ადამიანებთან კომუნიკაციისას, იქნება ეს სამსახურში, სახლში თუ მეგობრების წრეში, ჩვენი ურთიერთობების ხარისხის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი მოსმენის უნარია.
არსებობს მოსმენის ორი ფორმა და მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა - ერთია, როდესაც ვუსმენთ ადამიანს მხოლოდ იმისთვის, რომ ვუპასუხოთ, ხოლო მეორე, აქტიური მოსმენის მდგომარეობაა, როდესაც ვუსმენთ, რადგან გვინდა, რომ გავიგოთ. პირველ შემთხვევაში, ყურადღება საკუთარი თავისკენ გვაქვს მიმართული და ვფიქრობთ პასუხზე, ხოლო მეორე შემთხვევაში, მსმენელის და დამკვირვებლის როლში ვართ, ამ დროს კი, ჩვენი ყურადღება და ცნობისმოყვარეობა მეორე ადამიანისკენაა მიმართული.
ამ სტატიაში გაგიზიარებთ მარტივ რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ მოსმენის უნარის გამომუშავებასა თუ გაუმჯობესებაში.
მხოლოდ მოსმენაც საკმარისია - ხშირად, როდესაც რაიმეს გვიზიარებენ, ვფიქრობთ, რომ ჩვენგან პასუხად რჩევას ან პრობლემის გადაჭრის გზას ელიან, თუმცა ხანდახან, ადამიანებს უბრალოდ საუბარი და ემოციების გაზიარება სჭირდებათ და ჩვენი მხრიდან მათთვის დროისა და ყურადღების დათმობა, სავსებით საკმარისია ხოლმე.
დავაკვირდეთ სხეულის ენას - მოსმენის უნარის გაუმჯობესებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ხერხი ადამიანზე დაკვირვებაა. დავაკვირდეთ სიტყვებს, თხრობის მანერას, სახისა და სხეულის მოძრაობას, ხმის ტემბრს... არავერბალური ნიშნები ხშირად ბევრს გვეუბნება ადამიანის მდგომარეობის ან სათქმელის შესახებ.
ვკონცენტრირდეთ აწმყოზე - მნიშვნელოვანია, რომ მოსმენის პროცესში არ გადავიტანოთ მზერა და ყურადღება სხვა საგნებსა და მოვლენებზე. იმისათვის, რომ შევძლოთ მიმდინარე პროცესში მონათხრობზე კონცენტრაცია, მაქსიმალურად მოვერიდოთ გამაღიზიანებლებს, როგორიცაა ტელეფონზე მოსული შეტყობინება, ფონად ჩართული სიუჟეტი ან მუსიკა, თანამშრომლების საუბარი და სხვ.
დავაზუსტოთ მონათხრობი - აქტიური მოსმენის პროცესში, ჩვენი ინტერესის და ჩართულობის ერთ-ერთი გამოხატულება დამაზუსტებელი კითხვების დასმა ან უკვე ნათქვამის პერიფრაზირება იქნება, მაგალითად: „რას გულისხმობ ამაში?“ „როგორ იგრძენი ამ დროს თავი?“ „თუ სწორად გავიგე...“
შევეცადოთ ვიყოთ ნეიტრალურები - იმისათვის, რომ შევძლოთ მოსმენის უნარის განვითარება, მნიშვნელოვანია, რომ ვისწავლოთ ნეიტრალური პოზიციის და ემოციის შენარჩუნება. კარგი მსმენელის როლის გარდა, ახალი იდეებისა და გამოცდილებების მიღებასაც შევძლებთ მაშინ, როდესაც გვერდით გადავდებთ კრიტიკას, განსჯასა და ნებისმიერი სახის შეფასებას.
დავაბრუნოთ უკუკავშირი - დასასრულს, დავაკვირდეთ ჩვენში არსებულ ემოციებსა და შინაგან რესურსს. შეგვიძლია უკუკავშირის სახით მთხრობელს გავუზიაროთ თუ როგორ ვიგრძენით თავი მოსმენის პროცესში. ასევე, თუ ვგრძნობთ საჭიროებას და გაგვაჩნია ამის მენტალური, ემოციური, მატერიალური თუ ფიზიკური რესურსი, შეგვიძლია დავაზუსტოთ და შევთავაზოთ ჩვენი მხრიდან დახმარების გზა.
მოსმენის უნარის გაუმჯობესებით იცვლება ჩვენი ურთიერთობებიც, რადგან როდესაც სხვა ადამიანს ვუსმენთ, იმისათვის რომ გავუგოთ, ამით ასევე ვგულისხმობთ, რომ ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ღირებული და საინტერესოა. გვასხოვდეს, რომ ხანდახან, ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი, ადამიანებს მხოლოდ კარგი მსმენელი სჭირდებათ და ეს საკმარისია.