თანამედროვე ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე, სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება დასვენებას, რადგან სამსახურითა და საშინაო საქმეებით დატვირთული კვირის შემდეგ, ჩვენი ემოციური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური კეთილდღეობისთვის განტვირთვა და ძალების აღდგენა აუცილებელია.
როდესაც ვახსენებთ დასვენებას, პირველი, რაც გაგვახსენდება, გამოძინებაა. მაგრამ ხდება ისეც, რომ სისტემატიურად 7-9 საათი ძილის შემდეგაც, თავს დასვენებულად და ენერგიულად არ ვგრძნობთ. ამ სტატიაში განტვირთვის სხვადასხვა ფორმებზე ვისაუბრებთ, რადგან პროდუქტიულობისა და მოტივაციის გასაზრდელად, კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად და თვითეფექტურობის განცდის გამოსამუშავებლად, მხოლოდ გამოძინება საკმარისი არ არის.
„გადაწვის სინდრომის“ თავიდან ასაცილებლად, ფხიზელ მდგომარეობაშიც შეგვიძლია ვისწავლოთ დასვენება, რადგან დღის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობებით თუნდაც ცოტა ხნით დასვენება, განსხვავდება ძილის მდგომარეობისგან და სხვა სარგებელი მოაქვს.
ექიმი-თერაპევტი დელტონ სმიტი, განტვირთვის 7 ფორმას გვთავაზობს:
1. ფიზიკური განტვირთვა
არაფრის კეთება უფრო ნაყოფიერია მაშინ, როდესაც დასვენებისთვის გამოყოფილ საათებსა თუ დღეებს წინასწარ დავგეგმავთ. შესაძლოა, ეს იყოს თვეში ან ორ კვირაში ერთი დღე, როდესაც ფიზიკური განტვირთვის გამოვყოფთ სრულ დღეს, დავისვენებთ სახლისა თუ სამსახურის საქმეებისგან. ფიზიკური განტვირთვის ფორმებია მასაჟი, იოგა ან მსუბუქი გაწელვები. ასევე ორგანიზმის დეტოქსი მავნე და მძიმე სასმელისა თუ საკვებისგან.
2. მენტალური განტვირთვა
ფსიქოლოგიური განტვირთვის საჭიროება დგება მაშინ, როდესაც ვხვდებით, რომ ჩვენი გონება გადაღლილია - ვერ ვახერხებთ სასურველ აქტივობაზე კონცენტრაციას, დღის განმავლობაში ჩვენს ფიქრებს მიაქვს იმხელა ენერგია, რომ მენტალური დაღლილობის განცდა ფიზიკური დაღლილობის ტოლფასია, ვერ ვახერხებთ სიმშვიდის მოპოვებას დასვენების დროს ან ძილის წინ, რადგან გონება კვლავ აქტიურია...
მენტალური განტვირთვისთვის შეგვიძლია ჩვენს დღის განრიგში მეტი შესვენება შემოვიტანოთ, თუნდაც 5 წუთიანი - ყოველი 25 წუთი მუშაობის შემდეგ, 5 წუთი დავისვენოთ. ასევე შეგვიძლია 15-20 წუთის განმავლობაში ჩვენი სამუშაო სივრცე ან საცხოვრებელი ოთახი დავალაგოთ, ამ დროს გონება საქმისგან მოწყდება და დალაგებას განტვირთვის ეფექტი ექნება. მენტალური განტვირთვის ფორმებია: ქაოტური და შემაწუხებელი ფიქრების ფურცელზე ჩამოწერა და, ამ გზით, გონების გამოთავისუფლება; ასევე, მედიტაცია, სხეულის სკანირება და სუნთქვითი ვარჯიშები.
3. სოციალური განტვირთვა
ხანდახან, გვიჭირს იმის გარჩევა, თუ რომელი სოციალური აქტივობა ან ურთიერთობა არის ჩვენთვის სარგებლის მომტანი, როდის ვივსებით დადებითი ენერგიით ან ინფორმაციით, ხოლო რომელი სოციალური თავშეყრის დროს ვიღლებით და ვიფიტებით. სანამ რომელიმე სოციალურ აქტივობაში მონაწილებაზე დათანხმდებით, დაფიქრდით, გინდათ თუ არა ნამდვილად დასწრება და მონაწილება.
ასევე, სოციალური კავშირების მხრივ, შეარჩიეთ და მეტი დრო გაატარეთ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებთანაც შეგიძლიათ ბუნებრივი/ნამდვილი თქვენი თავი იყოთ და არ მოგიწევთ ურთიერთობისას ბევრი ფიქრი. ამასთან ერთად, ყველანარი ვალდებულებებისა და გეგმის გარეშე, უბრალოდ ისიამოვნეთ საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის გატარებით.
