რა გავლენას (და როგორ) ახდენს აფირმაცია ჩვენს ცხოვრებაზე?
3 წუთიანი საკითხავი
რა გავლენას (და როგორ) ახდენს აფირმაცია ჩვენს ცხოვრებაზე?

თანამედროვე ეპოქაში „აფირმაცია“, ალბათ, ყველასთვის კარგად ნაცნობი სიტყვაა. თვითგანვითარებაზე ორიენტირებული წიგნები, ვიდეოები და ონლაინ გამოცემები მათ მნიშვნელობაზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ. აფირმაციები ის წინადადებები და ფრაზებია, რომლებსაც ადამიანები პოზიტიური განწყობისთვის და საკუთარი თავის გამხნევებისთვის ყოველდღიურად იყენებენ. ეს არის ერთგვარი შეხსენება საკუთარი შესაძლებლობებისა და ღირებულების შესახებ.

ბევრისთვის, ერთი შეხედვით, აფირმაციები საკმაოდ უცნაური და სასაცილოც კია. საკუთარი თავისთვის თქმა, რომ სასურველი, წარმატებული, ან ლამაზი ხარ და ყველაფრის მიღწევა შეგიძლია, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის დღემდე უჩვეულოდ ჟღერს. თუმცა, აფირმაციები ამაზე გაცილებით მეტია, და ამას მეცნიერებაც მოწმობს. 

ამ სტატიაში აფირმაციის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ და გაგიზიარებთ იმ მიზეზებს, რომელთა გამოც ფსიქოლოგები ყოველდღიურ აფირმაციას გვირჩევენ. 

აფირმაციებს ჩვენი გონების „პოზიტიური გავარჯიშება“ შეუძლიათ - როგორც ფიზიკურ სხეულს სჭირდება ვარჯიში კუნთების ფორმირებისა და სიჯანსაღისთვის, სწორედ ასე, გონებისთვისაც სასარგებლოა აფირმაციების ყოველდღიურად განმეორება, რათა უფრო მარტივად მიიზიდოს პოზიტიური ფიქრები და დაძლიოს შიშები, ეჭვები თუ ნეგატიური მოლოდინები. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ აფირმაციები ტოქსიკური პოზიტიურობისგან განვასხვავოთ. ტოქსიკური პოზიტიურობის დროს ადამიანი სრულად უგულებელყოფს მის ცხოვრებაში მომხდარ ნეგატიურ მოვლენებს და თრგუნავს ემოციებს, აფირმაციები კი, პირიქით, შესაძლებელს ხდის აწმყოს ობიექტურ აღქმას, ნამდვილი ემოციების შეგრძნებას და სწორედ ამ რეალობაში გამოსავლის იმედის პოვნას. იუტას ჯანდაცვის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ადამიანის ფიქრებში იმედისა და ბედნიერებისთვის ყოველდღიურად ადგილის დათმობა ტვინში ემოციური და ფიზიკური კეთილდღეობისათვის საჭირო პროცესებს ააქტიურებს. 

აფირმაციები თავდაჯერებულობის მოპოვებაში გვეხმარება - საკუთარი თავისთვის ყოველდღე იმის შეხსენება, რომ სასურველები და ღირებულები ვართ, გრძელვადიან პერიოდში დიდ გავლენას ახდენს ჩვენ მიერ საკუთარი თავის აღქმაზე. სამწუხარო რეალობაა, რომ ადამიანების ნაწილს ირგვლივ მხარდამჭერი გარემოცვა არ ჰყავს, რომელიც ყოველდღიურად შეახსენებს მისი შესაძლებლობების, ღირებულებისა და სასურველობის შესახებ. ხშირად ისეც კი ხდება, რომ საზოგადოება გარკვეულ იარლიყებს გვანიჭებს და მოქმედების ჩარჩოებში გვაქცევს. სხვისმა ნათქვამმა ერთმა წინადადებამ, რომ რაღაც არ გამოგვდის, შეიძლება ჩვენი მოტივაცია და გეგმებიც კი შეცვალოს. პოზიტიური აფირმაციების როლი ამ დროს განსაკთრებით მნიშვნელოვანია - როცა ადამიანი საკუთარ შესაძლებლობებს თავს ყოველდღე ახსენებს, გარედან მოხვეულ შეფასებებს მასზე ზეგავლენის მოხდენა უჭირთ.

აფირმაციები სტრესთან გამკლავებაში გვეხმარება - მაშინ, როცა გვგონია, რომ ყველაფერი „თავზე გვექცევა“, აფირმაციები გარემოს მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების შენარჩუნებაში და მადლიერების გრძნობის გაღვივებაში გვეხმარება. 2016 წელს ჩატარებული კვლევის MRI (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის) მტკიცებულებები მოწმობს, რომ აფირმაციების შესრულების შედეგად ტვინის კონკრეტული უბნები აქტიურდება. კერძოდ, როდესაც ადამიანები თავს საკუთარ ღირებულებას პოზიტიურად ახსენებდნენ, აქტიურდებოდა ვენტრომედიალური პრეფრონტალური ქერქი, რომელიც პასუხისმგებელია გარემოს მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებასა და საკუთარ თავთან დაკავშირებული ინფორმაციის უკეთ აღქმაზე. 

პოზიტიურ აფირმაციას კოგნიტური დისონანსის დათრგუნვა შეუძლია - კოგნიტური დისონანსი თავს მაშინ იჩენს, როდესაც ადამიანის რწმენები და ქმედებები ერთმანეთისგან განსხვავდება. ხდება ისეც, რომ ადამიანს სხვა ცხოვრებისეული ღირებულებები აქვს, მაგრამ ყოველდღიური რუტინა და სამსახურებრივი მოვალეობები მას სხვაგვარ ქმედებებს კარნახობენ. პოზიტიურ აფირმაციებს ამ დროს გონებაში წარმოქმნილი ბუნდოვანების და ქაოსის „დალაგება“ შეუძლია. ყოველდღე საკუთარი თავისთვის შეხსენება, თუ რას ვიმსახურებთ და რატომ ვმუშაობთ/ვცხოვრობთ, უკეთეს თვითშეფასებასა და თვითგამორკვევაში გვეხმარება. 

გახსოვდეთ, რომ პოზიტიური აფირმაციები რეალობის მიღების, საკუთარი თავის გამხნევების და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და, იმავდროულად, ეფექტური სავარჯიშოა. მისთვის სისტემატურად დათმობილ 2-3 დღიურ წუთს თქვენთვის შინაგანი ძალის, სიმშვიდისა და თავდაჯერებულობის მოტანა/მომატება შეუძლია. 
 
 

გამოქვეყნების თარიღი: 10 მაისი, 2024წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები