ჩვენი უნიკალური ძლიერი მხარეები
3 წუთიანი საკითხავი
ჩვენი უნიკალური ძლიერი მხარეები

ყველამ ვიცით, რომ თითოეულ ადამიანს უნიკალური თითის ანაბეჭდი და გენეტიკური კოდი აქვს, თუმცა ხშირად გვავიწყდება, რომ ყოველი ჩვენგანის ხასიათის ძლიერი მხარეები, მათი თანმიმდევრობა და კომბინაციაც უნიკალურია.

 
ჩვენი პიროვნება ფიქრების, ემოციებისა და ქცევების ურთიერთკავშირისგან შედგება და ეს ერთობლიობა არ წარმოადგენს ფიქსირებულ მოცემულობას. მაშინ, როდესაც გვაქვს ცვლილებებისადმი ინტერესი და წინსვლის მოტივაცია, პიროვნული განვითარება და შინაგანი ზრდა არ სრულდება. პიროვნული მახასიათებლები და ძლიერი თუ სუსტი მხარეები ყოველთვის შეიძლება გადაიხედოს და სწორი მიდგომისა და გარკვეული ძალისხმევის შედეგად გარდაიქმნას.

სოციალური მეცნიერებებისა და პოზიტიური ფსიქოლოგიის მკვლევარებმა შეამჩნიეს, რომ ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, სპეციალისტების მხრიდან ძირითადი აქცენტი კეთდებოდა დეფიციტებზე და სისუსტეებზე, რომლებიც ხელს უშლიდა ადამიანს ფუნქციონირებასა თუ განვითარებაში.

რა არ მაქვს vs. რა მაქვს ?
სწორედ ამიტომ, მეცნიერებმა გადაწყვიტეს საპირისპირო მხრიდან შეეხედათ ამ საკითხისთვის და დაკვირვების შედეგად, ჩამოაყალიბეს 6 მთავარი პიროვნული ღირსება და ძლიერი თვისება, რომელთა შემჩნევასა და განვითარებას შესაძლოა ადამიანის კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის გადამწყვეტი როლი ჰქონდეს და მეტიც, ეს დადებითი ძლიერი მხარეები გვიცავს გარკვეული მენტალური თუ ფსიქოსომატური დაავადებებისგან.


პიროვნული ძლიერი მახასიათებლები (character strengths) მკვლევართა ჯგუფის მხრიდან გაერთიანდა 6 კატეგორიაში, რომელიც მოიცავს 24 თვისებას/უნარს.


სიბრძნე და ცოდნა - როდესაც შეგვიძლია ახალი ინფორმაციის მიღება, გაანალიზება და გამოყენება. ასევე - შემოქმედებითობა, ცნობისმოყვარეობა (ცხოვრების მიმართ), სწავლის და სიახლეების სიყვარული, ფართო ხედვის და აღქმის არეალი, ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენებში საზრისის პოვნა.


გამბედაობა - როდესაც გვაქვს საკმარისი ნებისყოფა იმისათვის, რომ წინააღმდეგობები ჩვენი ნებისყოფის და სიმტკიცის მეშვეობით გადავლახოთ. ამ კატეგორიაშია შემდეგი ძლიერი თვისებები: სიმამაცე, შეუპოვრობა, ენთუზიაზმი და ძლიერი მორალური პრინციპების ქონა.  


ჰუმანურობა - როდესაც შეგვიძლია სხვა ადამიანებზე ზრუნვა, გვყავს მეგობრები და ბევრს ვიღებთ და გავცემთ პირად ურთიერთობებში. ამ კატეგორიაში გაერთიანებულია კეთილშობილება, სოციალური ინტელექტი (ემპათია) და სიყვარულის უნარი.


სამართლიანობა - მეცნიერებმა ამ კატეგორიაში პიროვნების ჯგუფთან, საზოგადოებასთან დამოკიდებულება მოიაზრეს, რაც აერთიანებს შემდეგ ძლიერ მახასიათებლებს: როგორი მოქალაქეები ვართ? (სოციალური პასუხისმგებლობა, ლოიალურობა, ჯგუფთან მიკუთვნებულობა), ასევე ლიდერობა და თანასწორობა.


ზომიერება - ბალანსი, რომელიც ექსტრემალური და რადიკალური გადაწყვეტილებებისგან და, შესაბამისად, უსიამოვნებებისგან გვიცავს. ამ კატეგორიაში შემავალი ძლიერი მხარეებია მიმტევებლობა, თავმდაბლობა, წინდახედულობა და თვითკონტროლის უნარი.


ტრანსცენდენტულობა - როდესაც ყოფით მოვლენებს მიღმა შეგვიძლია აზროვნება და შეგრძნებების გაღვიძება. კავშირის დამყარება რაიმე უფრო მნიშვნელოვანთან და საზრიანთან, ვიდრე ჩვენი ყოველდღურობაა. ეს შეიძლება იყოს რომელიმე რელიგიური მიმდინარეობა, ღმერთი ან სამყარო. ამ კატეგორიის ძლიერი თვისებები და უნარებია სილამაზის აღქმა, მადლიერება, იმედი/ოპტიმიზმი, იუმორი და სულიერება (საზრისის არსებობა).


პიროვნული ძლიერი მხარეების აღმოჩენა და განვითარება გვეხმარება იმის გააზრებაში, თუ რა არის კარგად ჩვენ ცხოვრებაში, რა გვაქვს კარგი და საკმარისი, რით ვართ ღირებული და უნიკალურები, ნაცვლად იმაზე კონცენტრირებისა თუ რა გვაკლია, რა არ გამოგვდის, რა არ შეგვიძლია. მას შემდეგ კი, რაც ჩვენში ვიპოვით ამ დადებით და ძლიერ მახასიათებლებს, ჩვენ გარშემომყოფებშიც დავიწყებთ მათ შემჩნევას და დაფასებას.

გამოქვეყნების თარიღი: 25 აგვისტო, 2023წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები