როგორ გავუმკლავდეთ ქრონიკულ უძილობას
3 წუთიანი საკითხავი
როგორ გავუმკლავდეთ ქრონიკულ უძილობას

ძილი ადამიანის ორგანიზმისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია. გამოძინება აუცილებელია იმისთვის, რომ ძალების აღდგენა შეძლოთ და თქვენმა ორგანიზმმა მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბიოლოგიური ფუნქციების შეუფერხებლად შესრულება მოახერხოს. 


ხშირი უძილობა უარყოფითად მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემაზე, არტერიულ წნევაზე, ჰორმონალურ ბალანსზე, მეტაბოლიზმზე, იმუნურ სისტემასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ამიტომ ძილის რეჟიმისთვის ყურადღების მიქცევა პრიორიტეტულია. ქრონიკული უძილობის ყველაზე ეფექტური წამალი კი  - გამოძინებაა. თუმცა, შეიძლება ცხოვრებაში ისეთი გარემოებები გქონდეთ, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოძინებას ვერ ახერხებდეთ. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ოჯახში პატარა ბავშვის შემოსვლა, სამსახური, რომელიც გვიანობამდე, ან ღამის საათებში მუშაობას ითვალისწინებს, და მრავალი სხვა. ამ შემთხვევაში, სასურველია თუნდაც პატარ-პატარა ნაბიჯებით, თქვენს ორგანიზმს უძილობასთან გამკლავებაში დაეხმაროთ. გიზიარებთ რამდენიმე რჩევას: 

 

დაიძინეთ დღის განმავლობაში - ხანდახან, შეიძლება იმდენად დაკავებული იყოთ, რომ როგორც კი თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ, ამჯობინოთ რომ ის საყვარელ საქმიანობას, მეგობრებთან კომუნიკაციას ან ნებისმიერ სხვა აქტივობას დაუთმოთ. თუმცა, ქრონიკული უძილობის დროს, თქვენი პრიორიტეტი დაძინება უნდა იყოს. ეცადეთ დღის განმავლობაში, თუნდაც 20 წუთით, ერთხელ მაინც დაიძინოთ. მართალია, ეს ღამის ძილს ვერ ჩაგინაცვლებთ, თუმცა დარჩენილი დღის განმავლობაში, თავს ბევრად ენერგიულად იგრძნობთ და განწყობაც აგიმაღლდებათ.  


კარგად ისაუზმეთ - უძილობასთან გამკლავებაში საუზმე ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ასეთ დროს საუზმის გამოტოვება არათუ არ განიხილება, არამედ უნდა ეცადოთ, რაც შეიძლება მდიდარი საუზმე მოიმზადოთ. მიაქციეთ ყურადღება, რომ თქვენი დილის საკვები იყოს დაბალანსებული და შეიცავდეს როგორც ცილებს, ისე - ჯანსაღ ცხიმებს და რთულ ნახშირწყლებს. ასეთ საუზმეს თქვენი გამოუძინებელი სხეულისთვის ისეთი ეფექტი ექნება, როგორც ერთგვარ საწვავს. 


მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალი - როდესაც გამოუძინებელი ხართ, დიდი ალბათობით ყავას და ძლიერ ჩაის მიეძალებით. გაითვალისწინეთ, რომ ყავა და ჩაი შარდმდენებია და შეუძლიათ მსუბუქი დეჰიდრატაცია გამოიწვიონ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ წყლის მარაგი შეივსოთ. იმისთვის, რომ წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ, შეგიძლიათ სამუშაო მაგიდასთან წყლით სავსე ბოთლი დაიდგათ. 


მეტი იმოძრავეთ - ინტენსიური ვარჯიში შეიძლება მეტისმეტი იყოს გამოუძინებელი და გამოფიტული სხეულისთვის. თუმცა, ნებისმიერი სახის მსუბუქი დატვირთვა, როგორიცაა ფეხით სიერნობა, მსუბუქი გაწელვები და ა.შ., უძილობასთან დაკავშირებულ სტრესთან გამკლავებასა და მარტივად დაძინებაში დაგეხმარებათ. 


მოერიდეთ ეკრანის გამოსხივებას - ძილის წინ მესიჯების წერა, სიახლეების კითხვა, ფილმების ყურება და ნებისმიერი გაჯეტის გამოყენება რეკომენდებული არ არის. ელექტრონული მოწყობილობის ეკრანის გამოსხივება ძალიან ცუდად მოქმედებს ძილის ხარისხზე. ამ მოწყობილობების გამოსხივება არღვევს ბიოლოგიურ რიტმს და სხეულს მშვიდად დაძინების საშუალებას არ აძლევს. 


შეიმუშავეთ დამამშვიდებელი ძილის წინა რუტინა - იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხარისხიანად გამოიძინოთ, იმ მოკლე დროში, რაც გაქვთ, შეგიძლიათ თქვენთვის იდეალური სარელაქსაციო ძილისწინა რიტუალი დანერგოთ. ასეთი რიტუალის მაგალითია: ძილის წინ შხაპის მიღება ნელ-თბილი წყლით. შხაპის მიღება მხოლოდ სხეულის გასუფთავებას არ ნიშნავს. მას შეიძლება შევხედოთ, როგორც წყლის ელემენტთან შეხებას და ერთგვარ წმენდას. შეგინიშნავთ, რომ ინტენსიური და დამღლელი დღის შემდეგ, შხაპის მიღება, თითქოს სტრესს ჩამოგრეცხავთ და გამშვიდებთ? ამის შემდეგ კი დაწექით და დაძინებამდე დააკვირდით საკუთარ სუნთქვას. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ მაქსიმალურად დამშვიდებულმა დაიძინოთ და თქვენი ძილიც უფრო ხარისხიანი იქნება.


სცადეთ მედიტაცია - მედიტაცია თქვენს სხეულს რელაქსაციაში და ენერგიის სწრაფ აღდგენაში დაეხმარება.


გახსოვდეთ, რომ უძილობასთან გამკლავება მართლაც დიდი გამოწვევაა. ასე რომ, არასდროს თქვათ უარი დახმარებაზე. მეტიც, თუ გარშემომყოფები ვერ ხვდებიან თქვენს მდგომარეობას, აუხსენით და თავად სთხოვეთ დახმარება. ეცადეთ თქვენი შესასრულებელი ამოცანების სხვებზე დელეგირება მოახდინოთ იმისთვის, რომ პერიოდულად მაინც მოახერხოთ დასვენება და გამოძინება. 

გამოქვეყნების თარიღი: 09 თებერვალი, 2023წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები