კარიერული განვითარება თანამედროვე ეპოქის ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური საზრუნავია. ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდა და სოციუმში ინტეგრირება კარიერული მდგომარეობიდან გამომდინარეობს და, გარკვეულწილად, განაპირობებს კიდეც მას.
კარიერული კიბე ყველასთვის ინდივიდუალურია და მასზე ასვლის სირთულე დიდწილად საწყის პოზიციაზეა დამოკიდებული - ვიწყებთ თუ არა 0-დან, გვაქვს თუ არა დანაზოგი თვითგანვითარებისთვის, გვყავს თუ არა გავლენიანი და ინფორმირებული საახლობლო წრე - ამ ყველაფერს ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, არსებობს ნაბიჯები, რომლებიც საერთოა ყველასთვის, ვისაც სასურველ სფეროში დასაქმება და შემდეგ ამ სფეროში ეფექტიანი მუშაობა სურს.
ამ სტატიაში გაგიზიარებთ ოთხ რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ფოკუსი და გადადგათ უფრო გააზრებული ნაბიჯები თქვენი სასურველი კარიერისკენ.
გამოარკვიეთ/გადააფასეთ საკუთარი ცხოვრებისეული ღირებულებები - სასურველ სფეროში სამსახურის დაწყება ადვილი არაა, თუმცა კიდევ უფრო რთული სასურველი სფეროს აღმოჩენაა. როცა უნივერსიტეტის არჩევაზე, ფაკულტეტის შეცვლაზე ან ახალ სამსახურში გადასვლაზე ვფიქრობთ, ხშირად შერჩევის მთავარი კრიტერიუმი ანაზღაურება ან პრესტიჟია. ორივე - ანაზღაურებაც და პრესტიჟიც - გარედან შემოტანილი და საზოგადოების მიერ თავს მოხვეული საზომია, რომლითაც ადამიანების დიდი ნაწილი საკუთარ წარმატებას განსაზღვრავს. თუმცა, პროფესიონალთა დაკვირვება და არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი საქმე გულწრფელად უყვართ და აინტერესებთ, გაცილებით პროდუქტიულად მუშაობენ და საქმესაც უკეთ ართმევენ თავს.
იმისათვის, რომ სასურველი სფერო და საქმიანობა აღმოაჩინოთ, ჯერ საკუთარი თავი და ღირებულებები კარგად უნდა გაიცნოთ. სამსახური, რომელიც თქვენს ცხოვრებისეულ ღირებულებებთან შეუსაბამობაშია, გრძელვადიან კმაყოფილებას ვერ მოგიტანთ, რაც ნეგატიურად აისახება თქვენს მოტივაციასა და ეფექტურად მუშაობის უნარზეც. საკუთარი ღირებულებების გასარკვევად/გადასაფასებლად შეგიძლიათ სხვადასხვა ცნობილი კითხვარები გამოიყენოთ.
გამოიკვლიეთ სფერო - ხშირად რეკლამების, ფილმებისა თუ სოციალური ქსელების გავლენით კონკრეტულ სფეროზე არასრული წარმოდგენა გვაქვს. კერძოდ, ვხედავთ როგორ ბედნიერად საქმიანობენ ადამიანები ერთ სფეროში, ან როგორ უჭირთ - მეორეში. არსებობენ ადამიანები, რომლებიც პროფესიას ცნობილი ფილმებიდან მიღებული ინსპირაციითაც კი ირჩევენ, თუმცა მოგვიანებით ხვდებიან, რომ სწავლისა და მუშაობის პროცესი კმაყოფილებას არ ანიჭებთ.
ასე რომ არ მოხდეს, სასურველი და აუცილებელიცაა, რომ კონკრეტული საქმიანობის არჩევამდე, კარგად გავარკვიოთ: რა განსხვავებული მიმართულებები შეიძლება ჰქონდეს ამ სფეროს, რა უნარების ფლობას მოითხოვს ჩვენგან, რას საქმიანობენ ამ სფეროს პროფესიონალები ყოველდღიურად, რა ხელსაწყოებს იყენებენ თავიანთ საქმიანობაში და ა.შ.
შეინარჩუნეთ ცნობისმოყვარეობა - სასურველ პოზიციაზე მოხვედრა მასზე ექსკლუზიურ გარანტიას არ ნიშნავს. იმისათვის, რომ საყვარელი საქმის კეთება მოსაწყენ რუტინაში არ გადაგეზარდოთ და, ამასთანავე, გარშემომყოფებისთვისაც სასურველ და ჩაუნაცვლებელ კადრად დარჩეთ, აუცილებელია მუდმივად იზრუნოთ თვითგანვითარებასა და თვითინფორმირებაზე. საბედნიეროდ, დღეს რთული არ არის, გავიგოთ რას აკეთებენ ჩვენი სფეროს წარმომადგენლები სამყაროს მეორე ბოლოში, გავეცნოთ ინოვაციებს, დავამყაროთ ურთიერთობა სფეროს პროფესიონალებთან, მივიღოთ მეტი პრაქტიკული გამოცდილება და ა.შ.
ამასთან, ცნობისმოყვარეობა ხელს გვიწყობს დავიბრუნოთ მოტივაცია მაშინაც კი, როდესაც საქმე მობეზრებული გვაქვს და სიახლეები გვჭირდება. ასევე, გვეხმარება გავაფართოვოთ თვალთახედვისა და გამოცდილების არეალი, რაც უფრო კომპეტენტურად წარმოგვაჩენს სასურველ პოზიციაზე აპლიკაციის გაგზავნისას.
შემოიკრიბეთ ირგვლივ “სწორი“ ადამიანები - განათლებასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის სანაცნობო წრე, რომელიც სასურველი კარიერისკენ სვლაში დაგეხმარებათ. დახმარებაში შეიძლება იგულისხმებოდეს როგორც ინფორმაციის მოწოდება ახალ ვაკანსიასთან დაკავშირებით, ისე - თქვენთვის რეკომენდაციის გაწევა.
დასაქმების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პლატფორმა LinkedIn-ზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ადამიანების 85% ახალ სამსახურს პირადი კავშირების დახმარებით იწყებს. ეს იმაზეც მიუთითებს, რომ შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს თუ როგორ წარმოდგენას დატოვებთ სფეროს პროფესიონალებზე უშუალოდ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას თუ პირად ურთიერთობებში, რადგან პოტენციური დამსაქმებელი, დიდი ალბათობით, თქვენს შესახებ კითხვებით ჯერ თქვენს სანაცნობო წრეს მიმართავს, და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას - აგიყვანოთ თუ არა სამსახურში.
ეცადეთ, რომ კარიერული განვითარების პროცესში მაქსიმალურად გამოიყენოთ 21-ე საუკუნის „სიკეთეები“. თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, ვიყოთ სრულად ინფორმირებულები, წავიკითხოთ ახალი კვლევები, გავიცნოთ პროფესიონალები და დავამყაროთ ღირებული კავშირები. დღეს საგანმანათლებლო რესურსებიც ბევრად ხელმისაწვდომია, რაც შეიძლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს მაშინ, თუ საკუთარი ღირებულებების გადაფასების პროცესში სფეროს შეცვლის და ახალი უნარების დაუფლების გადაწყვეტილებას მივიღებთ.