სექტემბრიდან ახალი სეზონი და ახალი აკადემიური წელი იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველანი ჩვენს სასწავლო თუ სამუშაო რეჟიმს ვუბრუნდებით. გარდა ამისა, ახალი სეზონიდან განახლებული მოტივაცია გვაქვს, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი ყოველდღიურობა და მასში მეტი ჯანსაღი ჩვევა დავნერგოთ.
სწავლის და მუშაობის რეჟიმის დაბრუნების პარალელურად უფრო მეტი დროის გატარება გვიწევს სახლის გარეთ, შესაბამისად დიდია ცდუნება მუდმივად გარეთ ვიკვებოთ და რაციონი არც ისე ჯანსაღი პროდუქტებით გავამდიდროთ. თუ გსურთ თქვენი კვების რეჟიმი უფრო დაბალანსებული და ორგანიზებული გახადოთ, ამაში კვების გეგმის წინასწარ გაწერა, სადილის წინასწარ მომზადება და სამსახურში, თუ სკოლაში თან წაღება ნამდვილად დაგეხმარებთ.
წასაღები სადილი უნდა იყოს საჭმელად მოხერხებული, მარტივად ტრასპორტირებადი და არ უნდა შეიცავდეს მალფუჭებად პროდუქტებს. ასევე დაგვჭირდება კომფორტული ჭურჭელი თან სატარებლად, რომელიც ყოველდღიურად თქვენი საუკეთესო თანამგზავრი გახდება.
გთავაზობთ სამსახურში ან სკოლაში წასაღებად სადილის სამ იდეას, რომელსაც მარტივად და სწრაფად, წინასწარ მოამზადებთ სახლში და ორგანიზმს საჭირო ნუტრიენტებით მოამარაგებთ.
ქათმის ვრაპი/ხვეულა
ინგრედიენტები:
• 80 გ სალათის ფურცელი
• 50 გ პომიდორი
• ¼ ავოკადო
• 150 გ ქათმის ხორცი (მოხარშული)
• 70 გ (2ც) მრგვალი ფორმის ლავაში
მომზადების წესი:
ავოკადო დავჭყლიტოთ და შევურიოთ ლიმონის წვენი და მარილი. მიღებული მასა წავუსვათ ლავაშს და ზედ მოვათავსოთ დაჭრილი ინგრედიენტები: მოხარშული ქათმის ხორცი, სალათის ფურცლები და პომიდორი. გადავაახვიოთ და ჯანსაღი ლანჩი მზადაა. ტრანსპორტირებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ კონტეინერი ან ქაღალდის შეფუთვა.
ქინოას სალათი
ინგრედიენტები:
• ¾ ჭიქა მომზადებული ქინოა
• 50 გ მოხარშული ლობიო
• 1 ც საშუალო ზომის კიტრი
• 1 ც საშუალო ზომის წითელი ტკბილი წიწაკა
• ½ ჭიქა ჩერი პომიდორი
• 10 გ ოხრახუში
• 30 გ ყველი ფეტა
მომზადების წესი:
წინასწარ დავალბოთ და შემდეგ მოვხარშოთ ლობიო და ქინოა. ყველა ინგრედიენტი დავჭრათ და შევურიოთ ერთმანეთს. გემოვნებით დავუმატოთ მარილი (დამოკიდებულია ყველის მარილიანობაზე). წასაღებად შეგვიძლია მოვათავსოთ კონტეინერში.
ტუნას სენდვიჩი
ინგრედიენტები:
• 70 გ მთელ მარცვლოვანი პური (2 ნაჭერი) ან ბაგეტი
• ½ ტუნას კონსერვი
• ½ პატარა ზომის წითელი ხახვი
• 10 გ ნიახური
• 10 გ ოხრახუში
• 2 ც პატარა ზომის მჟავე კიტრი
• 1/3 ჩ.კ. დიჟონის მდოგვი
• 1ს.კ. არაჟანი
• 1ს.კ. ლიმონის წვენი
მომზადების წესი:
დავჭრათ ხახვი, ნიახური, ოხრახუში, მჟავე კიტრი, დავუმატოთ ტუნა და შევურიოთ ერთმანეთს. შემდეგ მოვამზადოთ და დავუმატოთ დრესინგი: არაჟანი, დიჟონის მდოგვი და ლიმონის წვენი. მიღებული მასა გადავიტანოთ გახუხულ პურზე და მოვამზადოთ სენდვიჩი. ტრანსპორტირებისთვის გამოდგება როგორც კონტეინერი, ასევე ქაღალდის შეფუთვა.
მსგავსი ტიპის სადილი სკოლაში თუ სამსახურში, მოგვამარაგებს საჭირო ენერგიით და დღის უფრო ნაყოფიერად წარმართვაში დაგვეხმარება. ამიტომ შეეცადეთ მათი მომზადებისთვის მცირე დრო გამოყოთ სახლში და სადილი წინასწარ გაიმზადოთ, რაც თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს ჯანსაღი ჩვევების დანერგვაში ძალიან დაგეხმარებათ.