ჯანსაღი ჩვევები სახლიდან მუშაობისას
3 წუთიანი საკითხავი
ჯანსაღი ჩვევები სახლიდან მუშაობისას

სახლიდან მუშაობა აღარ არის სიახლე ბევრი კომპანიისა თუ თვითდასაქმებული ადამიანისთვის, განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის შემდეგ, როდესაც არჩევანი არ გვქონდა და ყველას სახლიდან გვიწევდა ლექციებზე, ტრენინგებზე და შეხვედრებზე დასწრება. დღეს, ბევრი ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილის შერჩევა ნებაყოფლობითია, ან სამუშაო კვირა შეთავსებით შედგება სახლიდან და ოფისში მუშაობისგან.

სახლიდან მუშაობას ბევრი დადებითი მხარე აქვს, მათ შორის დროისა და ფინანსური რესურსების ეკონომია, მუშაობის საათებისა და სამუშაოს რაოდენობის ინდივიდუალურად განაწილება, მუშაობისთვის სასურველი გარემოს შერჩევა და საკუთარ თავზე ზრუნვის მეტი შესაძლებლობა.თუმცა, სახლიდან მუშაობას, შესაძლოა, გარკვეული სირთულეებიც ახლდეს თან, მათ შორის: პროდუქტიულობის დაქვეითება და სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დარღვევა.

ამ სტატიაში გიზიარებთ რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ სახლიდან მუშაობისას ჯანსაღი ჩვევების გამომუშავებასა და პროდუქტიულობის გაზრდაში.

გამოყავით სამუშაო სივრცე - სასურველია, თუმცა აუცილებელი არ არის, რომ სამუშაო სივრცე აუცილებლად იზოლირებული ოთახი (კაბინეტი) იყოს თქვენ საცხოვრებელ სახლში. სამუშაო კუთხე შეიძლება იყოს სასტუმრო ოთახის მაგიდაზეც, სადაც თქვენთვის საჭირო სამუშაო ნივთებს მოათავსებთ და შეძლებთ ყოველდღიურად შერჩეული ადგილიდან მუშაობას.

გააფრთხილეთ გარშემომყოფი ადამიანები - სახლიდან მუშაობისას, იმ შემთხვევაში, თუ არ ცხოვრობთ მარტო, მნიშვნელოვანია რომ სხვებსაც ჰქონდეთ ინფორმაცია თქვენი შერჩეული სამუშაო კუთხისა და სამუშაო საათების შესახებ. ფიზიკურად სახლში ყოფნა, არ ნიშნავს რომ ხელმისაწვდომი ხართ მათთვის. გაუზიარეთ ოჯახის წევრებს, პარტნიორს თუ ოთახის მეზობელს თქვენი სამუშაო განრიგი და თხოვეთ თქვენ სივრცეს და სამუშაო დროს პატივი სცენ.

შეადგინეთ და დაიცავით დღის რუტინა - თვითდისციპლინა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით სახლიდან მუშაობის შემთხვევაში. შეადგინეთ დილის, სამუშაო და საღამოს განრიგი და ეცადეთ ეს რუტინა ყოველდღიურად შეასრულოთ. მაგალითად: ყოველ დილით, მიუხედავათ იმისა, რომ თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ სამუშაოს დაწყების დრო, იღვიძებთ 8 საათზე, ბანაობთ, საუზმობთ, 20 წუთი გაქვს მედიტაციის, იოგას ვარჯიშისთვის, ან ძაღლის გასეირნებისთვის, შემდეგ იწყებთ მუშაობას...  მნიშვნელოვანია, რომ თქვენს მიერ შედგენილი რუტინა დაიცვათ, ამით ტვინი დაისწავლის, მიეჩვევა და დაგეხმარებათ დღის გეგმის შესრულებაში.

დაისახეთ სამუშაო მიზნები და დღის ბოლოს გადახედეთ - იმისათვის, რომ თქვენ შრომისუნარიანობის და პროდუქტიულობის ხარისხს ადევნოთ თვალი, მნიშვნელოვანია დღის დასაწყისში იცოდეთ დღის მანძილზე შესასრულებელი საქმეების და დასახული მიზნების შესახებ. დღის ბოლოს შეხედეთ სიას ან კალენდარს, სადაც ჩამოწერილი გქონდათ დღის მიზნები და მონიშნეთ ყველა შესრულებული საქმე, დაუსრულებლები გადაანაწილეთ სხვა დღეებზე. ეს მეთოდი მოგცემთ ცოდნას თქვენი რესურსების შესახებაც, რომ რეალისტური ვადები აირჩიოთ საქმეების შესასრულებლად და მიზნების მისაღწევად.

იკონტაქტეთ თანამშრომლებთან - სახლიდან მუშაობა კომპანიის სივრცეში მუშაობისგან იმითაც განსხვავდება, რომ გარკვეულწილად იზოლირებული ხართ თანამშრომლებისგან. იმისათვის, რომ მანამდე არსებული ურთიერთობები შეინარჩუნოთ, საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, ახალი მეგობრები შეიძინოთ ან მხოლოდ იმისთვის, რომ იცოდეთ სამსახურში მიმდინარე მოვლენების და მიზნების შესახებ, მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლებთან აქტიურად ურთიერთობდეთ. ეს შეიძლება იყოს საქმესთან დაკავშირებული ვიდეო ან აუდიო ზარები, იმეილები ან არასამუშაო დროს ერთმანეთის უკეთ გასაცნობად სადმე შეხვედრა.

ხშირად შეისვენეთ - კარგი იქნება, თუ მაგალითად ყოველ 50 წუთში 10 წუთიანი შესვენება გექნებათ, ეს ჭირდება თქვენ სხეულსაც და გონებასაც. შეგიძლიათ გახვიდეთ აივანზე, მაინდფულნესის სავარჯიშოები გააკეთოთ, წასახემსებლად მოიმზადოთ ხილი და თხილეული, დაისხათ წყალი ან ყავა. სამუშაოზე უწყვეტად მობილიზების შემდეგ, ტვინს დასვენება სჭირდება, თვალებს ეკრანის გამოსხივების ნაცვლად, ბუნებრივი განათების დანახვა და სხეულს ხანგრძლივი მჯდომარე პოზიციის შემდეგ, სისხლის მომიქცევის და კუნთების გამოღვიძება.

შეამცირეთ თქვენთვის ხელისშემშლელი ფაქტორები - სახლიდან მუშაობას შესაძლოა ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი ახლდეს თან: ოჯახის წევრების ხმაური, ჩართული ტელევიზორი, მეგობრების საერთო ჯგუფებში მიმოწერები, სიახლეების შესახებ მესიჯები, სამზარეულო ოთახიდან მუშაობის შემთხვევაში მუდმივად ჭამის სურვილი... დააკვირდით რა გიშლით მუშაობაში ხელს და რისი შეცვლა შეგიძლიათ, მაგალითად: ტელევიზორი გამორთეთ, ოჯახის წევრებს შეახსენეთ, რომ ეს თქვენი მუშაობის საათებია, ტელეფონი დააყენეთ „do not disturb” რეჟიმზე და სხვა.

სახლიდან მუშაობას ბევრი დადებითი მხარე აქვს, შეგიძლიათ მომდევნო დღისთვის ჯანსაღი საუზმე/ლანჩი და წასახემსებლები წინასწარ მოიფიქროთ და მოიმზადოთ, წვენი დაიწუროთ ან ჯანჯაფილით და ლიმნით დაყენებული წყალი დალიოთ, შესვენებისას ფიზიკური აქტივობისთვის სასურველი ვარჯიშების გაკეთებაც შესაძლებელია ან სახლში საჭირო პროდუქტებისთვის მაღაზიაში გასეირნება... იმ შემთხვევაში, თუ სახლიდან მუშაობა მოსაწყენი და ერთფეროვანი გახდა, და ეს თქვენს პროდუქტიულობაზეც აისახება, ყოველთვის შეგიძლიათ სამუშაო ადგილი გაახალისოთ, რომელიმე მშვიდ კაფეს, ბიბლიოთეკას ან პარკს მიაკითხოთ და ახალი ადგილებიც აღმოაჩნოთ.  

გამოქვეყნების თარიღი: 18 ივნისი, 2024წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები