დავისახოთ მარტივი მიზნები
3 წუთიანი საკითხავი
დავისახოთ მარტივი მიზნები

 
მიზნების დასახვა მნიშვნელოვანია, რადგან როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი მიზნების ჩამოყალიბება გვიმცირებს გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებულ შფოთვას, გვაძლევს გეზს ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუ საით ჯობია მივმართოთ ჩვენი დრო და ენერგია, და გვეხმარება ჩვენი ცხოვრება ჩვენივე ღირებულებებთან თანხვედრაში იყოს. 

მაგრამ, დიდი მიზნების მიღწევა რთული და ხანგრძლივი პროცესია. მათ მისაღწევად მნიშვნელოვანია ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მიმართულებით საგულისხმო წინსვლა გვქონდეს, რისთვისაც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა პატარ-პატარა, მარტივი მიზნების დასახვა და მათი მიღწევაა. 

ამ სტატიაში გთავაზობთ კონკრეტული მარტივი მიზნების მაგალითებს, რომელთა მიღწევაც არც ისე რთული და გრძელვადიანია, ხოლო მათი შესრულება დაგვეხმარება ახალი და სასარგებლო ჩვევების გამომუშავებაში, რაც, იმავდროულად, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენი ცხოვრების ხარისხს.

 

მიზნები მენტალური და ემოციური კეთილდღეობისთვის

დავიწყებ მადლიერების დღიურის წარმოებას და ყოველ საღამოს მის შევსებას 10 წუთს დავუთმობ. ეს დამეხმარება გავაანალიზო განვლილი დღე და შევძლო რთული ემოციებისგან გათავისუფლება;

დავიწყებ მედიტაციას კვირაში 3 დღე, დილის საუზმის შემდეგ, რომ მეტად დავუახლოვდე ჩემ თავს;

2 კვირის განმავლობაში, საღამოს 10 საათზე გამოვრთავ/აღარ გამოვიყენებ ეკრანს (ტელეფონი, ტელევიზორი...), იმისთვის, რომ ტვინი ღამის ძილისთვის მოემზადოს;

შევარჩევ ფსიქოთერაპევტს და კვირაში ერთხელ ვივლი სესიაზე 3 თვის განმავლობაში, რომ უკეთ გავიცნო საკუთარი თავი;

თვეში ერთხელ დავესწრები რომელიმე შემოქმედებით ვორქშოპს ან სახლში ვცდი ახალ შემოქმედებით აქტივობას, რომ აღმოვაჩინო, რისი კეთება მსიამოვნებს (ძერწვა, ქარგვა, ხატვა, ფოტოგრაფია, თიხასთან მუშაობა, მებაღეობა ...).

 

მიზნები ფიზიკური კეთილდღეობისთვის

ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და შენარჩუნებისთვის, ერთი თვის განმავლობაში, ყოველდღე, სამსახურის შემდეგ, 30 წუთი ფეხით ვისეირნებ;

კვირაში ერთხელ, წინასწარ შერჩეული პროდუქტებით, სახლში მოვამზადებ სადილს, უკვე გამოცდილ ან ახალ რეცეპტს, რაც იქნება ერთდროულად სასარგებლო და სასიამოვნო;

ყოველ დილით გავიღვიძებ 15 წუთით ადრე და მოვიმზადებ საუზმეს, რაც დამანაყრებს და ენერგიით შემავსებს.

 

მიზნები სოციალური კეთილდღეობისთვის

კვირაში ერთხელ, პარასკევს ან შაბათს საღამოს, შევხვდები ჩემს მეგობარს/მეგობრებს და გავატარებ დროს მათთან ერთად;

კვირა დღეს, დავურეკავ ან მივწერ ჩემთვის საყვარელ და მნიშვნელოვან ადამიანს, რომელთანაც დიდი ხანია კონტაქტი არ მქონია;

თვეში ერთხელ დავჯავშნი მაგიდას და ვივახშმებ პარტნიორთან/მეუღლესთან ერთად;

თვეში ორჯერ ვნახავ ახალ სპექტაკლს/ფილმს/გამოფენას, რაც ასევე დამეხმარება ინტელექტუალურ განვითარებაში.

 

იზნები პროფესიული და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის

ყოველდღე, 15 წუთს დავუმთმობ და წავიკითხავ პროფესიულ ლიტერატურას (წიგნს/სტატიას/კვლევას);

კვირაში ერთხელ, სამსახურის შემდეგ, მოვუსმენ ახალ ლექციას/პოდკასტს ჩემი პროფესიული განვითარებისთვის;

გავაკეთებ ყულაბას და ყოველი კვირის ბოლო დღეს ჩავდებ/გადავრიცხავ 10 ლარს, რომ ჩემთვის სასურველი მიზნისთვის შევაგროვო თანხა.

 

მიზნები ინტელექტუალური და სულიერი კეთილდღეობისთვის

ყოველთვიური ხელფასიდან 20 ლარს გადავრიცხავ საქველმოქმედო ფონდში, იქნება ეს მოხუცთა თავშესაფარი, ბავშვთა სახლი თუ სხვა სოციალური სივრცე;

ავარჩევ და 30 დღის ვადაში დავხურავ მოკლევადიან ონლაინ კურსს, რაც დამეხმარება ახალი ცოდნის მიღებაში ან არსებულის განვითარებაში;

ყოველ ღამე, დაძინებამდე, წავიკითხავ მხატვრულ ლიტერატურას (3-5 გვრედს), რაც ძილის რუტინის გამომუშავებაშიც დამეხმარება და საბოლოოდ ახალ და საინტერესო ცოდნას მომცემს.

 

შესაძლოა, ჩვენი ოცნებები და მიზნები უფრო მასშტაბური და მნიშვნელოვანია, ვიდრე აქ ჩამოთვლილი პატარა ნაბიჯები, თუმცა ნებისმიერი დანიშნულების წერტილამდე ესა თუ ის გზა გვაქვს გასავლელი. ამ ნაბიჯებით შეგვიძლია როგორც ჩვენი ყოველდღიურობა, ასევე საბოლოო მიზნამდე მოგზაურობა, უფრო საინტერესო და სასიამოვნო გავხადოთ.

 

გამოქვეყნების თარიღი: 26 იანვარი, 2024წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები