როგორ გავხდეთ უფრო გამბედავი?
3 წუთიანი საკითხავი
როგორ გავხდეთ უფრო გამბედავი?

გამბედაობა იმ ერთ-ერთ თვისებათაგანია, რომელიც კაცობრიობის განვითარების ყოველ ეტაპზე ადამიანებში განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევდა. ერთი შეხედვით, გამბედაობა და სიმამაცე, ჩვენში ფიზიკური სიძლიერის ასოციაციას იწვევს, თუმცა მისი ბაზისი და მთავარი განმაპირობებელი ადამიანის გონებრივი რესურსი და ემოციური მდგომარეობაა. 

გამბედაობას თითოეული ინდივიდისთვის განსხვავებული საზომი აქვს - ვიღაცისთვის ის ახალი ადამიანების გაცნობას უკავშირდება, ვიღაცისთვის კი - მხოლოდ მოგზაურობას. ამიტომ, ხშირად, ადამიანი მხოლოდ იმიტომ შეიძლება მივიჩნიოთ გამბედავად, რომ მას თუნდაც იმ ერთი რაღაცის გაკეთება შეუძლია, რაც ამ ეტაპზე ჩვენს ძალებს აღემატება. კარგი ამბავი ისაა, რომ გამბედაობის დონე ჩვენი ცხოვრების განმავლობაში უცვლელი არ არის და მისი გაუმჯობესება შესაძლებელია. 

ნორვეგიელი პოზიტიური ფსიქოლოგის და წიგნის „გამბედაობის კოეფიციენტი“ ავტორის რობერტ ბისვა-დინერის მიხედვით, „გამბედაობა არის ჩვევა, პრაქტიკის ნაყოფი და უნარი, რომლის გამომუშავებაც შესაძლებელია“. ამ სტატიაში სწორედ იმ რამდენიმე სავარჯიშოს გაგიზიარებთ, რომელიც გამბედაობის უნარის გამომუშავებასა და გაძლიერებაში დაგეხმარებათ. 

 

კარგად შეისწავლეთ ის, რაც გაშინებთ - გამბედაობა შიშის არარსებობა კი არა, მისი აღიარება და მასთან შესაბამისად გამკლავებაა. შიში ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა, რომელიც მას ცხოვრების ყველა ეტაპზე საფრთხისაგან თავის არიდებაში ეხმარებოდა. ამიტომ ის ფაქტი, რომ რაღაცის გვეშინია, ბუნებრივი და ნორმალურია. თუმცა, ხშირად ისე ხდება, რომ შიშს ჩვენში არა რაიმე კონკრეტული მოვლენა, არამედ გაურკვევლობა იწვევს. ნერვიულობა იმაზე, რომ რაღაც არ გამოგვივა, შეიძლება უბრალოდ არასაკმარისი ინფორმაციით იყოს გამოწვეული. ამიტომ პირველი ნაბიჯი, რაც გამბედაობაში შეიძლება დაგეხმაროთ, თქვენი შიშის მიზეზის კარგად შესწავლაა. მოძებნეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რაც გაღელვებთ, ჰკითხეთ სხვებს, გაიზიარეთ გამოცდილება - ეს, შესაძლოა, მნიშვნელოვნად დაგეხმაროთ ღელვის შემცირებასა და თავაჯერებულობაში. 

 

წარმოიდგინეთ ყველაზე ცუდი სცენარი - ალბათ, ერთხელ მაინც ყველას გვიკითხავს საკუთარი თავისთვის „რომ არ გამომივიდეს?!“ „რომ ვერ შევძლო?!“ სცადეთ, წარმოიდგინოთ, რა შეიძლება მოხდეს ყველაზე უარესი, რომ არ გამოგივიდეთ. ვთქვათ, იცით, რომ რამდენიმე დღეში თქვენთვის მნიშვნელოვანი აუდიტორიის წინაშე სიტყვით უნდა წარსდგეთ და ამის გამო ძალიან ღელავთ. დაფიქრდით, რა შეიძლება მოხდეს ყველაზე უარესი, თუ საჯარო გამოსვლის დროს ტექსტი დაგავიწყდებათ? ეს ტექნიკა, ერთი მხრივ, ტექსტის უკეთ სწავლისკენ გიბიძგებთ, მეორე მხრივ კი - პრობლემასთან გამკლავების მექანიზმების წინასწარ განსაზღვრაში გეხმარებათ  - რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ უკვე ბევრად თავდაჯერებული იქნებით და გამოსავლის მოძებნასა და შექმნილი ვითარებიდან თავის დაღწევას უფრო იოლად შეძლებთ. 

