებზეც ვრცელდება.
Forbes მიერ მიმდინარე წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ადამიანების დაახლოებით 54% შვებულების დროსაც კი მუშაობს. ამას კი, 3 ძირითადი მიზეზი აქვს: ადამიანების 34% მუშაობას საქმის სიყვარულის გამო აგრძელებს, 26% - უფროსის დავალებით, 29% კი - სამსახურის დაკარგვის შიშით. ნებისმიერ შემთხვევაში, შვებულების დროს საქმის გაგრძელებას ხშირად პროფესიულ გადაწვამდე მივყავართ, რაც, საბოლოოდ, ჩვენ მიერ შესრულებული საქმის ხარისხზეც აისახება. ამიტომ ხარისხიან დასვენებას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ჩვენი პირადი მენტალური ჯანმრთელობისთვის, არამედ, იმ საქმისთვისაც, რასაც ვაკეთებთ.
ამ სტატიაში გაგიზიარებთ 5 ნიშანს, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ თქვენი დასვენება ჯანსაღი და ხარისხიანია:
1. მაქსიმალურად ლიმიტირებული კომუნიკაცია სამსახურთან დაკავშირებული თემების ირგვლივ - დასვენება მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობის გამოცვლას არ გულისხმობს. მეტიც, მუშაობის გაგრძელება ახალ გარემოში ჩვეულებრივზე კიდევ უფრო დიდ გონებრივ დატვირთვას მოითხოვს. ამიტომ თუ თქვენ ლოკაცია შეიცვალეთ, მაგრამ სამსახურის საქმეები თან წაიყოლეთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დასვენების იმ ყველა სარგებელს ბოლომდე მიიღებთ, რასაც განტვირთვა, გაჯანსაღება და ენერგიის აღდგენა ჰქვია. იმისათვის, რომ თქვენი დასვენება ხარისხიანი გამოდგეს, შეეცადეთ თუნდაც მცირე ხნით, მაგრამ სრულად მოსწყდეთ სამსახურებრივ საქმეებს, შეხვედრებს, მეილებს და ა.შ. დააწესეთ ჯანსაღი საზღვრები და თქვენს თანამშრომლებსაც სთხოვეთ (მიანიშნეთ), დაიცვან ისინი.
2. გაჯეტების ნაცვლად, დროის ბუნებაში გატარება - ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ ელექტრონულ მოწყობილობებთან დროის გატარებით დაისვენებენ, სინამდვილეში კი, ხშირად პირიქით ხდება. შესაძლოა, ჩვენი სხეული ამ დროს ისვენებდეს, თუმცა ინფორმაციის უწყვეტობა, ხშირად ცვალებადი ხმები, ფერები და გამოსახულებები ჩვენს გონებას კვლავ მუშაობის პროცესში ამყოფებს. ამის ნაცვლად, ბევრად უფრო სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებთ, თუ სოციალური მედიის ხშირი „სქროლვის“ ნაცვლად დროს დაუთმობთ თავისუფლად, აუჩქარებლად ფიქრს, ადამიანებთან საუბარს, ბუნებაში მშვიდად სეირნობას, მოძრაობას და სხვა. ამერიკის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ეს მოგვიანებით სამუშაო გარემოში თქვენი კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს.
3. ჯანსაღი კვებითი გადაწყვეტილებები - დასვენების დროს, ნაკლებად ჯანსაღი კვებითი გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს. ახალი გარემო, შეცვლილი რეცეპტორები და ფიზიკური განტვირთვის სურვილი ხშირად გვაიძულებს, მხოლოდ მზა საკვებს და ნახევარფაბრიკატებს დავჯერდეთ. ეს ბუნებრივი და ნორმალურია. მთავარია, ვეცადოთ, დავიცვათ ბალანსი და კვებითი გადაწყვეტილებები გააზრებულად მივიღოთ. იმისათვის, რომ ჩვენი დასვენება მაქსიმალურად ხარისხიანი იყოს, სასურველია ორგანიზმს ხშირად მივაწოდოთ მთავარი საშენი მასალები - პროტეინები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები. ამისათვის, შეგიძლიათ მცირე ხნით თუნდაც დღეში მხოლოდ ერთხელ იზრუნოთ ჯანსაღ კვებაზე - მაგალითად, მოიმზადოთ ნოყიერი და ჯანსაღი საუზმე, რათა დიდხანს გაგყვეთ სისავსის შეგრძნება; მომდევნო კვებები კი - სურვილისამებრ განსაზღვროთ.
4. ხარისხიანი ძილი - დასვენება, განსაკუთრებით ზაფხულში, ხშირად გართობასთან და ღამის ცხოვრებასთან ასოცირდება. ეს ყველაფერი რამდენადაც ნორმალური და მისაღებია, იმდენადვე სასურველი და აუცილებელია ბალანსის დაცვა და ხარისხიანი ძილის დაპრიორიტეტება. კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღამის ნაცვლად დღისით ძილი ადამიანის ორგანიზმში ისეთ უარყოფით ცვლილებებს იწვევს, როგორებიცაა, მაგალითად, ცილის დონის ცვლილება, იმუნური ფუნქციის დაქვეითება და სხვა. ამიტომ თუ თქვენი მიზანი ხარისხიანი დასვენებაა, ეცადეთ, არ დაარღვიოთ ძილის 7-9 საათიანი ციკლი და დაიძინოთ ბიოლოგიური საათის შესაბამისად - ღამით.
5. ფიზიკური მოძრაობა - რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჯანსაღი და ხარისხიანი დასვენება ფიზიკურ მოძრაობასაც მოიცავს. მოძრაობაში იგულისხმება სეირნობაც, ცურვაც, ცეკვაც, ბაღში მუშაობაც და ყველაფერი ის, რაც მოგწონთ და სიამოვნებას განიჭებთ. ეს ყველაფერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ცხოვრების დიდ ნაწილს მჯდომარე პირობებში ვატარებთ. ამიტომ თუ შვებულების დროს თქვენთვის სასიამოვნო ფიზიკური აქტივობებით ხართ დაკავებული, შეიძლება ითქვას, რომ ჯანსაღი და ხარისხიანი დასვენების ერთ-ერთ მთავარ პირობას აკმაყოფილებთ. ამასთან, სწორედ მოძრაობაა იმის ერთ-ერთი გარანტი, რომ დღისით თქვენი ორგანიზმი საკმარის ენერგიას დახარჯავს და შედეგად, ღამით გაცილებით იოლად და მშვიდად დაიძინებთ.
გახსოვდეთ, რომ დასვენება ჩვენი როგორც მენტალური, ისე ფიზიკური კეთილდღეობისთვის, და თუნდაც, მომავალში საქმის ხარისხიანად კეთებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დააწესეთ ჯანსაღი საზღვრები დასვენებასა და მუშაობას შორის, დაკავდით თქვენთვის საინტერესო აქტივობებით, მეტი დრო დაუთმეთ ბუნებას, ფიქრს და ფიზიკურ მოძრაობას. ყოველივე ეს, თუნდაც სულ რამდენიმე დღით, თქვენს დასვენებას გაცილებით სრულყოფილს და ხარისხიანს გახდის.