4. სულიერი განტვირთვა
სულიერი განტვირთვის განსაზღვრა შედარებით რთულია, რადგან თითოეულ ადამიანს ინდივიდუალური შინაგანი ღირებულებები და მოთხოვნილებები აქვს. შინაგანი სისავსისთვის გვჭირდება იმის ცოდნა, რომ რასაც ვაკეთებთ, იმ საქმეს თუ მიზანს, რომელსაც ვემსახურებით - ღირებულია. ასევე, საჭიროა იმის გააზრება, რომ ჩვენს საყვარელ ადამიანებს ვუყვარვართ, რომ დიდ სამყაროში, თუნდაც ჩვენი პატარა მიზნებით, იდეებითა და რწმენებით, საკუთარი ადგილი გვაქვს, სამყაროს ნაწილი ვართ.
სულიერი განტვირთვის, პერიოდულად ჩვენი შინაგანი ღირებულებების გადახედვა და მათთან თანხვედრაში ყოფნა დაგვეხმარება. საყვარელი საქმის კეთება, მოხალისეობა, მადლიერების გამოხატვა (ან დაწერა), ლოცვა ან მედიტაცია - ყველა ეს აქტივობა ერთდროულად სულიერი განტვირთვის და შევსების შესაძლებლობას მოგვცემს.
5. ემოციური განტვირთვა
ემოციური გადაღლის ნიშნები შეიძლება იყოს საკუთარი თავის უგულებელყოფა, საკუთარი ემოციების იგნორირება და მუდმივად სხვების სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება, უარის თქმის სირთულე და ა.შ. ემოციური განტვირთვისთვის პირველ რიგში კავშირი უნდა დავამყაროთ ჩვენს ემოციებთან. დღის განმავლობაში უფრო ხშირად დაუსვით თქვენს თავს კითხვა - როგორ ვარ? ახლა რას ვგრძნობ? რამ გამოიწვია ჩემში ეს ემოცია?
ემოციურ განტვირთვაში დაგეხმარებათ ახლო და სანდო მეგობრისთვის ემოციების გულწრფელად გაზიარება, ხელოვნების მეშვეობით ემოციებისგან დაცლა, ფსიქოთერაპევთან კონსულტაცია ან დღიურის წარმოება და რთული ემოციების და ფიქრების ფურცელზე გადატანა.
6. სენსორული განტვირთვა
ბევრმა შესაძლოა არც იცოდეს რამხელა გავლენა აქვს სენსორულ სტიმულაციას ჩვენს ემოციებსა და ფიქრებზე. ჩვენში შემოსული ინფორმაციის სენსორული წყაროებია ყნოსვა, სმენა, მხედველობა, შეხება და გემო. სენსორული განტვირთვის ზედმეტი და უარყოფითი სტიმულაციის შემცირება დაგვეხმარება, მათ შორის:
- სოციალური ქსელების მოხმარების შემცირება, სადაც ბევრ ნეგატიურ ამბავს ვკითხულობთ,
- დამღლელი და ხმაურიანი სამუშაო დღის შუალედში მშვიდი ადგილის მოძებნა, თვალების დახუჭვა და დასვენება,
- საინფორმაციო გადაცემების იშვიათად მოსმენა,
- ბუნებაში ან ქალაქის ხმაურისგან მოშორებით გასვლა და სეირნობა,
- კომფორტული ტანისამოსის ტარება.
7. შემოქმედებითი განტვირთვა
შემოქმედებითი განტვირთვისთვის არ არის აუცილებელი რომ მღეროდეთ, ხატავდეთ ან წერდეთ, ნებისმიერი შემოქმედებითი აქტივობა, რომელიც აღვიძებს ჩვენში ცნობისმოყვარელობას და გვანიჭებს სიამოვნებას, საკმარისია უარყოფითი განცდებისგან გასათავისუფლებლად. ასევე, კრეატიული განტვირთვისთვის სხვისი შემოქმედების ნახვა და აღქმაც შეგვიძლია. შესაძლოა ეს იყოს გამოფენაზე, კონცერტზე, სპექტაკლსა თუ კინოჩვენებაზე დასწრება, საყვარელი მუსიკის მოსმენა, ახალი კერძის მომზადება და დაგემოვნება.
მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ დასვენება არ არის წელიწადში ერთხელ ქალაქგარეთ ან ქვეყნის საზღვრებს მიღმა წასვლა - განტვირთვა აუცილებელია ჩვენი შინაგანი სიმშვიდისა და კეთილდღეობისთვის. ამიტომ ჩამოთვლილი განტვირთვის სახეობებიდან მარტივი აქტივობების ამორჩევა და შესრულება ყოველდღიურად შეგვიძლია, რაც ჩვენს ზოგად კეთილდღეობაში დაგვეხმარება.