 

პერიოდულად სცადეთ იმის კეთება, რისი გამბედაობაც ფიქრობთ, რომ არ გყოფნით - მას შემდეგ, რაც თქვენი შიშის მიზეზს კარგად შეისწავლით და ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი მზად იქნებით, უკვე თავისუფლად შეგიძლიათ, ერთხელ მაინც სცადოთ ის, რისი გამბედაობაც მანამდე არ გქონდათ. შეიძლება, ამის კეთება თქვენთვის არც ისე სასიამოვნო აღმოჩნდეს და განმეორების სურვილიც არ გაგიჩნდეთ, მაგრამ გახსოვდეთ, ყოველი ჩვევის დანერგვას, ან ძველ უარყოფით ჩვევებთან გამკლავებას, სისტემატიური მუშაობა ესაჭიროება. ამ თვალსაზრისით, გამბედაობის დონე ჩვენში ისევე ვითარდება, როგორც ჩვენი ორგანიზმის კუნთები - ვარჯიშის დროს. ამიტომ ეცადეთ, კვირაში ერთხელ მაინც საკუთარ თავს უბიძგოთ, აკეთოთ ის, რისი გამბედაობაც გგონიათ, რომ ნაკლებად გაქვთ. 

 

მიმართეთ დამშვიდების ტექნიკებს - როცა მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა გიწევთ, მაგრამ თავს აღელვებულად გრძნობთ, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ეფექტური, რაც ამ დროს შეიძლება გააკეთოთ, სუნთქვითი ვარჯიშებია. ერთ-ერთი მათგანის ასეთია: შეისუნთქეთ 4 წამის განმავლობაში, დააყოვნეთ სუნთქვა 4 წამით, ამოისუნთქეთ 4 წამის განმავლობაში და მორიგ შესუნთქვამე ისევ 4 წამით დაყოვნით. გაიმეორეთ ეს სავარჯიშო მანამ, სანამ თავს შედარებით მშვიდად იგრძნობთ. 
ამას გარდა, გამბედაობისა და სიმამაცისათვის განსაკუთრებით მასტიმულირებელი შეიძლება აღმოჩნდეს მედიტაცია, რომელიც სტრესული ფიქრების თავიდან არიდებაში, დამშვიდებასა და თქვენთვის სასურველი შედეგის ვიზუალიზაციაში დაგეხმარებათ. ვიზუალიზაცია კი, თქვენი ჩანაფიქრის მისაღწევად თავდაჯერებულობისა და გამბედაობის დონის მომატების ერთ-ერთი წინაპირობაა. 

 

შეიქმენით სანდო გარემო და სანაცნობო წრე - ის, თუ რა მდგომარეობაში ვგრძნობთ თავს უსაფრთხოდ, როგორ აღვიქვამთ და ვუმკლავდებით „საშიშ“ მოვლენებს, სწორედ ჩვენი ბავშვობიდან და ოჯახური დამოკიდებულებებიდან იღებს სათავეს. ოჯახისგან განსხვავებით, ზრდასრულობის ასაკში, ჩვენი სოციუმის შესახებ გადაწყვეტილებებს თავადვე ვიღებთ. ამიტომ შეეცადეთ, გარემო ისეთი სანაცნობო წრით შემოიფარგლოთ, რომელთა იმედი მაშინაც გექნებათ, როცა ისინი ფიზიკურად თქვენს გვერდით არ არიან. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის გვერდზე გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს, რომ რაც უფრო შეკრული ჯგუფის წევრად გრძნობთ თავს, მით უფრო დიდია შანსი, დათრგუნოთ „დამკვირვებლის“ ეფექტი და კრიტიკულ ვითარებაში გაბედული, პოზიტიური ნაბიჯები გადადგათ.

 

იზეიმეთ თქვენი წარმატება - ხშირად, ჩვენ მეტ აქცენტს იმაზე ვაკეთებთ, რაც არ გამოგვივიდა და უმეტესწილად, ჩვეულებრივ მოვლენად ვიღებთ იმ ფაქტს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი შევძელით. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ განვიცდით თავდაჯერებულობისა და სიმამაცის დეფიციტს. მაგალითად, ჩვენ საკმარის დროს არ ვუთმობთ იმის აღიარებას, თუ რამდენად გაბედული ნაბიჯი იყო ჩვენგან უცხო ადამიანთან დიალოგი, მეგობრის დაცვა, უცხო ქვეყანაში წასვლა, საცხოვრებლად დამოუკიდებლად გადასვლა და ა.შ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ყოველდღიურ, პოზიტიურ და სასარგებლო გადაწყვეტილებებს ვაფასებდეთ, რადგან თუნდაც ეს პატარა ნაბიჯებიც კი, გრძელვადიან პერიოდში წვლილს შეიტანს ჩვენს გამბედობასა და თავდაჯერებულობაში.

 

გახსოვდეთ, გამბედაობის ჩვევების გამომუშავება ცხოვრების ყველა ეტაპზე შესაძლებელია. მთავარია, საკმარისი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს შიშებს, მათ გამომწვევ მიზეზებს და საკუთარი მიღწევების დაფასებასა და აღიარებას ყოველდღიურად ვეცადოთ.  

გამოქვეყნების თარიღი: 21 ნოემბერი, 2022წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები