როგორ ვაქციოთ ვარჯიში ჩვევად
3 წუთიანი საკითხავი
როგორ ვაქციოთ ვარჯიში ჩვევად

ვარჯიშს უდავოდ უამრავი სარგებელის მოტანა შეუძლია. გაუმჯობესებული ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა, განწყობა, ძილი, თვითშეფასება, სხეულის ფორმები და მრავალი სხვა. სისტემატიური ვარჯიშით მომატებული ენერგია და ამაღლებული განწყობა, ყველაზე გადატვირთულ და გამოწვევებით სავსე დღეებთან გამკლავებაშიც დაგეხმარებათ. სწორედ ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო, ყველას უნდა ვარჯიში, თუმცა „ორშაბათიდან.“


გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ვარჯიშის დაწყებასა და მოტივაციის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.


გაიაზრეთ, რისთვის გჭირდებათ ვარჯიში -  სხვადასხვა ადამიანს შესაძლოა სხვადასხვა ძირითადი მოტივატორი ჰქონდეს ვარჯიშის დასაწყებად. დაფიქრდით იმაზე, თუ რა არის თქვენი მთავარი მიზანი, რისი მიღწევაც ვარჯიშით გსურთ. ხშირად შეახსენეთ საკუთარ თავს ეს მიზანი და რამდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენთვის.


გაიაზრეთ, რომ ვარჯიში გაბედნიერებთ - დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, თუ როგორ იმატებს თქვენს სხეულში  სასიცოცხლი ენერგია. თითქოს სტრესისთვის ადგილი არ რჩება, გგონიათ, რომ ყველაფერი გამოგივათ, თავს ბევრად ძლიერად და ლამაზად გრძნობთ. ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ ეიფორიასაც კი განიცდით. საქმე იმაშია, რომ ვარჯიშის შემდეგ სხეულში ჰორმონი ენდორფინი გამოიყოფა. რა უნდა იყოს ამაზე სასიამოვნო? 


გახადეთ ვარჯიში პრიორიტეტული და შეიმუშავეთ განრიგი - იმისთვის, რომ მიზნის მიღწევა შეძლოთ, აუცილებელია ეს მიზანი თქვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენდეს. ეს ეხება ვარჯიშსაც. თანამედროვე ცხოვრების სტილი საკმაოდ სწრაფი და დინამიურია. თუმცა, თუ ვარჯიშს პრიორიტეტულად მიიჩნევთ, აუცილებლად მოახერხებთ, რომ კვირაში მინიმუმ 3-ჯერ, 15-20 წუთით მაინც ივარჯიშოთ. მოკლე ვარჯიში ბევრად კარგია, ვიდრე ის, რომ საერთოდ არ ივარჯიშოთ. იმისათვის, რომ ვარჯიში არ ჩაგივარდეთ, აუცილებლად გამოყავით ვარჯიშისთვის განკუთვნილი კონკრეტული დღეები და დრო და არ გადაუხვიოთ ამ განრიგს. დარბაზში ვარჯიშის შემთხვევაში, ეს უფრო მარტივია. სახლში ვარჯიშის შემთხვევაში კი - მეტი ცდუნება არსებობს, რომ გადადოთ ვარჯიში და რამე სხვა საქმით დაკავდეთ. ამიტომ,  შეხედეთ ვარჯიშს არა როგორც ფუფუნებას ან დამატებით აქტივობას, არამედ როგორც ისეთივე აუცილებლობას, როგორიც არის, მაგალითად, კვება ან შხაპის მიღება. თუ თქვენ ჩათვალეთ, რომ ყველა სხვა საკითხი (მუშაობა, მეცადინეობა, სერიალის ყურება და ა.შ.) უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ვარჯიში, მაშინ ვარჯისთვის დროის გამონახვა ძალიან გაგიჭირდებათ, რადგან სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეების სია არასდროს ამოგეწურებათ. თუ გსურთ შედეგი მიიღოთ, ვარჯიში პრიორიტეტული უნდა გახადოთ.


დაისახეთ მიღწევადი მიზნები და იყავით თანმიმდევრული - ალბათ ყველას გქონიათ მომენტი, როდესაც ვარჯიშებს შორის  დიდხნიანი პაუზის, კარგი დასვენების, გემრიელი დესერტებისა და ცომეულის ჭამის შემდეგ, მომენტალურად გსურთ ფორმაში ჩადგომა. სწრაფად ფორმაში ჩადგომას კი ვერ ახერხებთ და იმედგაცრუებას გრძნობთ. იმედგაცრუება მოტივაციას გიკლავთ. ამიტომ, უმჯობესია დაისახოთ პატარ-პატარა, მიღწევადი მიზნები და თანმიმდევრულად მიჰყვეთ თქვენს რუტინას. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მიერ არჩეული სავარჯიშო პროგრამა აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს თქვენი ფიზიკური მომზადების დონეს. აირჩიეთ არა ის იდეალური და რთული სავარჯიშო რუტინა, რომელსაც გსურთ რომ მისდევდეთ, არამედ ის, რომელსაც შეგიძლიათ სტაბილურად, გამოფიტვის გარეშე მიჰყვეთ. ამ შემთხვევაში, შესაძლოა მეტი დრო დაგჭირდეთ, მაგრამ აუცილებლად მიიღებთ სასურველ შედეგს. 


გამოყავით ვარჯიშისთვის განკუთვნილი სივრცე - სახლში ვარჯიშის შემთხვევაში, აუცილებლად გამოყავით ერთი სპეციალური, თუნდაც პატარა, სივრცე, სადაც ივარჯიშებთ ხოლმე. შეინახეთ თქვენი მატი და სავარჯიშო აქსესუარები ერთსა და იმავე, თვალსაჩინო ადგილას. გარდა ვიზუალური შეხსენებისა, ზოგადად უმჯობესია ერთი და იგივე აქტივობით (ვარჯიში, მედიტაცია, ჭამა, ძილი თუ ნებისმიერი სხვა რამ) ყოველთვის ერთი და იგივე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას დაკავდეთ.  ამგვარად, ამ კონკრეტულ ადგილას იქმნება აურა, რომელშიც შესაბამისი აქტივობა უფრო ბუნებრივად და ძალდატანების გარეშე ხორციელდება.


აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო ვარჯიშის მიმდინარეობა - ზოგიერთ ადამიანს სულაც არ სიამოვნებს ფიტნეს დარბაზში სიარული და ეს მოსაწყენადაც კი ეჩვენება. თუმცა, ამან არ დაგაბრკოლოთ. თქვენი ვარჯიში შეიძლება იყოს ცურვა, კლდეზე ცოცვა, ცეკვა, პილატესი ან, უბრალოდ, ფეხით სიარული. სცადეთ სხვადასხვა მიმდინარეობა და აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ. 


მიმართეთ ვიზუალიზაციის ტექნიკას - მსოფლიოს წარმატებული ათლეტები ვიზუალიზაციის ტექნიკას ხშირად მიმართავენ. ისინი დეტალებში წარმოიდგენენ მათ მოსალოდნელ თამაშებს თუ შეჯიბრებს. ამ ტექნიკის გამოყენება მოტივაციის ამაღლებისთვის თქვენც შეგიძლიათ. დეტალებში წარმოიდგინეთ თქვენი წარმატებული ვარჯიში და მიღებული შედეგები. რაც უფრო ხშირად და რეალისტურად წარმოიდგენთ გარკვეულ მოვლენას, მით უფრო დიდია შანსი, რომ თქვენი წარმოდგენა მატერიალიზდეს. 


რომ შევაჯამოთ, აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო და თუნდაც ხანმოკლე სავარჯიშო რუტინა. ივარჯიშეთ სტაბილურად და თანმიმდევრულად. ხშირად იფიქრეთ თქვენს მიზანზე და მიმართეთ ვიზუალიზაციას. ამ გზით სასურველ შედეგს აუცილებლად მიაღწევთ. 

გამოქვეყნების თარიღი: 14 მარტი, 2023წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები