სექტემბერი - რეჟიმში დაბრუნება
3 წუთიანი საკითხავი
სექტემბერი - რეჟიმში დაბრუნება

დასვენების აქტიური პერიოდი დასარულს მიუახლოვდა და ახალი სეზონი დაიწყო. ჩვენს ყოველდღიურობაში ეს გარდამავალი ფაზაა, რომელსაც რეჟიმში დაბრუნებას ვუწოდებთ. 

ეს პროცესი ინდივიდუალურია: ზოგისთვის კომფორტულ რეჟიმსა და მონატრებულ რუტინაში დაბრუნება სასიამოვნოა. მაგრამ ზოგისთვის პირიქით, ეს პერიოდი  საკმაოდ მტკივნეულია და სტრესის გამომწვევი მიზეზიც კი ხდება. ამ დროს უმნიშვნელოვანესია, მივცეთ დრო საკუთარ თავს რეჟიმში დასაბრუნებლად და ადაპტაციისთვის, რაც გულისხმობს ცვლილებების ნელ-ნელა შემოტანას. თუ ყველაფერს ერთ დღეში შევცვლით,  მაშინ ეს დიდი წნეხი იქნება, როგორც ჩვენი ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობითვის. დიდი შედეგი ხომ, როგორც წესი, პატარა, ყოველდღიური ნაბიჯებით მიიღწევა. 

ახალი სეზონი ხშირად სიახლეებს, ახალ მიზნებს და იდეებს უკავშირდება, ამიტომ ყოველდღიურობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ელემენტების შემოტანისთვისაც ეს ხელსაყრელი დროა. მთავარია რეალურად შევხედოთ მიზნებს და შესაბამისი სამოქმედო გეგმა შევადგინოთ. 

საიდან დავიწყოთ და რა შეიძლება იყოს, ეს პატარა ნაბიჯები ახალი და გაუმჯობესებული ცხოვრების წესისთვის? ეს რჩევები დაგეხმარებათ უმტკივნეულოთ დაუბრუნდეთ გაუმჯობესებულ რეჟიმს თქვენი ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობისთვის:

 

გეგმის შედგენა

თუ თქვენს რეჟიმს წინასწარ დაგეგმავთ, ჩათვალეთ, რომ საქმის ნახევარი უკვე შესრულებულია. თუ უქმე დღეებში  გამონახავთ თუნდაც ნახევარ საათს და მომავალ კვირას დაგეგმავთ,  ეს საკმაოდ ბევრ დროს დაგიზოგავთ და პროცესსაც გაგიმარტივებთ. ჩვენს ორგანიზმს ძალიან უყვარს, როდესაც წინასწარ იცის, თუ რა ელოდება დღის განმავლობაში. გეგმაში უნდა გაითვალისწინოთ მნიშვნელოვანი ღონისძიებები კვირის განმავლობაში, კვებისთვის გამოყოფილი დრო, ვარჯიში და სხვა აუცილებელი აქტივობები. უნდა ეცადოთ, რომ ჯანმრთელობისთვის ისეთ პრიორიტეტულ აქტივობებს, როგორიცაა, მაგალითად, ვარჯიში, სათანადო დრო დაუთმოთ. თუ კვების გეგმასაც წინასწარ გაწერთ და საყიდლებზე წასვლასაც მოახერხებთ, ეს ფინანსებსაც დაგიზოგავთ და თქვენი კვების რაციონის გაჯანსაღებაშიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. 

 

ძილი

ჩვენს დროში, სამწუხაროდ, ძილი ჯანსაღი რუტინის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ნაწილია. ძილის დროს ჩვენი ორგანიზმი რესურსებს აღადგენს. შესაბამისად, არასაკმარისი ძილი პროდუქტიულობის დაქვეითებას, განწყობის ცვლილებას და გაღიზიანებას იწვევს. მნიშნელოვანია დავიცვათ ძილის ჰიგიენა, რაც ერთსა და იმავე დროს დაძინებას და გაღვიძებას გულისხმობს. ამაში ძალიან გვეხმარება ძილის რიტუალის შექმნა, რაც შეიძლება იყოს ძილის წინ წიგნის კითხვა, მუსიკის მოსმენა და არა ეკრანის ყურება, რაც ჩაძინების პროცესს ართულებს. ზრდასრული ადამიანისთვის კრიტიკულად მნიშნელოვანია დღეში სულ ცოტა 7 საათი ხარისხიანი ძილი, რისთვისაც მნიშვნელოვანია კოფეინის შემცველი პროდუქტების შეზღუდვა 17:00 საათის შემდგომ.

 

კვება

ახალი სეზონიდან კვების გაუმჯობესება სურვილების სიაში ბევრ ჩვენგანს აქვს შეტანილი. თუმცა, მნიშვნელოვანია ჯანსაღ კვებაზე სწორი წარმოდგენა შევიქმნათ, რაც გამორიცხავს კატეგორიულ შეზღუდვებს და ნიშნავს სწორ ბალანსს. თუ თქვენთვის ეს მიზანი ახალია,  მაშინ დაიწყეთ პატარა სიახლეებით: შემოიტანეთ ბევრი ფერადი ბოსტნეული თქვენს რაციონში; ყურადღება დაუთმეთ და გაამდიდრეთ რაციონი ცილით მდიდარი საკვებით; არ თქვათ უარი ცხიმებზე და უპირატესობა მიანიჭეთ ჯანსაღ ცხიმებს, როგორიცაა უჯერი ცხიმები; და რაც მთავარია - მიიღეთ ბევრი წყალი.

 

ფიზიკური აქტივობა

ახალი სეზონიდან შეეცადეთ სხვა პერსპექტივით შეხედოთ ვარჯიშს ანუ მიზნად დაისახეთ ვარჯიში ჯანრთელობისთვის და არა წონის კორექციისთვის. ეს მეთოდი სრულიად შეცვლის თქვენს წარმოდგენას ფიზიკურ აქტივობაზე და ამ პროცესს ბევრად სასიამოვნოს გახდის. სცადეთ სხვადასხვა სახის ვარჯიშის კლასები - პილატესი, იოგა, ბოქსი, კროსფიტი და აღმოჩინეთ რომელია საუკეთესო თქვენთვის. თუ დარბაზში სიარულს ვერ ახერხებთ, ეს სულაც არ არის პრობლემა, შეგიძლიათ სახლში ივარჯიშოთ ან, უბრალოდ ფეხით ისეირნოთ. დატოვეთ მანქანა სახლში, ნუ გამოიყენებთ ტრანსპორტს და ისერინეთ ფეხით, რაც როგორც თქვენთვის, ასევე ჩვენი გარემოსთვისაც სასარგებლო იქნება.

გამოქვეყნების თარიღი: 13 სექტემბერი, 2022წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები